"ვინც კი ნევროლოგი, პედიატრი გაგვიგია, ყველამ იცის სანის შესახებ" - რა პრობლემა აქვს ვახო სანაიას და თამუნა ყურაშვილის პატარას? - კვირის პალიტრა

"ვინც კი ნევროლოგი, პედიატრი გაგვიგია, ყველამ იცის სანის შესახებ" - რა პრობლემა აქვს ვახო სანაიას და თამუნა ყურაშვილის პატარას?

ვახო სანაიამ და თამუნა ყურაშვილმა ცხოვრება ერთმანეთს რამდენიმე წლის წინ დაუკავშირეს. ვახო ჟურნალისტია, თამუნა - ექიმი. ორივეს ჰყავს შვილები წინა ქორწინებიდან, ვახოს - 3 გოგონა, თამუნას კი - 2. ერთი წლის წინ წყვილს ვაჟი შეეძენა, სანი, რომელმაც ყველას ცხოვრება შეცვალა. როგორც თავად ამბობენ ხოლმე, ეს გახლავთ ბავშვი, რომელსაც ამ ასაკში უკვე თავისი კონსტიტუცია აქვს, დედას ცოტას ანერვიულებს, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, ჯანმრთელი ბიჭია. რა პრობლემები აწუხებს ჟურნალისტისა და ექიმის შვილს, რატომ იყვნენ მისი კვლევებისა და ჯანმრთელობის საკითხებში ჩართული ქართველი და უცხოელი ექიმები და რა გაირკვა კონსილიუმების შემდეგ, ამის თაობაზე თამუნა mshoblebi.ge-ს გულწრფელად ესაუბრა.

- სანი ჩემი მესამე შვილია. იდეალური ორსულობა მქონდა. ახალგაზრდა მშობიარედ არ ვითვლებოდი, რადგან 39 წლის ვიყავი, როცა სანი გაავაჩინე. მოგეხსენებათ, 28 წლის შემდეგ ქალი ხანდაზმულად ითვლება მშობიარობისთვის. საკეისრო ყოველგვარი გართულების გარშე წარიმართა, იყო პლაცენტის აშრევების საშიშროება, არ გავრისკეთ და საკეისრო 38-ე კვირაზე გამიკეთეს.

- ბავშვი რა წონის დაიბადა?

- 2,600, რაც ჩემთვის უჩვეულო იყო, რადგან ექოსკოპიაზე ბევრად დიდ წონას მეუბნებოდნენ. გარდა ამისა, ჩემი პირველი შვილი დაიბადა 4,200 კგ, მეორე - 3,800 (იღიმის). თანამედროვე გაიდლაინებით 2,600 ნორმად ითვლება, 2,400-ის ქვემოთ უკვე მცირეწონიანია. სამწუხაროდ, არც ერთ შვილზე არ ვიყავი უხვრძიანი დედა და სანის შემთხვევაშიც სამშობიაროშივე მოგვიწია დამატების მიცემა. ვიცი,

რომ ბუნებრივი კვება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ყოველთვის ისე არ გამოდის, როგორც გვინდა. 2 თვე ბავშვს სტანდარტების მიხედვით ვკვებავდით და არანაირ პრობლემას არ შევუწუხებივართ, ჰქონდა კარგი კი არა, ზედმეტი მატებაც კი. ღამე კარგად ეძინა და მე თუ არ გავაღვიძებდი, რომ ეჭამა, თვითონ არ იღვიძებდა. 2 თვის შემდეგ უკლო ჭამას, 90 გრამის ნაცვლად - 60 გრამს ჭამდა, მივიყვანე ექიმთან და აღმოჩნდა, რომ თუ აქამდე დღეში 40 გრამს იმატებდა, ახლა მატება მხოლოდ 15 გრამი იყო. მიზეზი საკვების სიმცირე გახლდათ, არ ჭამდა მისთვის განკუთვნილ ულუფას. ნევროლოგიურად ყველაფერი წესრიგში ჰქონდა. დავიწყეთ კვლევა. პირველი იყო ახალშობილთა სკრინინგი მეტაბოლურ დარღვევაზე, ანალიზები გერმანიაში გავგზავნეთ, შემდეგ გამოვიკვლიეთ კალიუმი, მაგნიუმი და ზოგადად, ყველაფერი, რაც შეიძლება მიზეზი გამხდარიყო სანის უმადობის. პასუხები ყველაფერზე დადებითი მოგვივიდა, ანუ ყველაფერი მწყობრში იყო. ვცადეთ სხვადასხვა კალორიული კვება, არც ერთის გემო არ მოსწონდა, არ ჭამდა, ამიტომ სადიაგნოსტიკოდ დავწექით საავადმყოფოში, რომ ზონდით მიგვეცა მაღალკალორიული, სპეციალური კვება, რომლის 1 გრამში 1 კალორიაა. ეს გავაკეთეთ იმიტომ, რომ დაგვედგინა, მეტი კალორიის მიღება იქონიებდა თუ არა გავლენას ბავშვის წონაზე. საბოლოოდ გამოირკვა, რომ მაღალი კალორაჟის საკვების მიღებისას, მატება ჰქონდა, ანუ პრობლემა კალორაჟის ნაკლებობა იყო. 5 თვის რომ გახდა, დავუწყე ზოგადი მასაჟი, მშობლები რომ ვუკეთებთ შვილებს ზოგადი განვითარებისთვის, ამ მასაჟს ვგულისხმობ, რის შემდეგაც ბავშვი წავიდა კლებაში. აქამდე თუ ცოტას იმატებდა, მერე კლებაში წავიდა. მინუს კილოგრამებზე რომ წავედით, უკვე ძალიან შემეშინდა.

- როცა დამატებითი კვება ჩაერთო ფაფები, ხილი, ბოსტნეული არ შეიცვალა სიტუაცია, არ მოუმატა სანიმ ჭამას?

- იმის გამო, რომ კოვზით უფრო მარტივია ბავშვს აჭამო საკვები შენთვის სასურველი რაოდენობით, დამატებითი კვება 4 თვიდან დავიწყეთ. ჯერ ფაფები მივეცი, რადგან უფრო კალორიულია, ვიდრე ბოსტნეული, შემდეგ - ბოსტნეული, ხილი. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იმატებდა ხან ცოტას, ხან ოდნავ მეტს, მაგრამ ეს არ იყო ნორმა. ზოგადად, ჭამის პროცესი არ მოსწონდა. პირველად მქონდა ასეთ შემთხვევასთან საქმე და ახლა ვხვდები, რა რთულია უჭმელი ბავშვი მშობლისთვის. არც პირველ და არც მეორე შვილთან მსგავსი პრობლემები არ მქონია. ემოციურად ეს ძალიან რთულია, რამდენჯერ მიტირია იმის გამო, რომ საჭმელს არ ჭამდა. მყავდა ნევროლოგთან, ყველაფერი წესრიგში ჰქონდა, თავის ზომა, სიმაღლე თუ სხვა მაჩვენებლები, ასევე განვითარებითაც ასაკის შესაბამისი იყო, მეტიც, უსწრებდა ხოლმე. ერთადერთი კუნთების მასა აკლდა და ჰქონდა ტონუსის პრობლემა, ეს კი წონის სიმცირისგან გამომდინარეობდა. იხილეთ სრულად