რას აცხადებენ "ნაციონალურ მოძრაობაში" გრიგოლ ვაშაძის გადაწყვეტილებაზე - პარტიის ოფისში ბრიფინგი გაიმართა - კვირის პალიტრა

რას აცხადებენ "ნაციონალურ მოძრაობაში" გრიგოლ ვაშაძის გადაწყვეტილებაზე - პარტიის ოფისში ბრიფინგი გაიმართა

პარტია "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა.

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, გრიგოლ ვაშაძის პარტიიდან წასვლა და მისი განცხადების ფორმა "მოულოდნელი და აუხსნელი" იყო. როგორც წიკლაურმა ბრიფინგზე განაცხადა, უმჯობესი იქნებოდა, პარტიის ლიდერები ვაშაძის წასვლის თაობაზე უფრო ინფორმირებულები ყოფილიყვნენ. რაც შეეხება მიზეზს, თუ რატომ დატოვა ვაშაძემ "ნაციონალოური მოძრაობა", წიკლაური ამბობს, რომ გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა, მათ შორის დიპლომატების ჩართულობით მოლაპარაკებებთან დაკავშირებთ იყო, თუმცა "ეს ყოველთვის ხდებოდა".

"ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება სულ უფრო და უფრო მძიმდება და მისი წასვლა და ამ განცხადების ფორმა და შინაარსი ჩვენთვის მოულოდნელი და აუხსნელი იყო. ვერავითარ შემთხვევაში ვერ გავიზიარებთ ვერც პათოსს და ვერც შინაარსს ამ განცხადების, რომელიც ჩვენთან შეუთანხმებლად გამოაქვეყნა ბატონმა გრიგოლმა. ამავე დროს "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" მუდამ ხდებოდა ცვლილებები, მიდიოდნენ ადამიანები, მაგრამ იმ წასულ ადამიანებს ცვლიდნენ სხვა ადამიანები, რომლებიც ამ მოძრაობას უერთდებოდნენ, რადგან "ერთიანი ნაციონალურ მოძრაობა" არის მთავარი ოპოზიციური პოლიტიკური პარტია, რომელსაც შეუძლია ქვეყანაში ამ დიქტატორის შეცვლა. ეს არის უმთავრესი. როდესაც ასეთი განცხადებები კეთდება, უმჯობესია, რომ პარტიის ლიდერშიფი, ის ადამიანები, რომლებიც ამდენი წლის განმავლობაში არიან პარტიაში, იყვნენ უფრო სრულად ინფორმირებულნი, რათა არ გაჩნდეს კითხვის ნიშანი და სხვადასხვა ინსინუაციების შესაძლებლობა",- განაცხადა წიკლაურმა.

შეგახსენებთ, რომ გრიგოლ ვაშაძე "ნაციონალურ მოძრაობას" ტოვებს. ამის შესახებ მან "ფეისბუქის" გვერდზე დაწერა. გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ არ ეთანხმება პარტიის ხელმძღვანელობის უმრავლესობის მიერ პარტიის წევრებთან კონსულტაციების გარეშე არჩეულ ტაქტიკას. ვაშაძის თქმით, ის ასევე ვერ შეეგუება იმას, რომ პარტიის გარშემო და მის შიგნითაც გამოჩნდენ ოდიოზური ფიგურები. გრიგოლ ვაშაძე ასევე აღშფოთებას გამოთქვამს სტრატეგიული მოკავშირეების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ "გაჩაღებული თავდასხმებისა და შეურაცხყოფის კამპანიის" გამო.

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ვიდეო:

www.palitravideo.ge