"8000-ზე მეტი ცარიელი კონვერტი "კარუსელის" პირდაპირი მტკიცებულებაა" - კვირის პალიტრა

"8000-ზე მეტი ცარიელი კონვერტი "კარუსელის" პირდაპირი მტკიცებულებაა"

,,სამართლიანი არჩევნების" რეპუტაცია, მიუხედავად ამ მძიმე შეცდომისა, შეუბღალავია. "ქართულმა ოცნებამ" უკანონო ფარული მიყურადებით, ან ზეწოლის შედეგად მოიპოვა ეს ინფორმაცია და იაფფასიან კომბინაციას სთავაზობდნენ ოპოზიციას, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

გიგა ბოკერიას თქმით, საარჩევნო ბიულეტენების დისბალანსი 1100 უბანზე დაფიქსირდა. აქედან 206 უბანზე იყო მეტი ბიულეტენი ვიდრე ხელმოწერა - ანუ ჩაყრა და 8000-ზე მეტი ცარიელი კონვერტი, რაც ხმების კონტროლის "კარუსელის" პირდაპირი მტკიცებულებაა.

"თვითონ ის, რომ ბატონმა კობახიძემ შესთავაზა ოპოზიციას ჩავხედოთ ,,სამართლიანი არჩევნების" პროტოკოლებსო და თუ იქ გაირკვა, რომ შეცდომაა და პარალელური დათვლის შედეგები ნამდვილ შედეგებს დაემთხვაო, თქვენ შემოდით პარლამენტშიო - ანუ ორსვლიან მახეს უგებდა ოპოზიციას. ლოგიკურია აქედან იმ დასკვნის გაკეთება, რომ მას წინასწარ ჰქონდა ინფორმაცია ამის თაობზე, რომ ტექნიკური შეცდომა იყო ალგორითმში. "სამართლიანი არჩევნების" რეპუტაცია მიუხედავად ამ მძიმე შეცდომისა შეუბღალავია. მათ ან უკანონო ფარული მიყურადებით ჰქონდათ, ან ზეწოლის შედეგად მოიპოვეს ეს ინფორმაცია და იაფფასიან კომბინაციას სთავაზობდნენ ოპოზიციას. ბატონმა კობახიძემ ბრძანა სულ რამდენიმე უბანში იყო დისბალანსიო, ამას გულისხმობს როდესაც უკვე გაასწორეს და "გარეცხეს" ყველაფერი. თავდაპირველად დისბალანსი იყო 1100 უბანზე. აქედან 206 უბანზე იყო მეტი ბიულეტენი ვიდრე ხელმოწერა, ანუ ჩაყრა და იყო 8000-ზე მეტი ცარიელი კონვერტი, რაც არის პირდაპირი მტკიცებულება ხმების კონტროლის, "კარუსელის", - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

ცნობისთვის, "სამართლიანი არჩევნები" (IშFED) 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგების დაზუსტებულ ინფორმაციას აქვეყნებს. მათი განმარტებით, გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, გასწორების შედეგად, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა და აღნიშნული სხვაობა გავლენას არ ახდენს არცერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე. "სამართლიანი არჩევნების" (IშFED) 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების დღის საბოლოო შედეგების დაზუსტებული ინფორმაციით, "ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს" ხმების 47.6% აქვს.

"ინტერპრესნიუსი"