"ლელოს" პოზიცია არ შეიცვლება, თუ რადიკალურად ახალი ხელშეკრულება და შეთანხმება არ მოხდა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის" - კვირის პალიტრა

"ლელოს" პოზიცია არ შეიცვლება, თუ რადიკალურად ახალი ხელშეკრულება და შეთანხმება არ მოხდა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის"

ელჩებს ვუთხარით, რომ თუ მხარეებს შორის შეთანხმება არ მოხდა, "ლელო" გააგრძელებს ბოიკოტის რეჟიმს, რომელიც დაწყებული გვაქვს და არანაირი კომპრომისი აქ არ იქნება, - ამის შესახებ "ლელო საქართველოსთვის“ თავმდჯომარემ მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

შეხევდრაზე, რომელიც საქართველოში ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში გაიმართა, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება განიხილეს.

მამუკა ხაზარაძის განმარტებით, ელჩები ინფორმირებული არიან, თუ რა ხდება არა მარტო მედიასივრცეში, არამედ სრულიად ქვეყანაში.

"შეხვედრა ეხებოდა იმ შექმნილ სიტუაციას, რა მდგომარეობაშიც დღეს იმყოფება ჩვენი ქვეყანა, კონკრეტულად ორი მხარე. ჩვენ ვისაუბრეთ "ლელოს" გეგმებზე, ძალიან მკაფიოდ ვუთხარით, რომ "ლელოს" პოზიცია არის მყარი, "ლელოს" პოზიცია არ შეიცვლება, თუ რადიკალურად ახალი ხელშეკრულება და შეთანხმება არ მოხდა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის.

ასევე, დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია, რომ არანაირად არ ვეთანხმებით იმ კამპანიას, იმ მიმართვებს, რომლებიც ელჩების წინააღმდეგ არის დაწყებული სხვადასხვა მედიასივრცეში და ინტერნეტში. ეს აზიანებს არამარტო პროცესს, რომელიც ჯერ კიდევ ძალიან მსხვრევადია, ასევე აზიანებს ჩვენს სტრატეგიულ ურთიერთობებს სტრატეგიულ პარტნიორებთან. ეს პოზიცია ძალიან ცხადად და მყარად დავაფიქსირეთ.

მინდა გითხრათ, რომ ელჩები არიან მყისიერად ინფორმირებული, ისევე, როგორც თითოეული ჩვენგანი, თუ რა ხდება არამარტო მედიასივრცეში, არამედ ისინი ჩართული არიან ამ პროცესში და, ბუნებრივია, არიან ინფორმირებული.

ჩვენი პოზიცია შემდეგია: ჩვენ დავაფიქსირეთ, რომ შესაძლებლობების ფანჯარა, სიების ჩახსნიდან, სადეპუტატო მანდატებზე უარის თქმამდე, არის ძალიან მოკლე და ძალიან ვიწრო. ეს არის მოლაპარაკების ბოლო შანსი. აქვე ვუთხარით, რომ თუ შეთანხმება არ მოხდა მხარეებს შორის, "ლელო" გააგრძელებს ბოიკოტის რეჟიმს, რომელიც დაწყებული გვაქვს და არანაირი კომპრომისი აქ არ იქნება.

კიდევ ერთხელ განვაცხადეთ, რომ არჩევნები გაყალბდა. დღეს ყველა მცდელობა, რომ შემოგვასაღონ, რომ თურმე ყველაფერი კანონიერი იყო, რაც უნდა ბრიფინგები მოეწყოს, ეს ჩვენზე ნაკლებად მოქმედებს, რადგან ჩვენ გვიჭირავს საკმაოდ სერიოზული არგუმენტები არჩევნების გაყალბებასთან და ხმების მიტაცებასთან დაკავშირებით", – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ

"ლელოს" თავმჯდომარემ იმასაც გაუსვა, ხაზი, რომ ელჩებთან შეხვედრის დროს, მისი პარტიის წარმომადგენლებმა არჩევნების გაყალბებისა და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ ისაუბრეს.

"მათ იციან, რომ არჩევნები გაყალბდა და ჩვენ გვაქვს მკვეთრი პოზიცია, რატომ არ შევდივართ პარლამენტში. არ დავუშვებთ "შემოგვასაღონ" ის განცხადებები, რომ თურმე ყველაფერი კანონიერი იყო. არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, ჩვენ ხელში გვიჭირავს სერიოზული ფაქტები, რომლებიც ამტკიცებს, რომ ხმები გაყალბებულია,"- აცხადებს ხაზარაძე.

აღნიშნულ ინფორმაციას "ლელო საქართველოსთის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

"ინტერპრესნიუსი"