"გადაწყვიტა ხომალდი, რომელიც იძირება, დროზე ადრე დატოვოს" - რა გამოხმაურებები მოჰყვა გრიგოლ ვაშაძის წასვლას მის გუნდსა და მმართველ პარტიაში - კვირის პალიტრა

"გადაწყვიტა ხომალდი, რომელიც იძირება, დროზე ადრე დატოვოს" - რა გამოხმაურებები მოჰყვა გრიგოლ ვაშაძის წასვლას მის გუნდსა და მმართველ პარტიაში

გრიგოლ ვაშაძის გადაწყვეტილებას - "ნაციონალური მოძრაობის" დატოვების თაობაზე, მისი თანაგუნდელები და მმართველი პარტიის წარმომადგენლები ეხმაურებიან:

"ვფიქრობ, გრიგოლ ვაშაძე დიდი დანაკლისია "ნაციონალური მოძრაობისთვის", თუმცა მესმის მისი გადაწყვეტილების და წარმატებებს ვუსურვებ მას",- ასე გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი გრიგოლ ვაშაძის წასვლას.

როგორც ის აცხადებს, პარტიისთვის კარგი იქნება, თუ გრიგოლ ვაშაძის წასვლა სამომავლო სატრატეგიის მიმართულებით აზრიან მსჯელობას შეუწყობს ხელს.

"ცხადია, ნებისმიერ პარტიას და "ნაციონალური მოძრაობა" არ არის გამონაკლისი, არჩევნების შემდეგ უწევს მსჯელობა სამომავლო სტრატეგიაზე. თუ ბატონი გრიგოლის გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ამ მიმართულებით უფრო აზრიანი მსჯელობის განვითარებას, კარგი იქნება პარტიისთვისაც და მათთვისაც, ვისაც ეს პარტია ეიმედება",- წერს სამადაშვილი "ფეისბუქში".

რომან გოცირიძე კი ვაშაძეს "ქვეყნისათვის გაწეული სამსახურისათვის" მადლობას უხდის: "პარტიიდან მისი წასვლა ბევრისთვის მოულოდნელი იყო, ბევრისთვის არა. შეიძლება ზოგს არ მოეწონა ამ გადაწყვეტილების დრო, ზოგს - ფორმა. არ არის ადვილი მიიღო ყველასათვის მოსაწონი გადაწყვეტილება, მით უმეტეს, პოლიტიკაში. გრიგოლ ვაშაძე რთულ პერიოდში მოვიდა "ნაციონალურ მოძრაობაში". შემოიტანა ის, რის დეფიციტსაც მაშინ პარტია განიცდიდა. მისმა გამოცდილებამ და პირადმა თვისებებმა პარტიას შემატა საერთაშორისო იმიჯი და შიდა სტაბილურობა. საპრეზიდენტო არჩევნებში პარტიის მიერ ნაჩვენებ ბრწყინვალე შედეგში დიდი იყო გრიგოლ ვაშაძის პირადი წვლილი. ბატონმა გრიგოლმა პარტიაში მოიტანა ბევრი რამ და არ წაუღია არაფერი. არც ყოფილა ეს მისი მიზანი. კიდევ სამი წელი დადო ქვეყნის დემოკრატიული მშენებლობის საქმეში", - წერს გოცირიძე.

შეგახსენებთ, რომ გრიგოლ ვაშაძემ "ნაციონალური მოძრაობის" დატოვების თაობაზე "ფეისბუკის" პირად გვერდზე დაწერა.

მან განაცხადა, რომ არ ეთანხმება პარტიის ხელმძღვანელობის უმრავლესობის მიერ პარტიის წევრებთან კონსულტაციების გარეშე არჩეულ ტაქტიკას. ვაშაძის თქმით, ის ასევე ვერ შეეგუება იმას, რომ პარტიის გარშემო და მის შიგნითაც გამოჩნდენ ოდიოზური ფიგურები. გრიგოლ ვაშაძე ასევე აღშფოთებას გამოთქვამს სტრატეგიული მოკავშირეების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ "გაჩაღებული თავდასხმებისა და შეურაცხყოფის კამპანიის" გამო.

"პოლიტიკური პარტიაც არის ცოცხალი ორგანიზმი, ვიღაც შემოვა და ვიღაც გავა,- ასე გამოეხმაურა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის გადაწყვეტილებას "გაერთიანებული ოპოზიციის" წევრი მურმან დუმბაძე.

როგორც მან "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, გრიგოლ ვაშაძე ძლიერი დიპლომატი და პოლიტიკოსია.

"მინდა მადლობა გადავუხადო გრიგოლ ვაშაძეს, რაც მან 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე გააკეთა, მან თითქმის მილიონამდე ხმა მიიღო", - აღნიშნა მურმან დუმბაძემ.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ელგუჯა ბაგრატიონის თქმით კი, გრიგოლ ვაშაძის გადაწყვეტილება პარტიაში სოციალური ქსელით გაიგეს.

"სამწუხაროა ეს გადაწყვეტილება ჩვენთვის. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ნახევარ მილიონზე მეტი ამომრჩეველია და არა ერთი რომელიმე კონკრეტული პიროვნება",- განაცხადა ბაგრატიონმა.

მმართველი გუნდის წევრი - კახა კუჭავა "ნაციონალური მოძრაობიდან" გრიგოლ ვაშაძის წასვლის საკითხს ასე აფასებს:

"გრიგოლ ვაშაძემ დღევანდელი განცხადებით დაადასტურა ის, რასაც ჩვენ დიდი ხანია "ნაციონალურ მოძრაობაზე" ვსაუბრობთ. მათ, არათუ სტრატეგია არ გააჩნიათ, რეალურად ერთ-ერთ ყველაზე დიდ ანტიდასავლურ ძალად ყალიბდებიან".

როგორც კახა კუჭავამ ჟურნალისტებს განუცხადა, გრიგოლ ვაშაძის კომენტარი, რომ ის ვერ ეგუება საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების მიმართ გამოთქმულ შეტევებს და ლანძღვა-გინებას, მისაღები უნდა იყოს ყველა იმ ქართველისთვის ვინც თვლის, რომ ამ ქვეყანას არ აქვს სხვა გზა, თუ არა დასავლეთისკენ სწრაფვა.

"მან ეს ვერ დაინახა იმ პარტიაში, რომელსაც თავი ყოველთვის მოჰქონდა პროდასავლურ და პროევროპულ ძალად. ამ ბოლო პერიოდში რეალურად ძალიან კარგად მოხდა მათი ლუსტრაცია, რომ წარმოადგენენ ძალიან ძლიერ ანტიდასავლურ ძალას. ვნახოთ, მოვლენები როგორ განვითარდება. დანარჩენ დეტალებზე ალბათ თვითონ ისაუბრებს", - განაცხადა კუჭავამ.

რაც შეეხება ზოგადად, "ნაციონალური მოძრაობის" პერსპექტივას, კახა კუჭავას მოსაზრებით, " ნაციონალურ მოძრაობას" ამ ქვეყანაში პერსპექტივა დიდი ხანია არ აქვს.

"ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა არჩევნების შედეგად, არჩევნების შემდეგ კი კიდევ უფრო, როდესაც მათ თავიანთი რადიკალური ქმედებებით ხაზი გადაუსვეს ყველანაირ მომავალს, რომელიც მათ შეიძლება საქართველოში ჰქონდეთ. რაც შეეხება ვაშაძეს, არ ვიცი, ალბათ გამოვა და თავის გეგმებზე თვითონ ისაუბრებს. მე არ ვიცი, მას რა მომავალი შეიძლება ჰქონდეს" , - განაცხადა კახა კუჭავამ.

"ქართული ოცნების" წევრის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, გრიგოლ ვაშაძე ოპოზიციურ სპექტრში ყველაზე გამოცდილი დიპლომატია და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ხომალდი, რომელიც იძირება, დროზე ადრე დატოვოს. ამის შესახებ სამხარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ვაშაძის განცხადება ნათელყოფს, რომ ოპოზიციაში განხეთქილება და შიდა დაძაბულობაა.

"ბატონი ვაშაძის განცხადება ცხადყოფს, რომ ოპოზიციაში განხეთქილება და შიდა დაძაბულობაა. მიუხედავად იმისა, რომ ბატონი ვაშაძე ჩვენი ოპონენტია, ის გამოცდილი დიპლომატი და პოლიტიკოსია. შესაბამისად, ძალიან კარგად ხვდება, რომ თავდასხმები, ისტერია, მართლაც ანტიდასავლურია. ესაა ჩიხი, გზა არსად. შესაბამისად, ბატონმა ვაშაძემ, რომელიც ყველაზე გამოცდილი დიპლომატია ოპოზიციურ სპექტრში, გადაწყვიტა, რომ ის ხომალდი, რომელიც იძირება, დროზე ადრე დატოვოს", - განცხადა სამხარაძემ.

მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით