რას ამბობს ხატია დეკანოიძე პარტიიდან გრიგოლ ვაშაძის წასვლაზე - კვირის პალიტრა

რას ამბობს ხატია დეკანოიძე პარტიიდან გრიგოლ ვაშაძის წასვლაზე

ვწუხვარ, რომ ბოლომდე პოზიციების დაახლოება ვერ მოხერხდა პარტიასა და თავმჯდომარეს შორის, - ასე გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე პარტიის თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძის პარტიიდან წასვლას. დეკანოიძე ვაშაძეს მადლობას უხდის და აღნიშნავს, რომ ის პარტიასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე იბრძოდა.

"პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო გრიგოლ ვაშაძეს. ის ურთულეს წლებში შემოგვიერთდა და ჩვენთან ერთად ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე იბრძოდა. ვწუხვარ, რომ ბოლომდე პოზიციების დაახლოება ვერ მოხერხდა პარტიასა და თავმჯდომარეს შორის. თუმცა ცვლილებები ხდება და ყველაფერს ადამიანურად, ცივილიზებულ ფარგლებში უნდა შევხედოთ - დაუღალავი, უკომპრომისო ბრძოლის და უკეთესი ცვლილებების ფონზე. დარწმუნებული ვარ, საქართველოს მომავალი ზუსტად ასევე ესახება ბატონ გრიგოლს, სადაც არ უნდა იყოს მომავალში. სხვა დეტალებში ჩაღრმავებას ნამდვილად არ ვაპირებ",- წერს დეკანოიძე.

ცნობისთვის, გრიგოლ ვაშაძე "ნაციონალურ მოძრაობას" ტოვებს. ამის შესახებ მან "ფეისბუქის" გვერდზე დაწერა. გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ არ ეთანხმება პარტიის ხელმძღვანელობის უმრავლესობის მიერ პარტიის წევრებთან კონსულტაციების გარეშე არჩეულ ტაქტიკას. ვაშაძის თქმით, ის ასევე ვერ შეეგუება იმას, რომ პარტიის გარშემო და მის შიგნითაც გამოჩნდენ ოდიოზური ფიგურები. გრიგოლ ვაშაძე ასევე აღშფოთებას გამოთქვამს სტრატეგიული მოკავშირეების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ "გაჩაღებული თავდასხმებისა და შეურაცხყოფის კამპანიის" გამო.

"ინტერპრესნიუსი"