"არ არის გამორიცხული, "ნაციონალური მოძრაობა" სხვა ლიდერებმაც დატოვონ..." - კვირის პალიტრა

"არ არის გამორიცხული, "ნაციონალური მოძრაობა" სხვა ლიდერებმაც დატოვონ..."

"მთელი პარტიაც რომ წავიდეს, სააკაშვილს ქუჩიდან შეუძლია მოიყვანოს ახალი ხალხი და ისინი გახდებიან "ნაციონალური მოძრაობის" ელიტა"

გრიგოლ ვაშაძემ "ნაციონალური მოძრაობა" დატოვა. ის ამბობს, რომ ეთანხმება პარტიის ხელმძღვანელობის უმრავლესობის მიერ პარტიის წევრებთან კონსულტაციების გარეშე არჩეულ ტაქტიკას, თუმცა ვერ ეგუება პარტიის შიგნით გამოჩენილ ოდიოზურ ფიგურებს. აღშფოთებას გამოთქვამს სტრატეგიული მოკავშირეების, დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ "გაჩაღებული თავდასხმებისა და შეურაცხყოფის კამპანიის" გამო.

"გადავწყვიტე, დავტოვო ყველა დაკავებული თანამდებობა და გავიდე პარტიიდან. უაღრესად მიძნელდება ეს ნაბიჯი, მაგრამ სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ. 2017 წლის იანვრიდან, ოთხი წლის განმავლობაში, ვცდილობდი გამეკეთებინა ყველაფერი, რაც ჩემს მოკრძალებულ ძალებში იყო, იმისთვის, რომ პარტია გაზრდილიყო, გაეძლიერებინა საკუთარი პოზიციები, დარჩენილიყო მთავარ ოპოზიციურ გაერთიანებად და შედეგად მიეღო საქართველოს მოქალაქისგან მანდატი ხელისუფლებაში დასაბრუნებლად... ბოდიშს ვუხდი ჩვენს მეგობრებს! პრობლემების ჩამოთვლას აღარ გავაგრძელებ, რადგან კერძო საუბრებში მათზე თავად პარტიის წევრები ლაპარაკობენ. ჩემთვის უმცირესობაში ან, საერთოდ, მარტო დარჩენა პრობლემას არ წარმოადგენს. პრობლემა ის არის, რომ მე არ შემიძლია ვიყო იქ, სადაც ვერ ვხედავ შეცდომებზე სწავლის შესაძლებლობას და სურვილს. შეიძლება ვცდები. მივენდოთ მომავალს. ვფიქრობ, რომ ჩვენ მომავალი ძალიან მალე განგვსჯის", - ამბობს ვაშაძე. როგორც გაირკვა, ვაშაძის წასვლა "ნაციონალური მოძრაობიდან" მოულოდნელი არ აღმოჩნდა ექსპერტების წრისთვის.

გია ხუხაშვილი:

- გრიგოლ ვაშაძის გადაწყვეტილება "ნაციონალური მოძრაობის" დატოვებაზე აბსოლუტურად ლოგიკური და კანონზომიერი, ამასთან - ადამიანურიცაა. მართალია, იგი პარტიის თავმჯდომარე იყო, მაგრამ მისი რეალური სტატუსი ძალიან შორს იყო მისივე ფაქტობრივ მდგომარეობისგან. არგუმენტები, რაც მან დაასახელა, ნამდვილად ობიექტურია და არ მრჩება შთაბეჭდილება, რომ წასვლის რეალურ მიზეზს მალავს ან რაიმეს არ ამბობს. აღსანიშანვია ისიც, რომ მაქსიმალურად კორექტულია, არ აპირებს უკვე ყოფილ თანამოაზრეებთან ღია დაპირისპირებას და დისკუსიის საჯაროდ გაგრძელებას.

- "ნაციონალურ მოძრაობაში" არიან სხვა გამოკვეთილი ლიდერებიც, რომლებსაც არ მოსწონთ პარტიის შიგნით არსებული რეალობა. ამ  კუთხით, გარკვეულწილად, ცნობილია სალომე სამადაშვილის პოზიცია. ძველებურად აქტიური აღარ არის თინა ბოკუჩავა. ერთ-ერთი გავრცელებული ვერსიით, სააკაშვილი ნიკა მელიაზე ეჭვიანობდა... ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ პარტია სხვა ლიდერებმაც დატოვონ?

- არ არის გამორიცხული, თუმცა ამით პარტიაში არაფერი შეიცვლება. "ნაციონალური მოძრაობა", ისევე, როგორც "ქართული ოცნება", ერთ კონსტრუქციაზეა აგებული, ჰყავთ ერთი კერპი, დანარჩენი კი - მრევლია: "ნაციონალურ მოძრაობაში"-  მიხეილ სააკაშვილი და "ქართულ ოცნებაში" - ბიძინა ივაშვილი. მთელი პარტიაც რომ წავიდეს, სააკაშვილს ქუჩიდან შეუძლია მოიყვანოს ახალი ხალხი და ისინი გახდებიან "ნაციონალური მოძრაობის" ელიტა, ისევე, როგორც ივანიშვილს შეუძლია ქუჩიდან მოყვანილი ხალხის "ქართული ოცნების" ელიტად ქცევა. "ნაციონალური მოძრაობა" და "ქართული ოცნება" - არც ერთი არ არის პოლიტიკური პარტია, სადაც ფორმალურ ლიდერს შეუძლია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, ორივე სექტაა.

- შესაძლოა, "ნაციონალურ მოძრაობაში" არაფერი შეიცვალოს, მაგრამ ხომ არ არის შესაძლებელი, რომ ახალი პოლიტიკური ძალა შეიქმნას? - არ მგონია, რომ "ნაციონალური მოძრაობიდან" წამოსულმა ხალხმა რამე ღირებული შექმნას, რაც პოლიტიკურ ლანდშაფტში თუნდაც მცირე ცვლილებას შეიტანს.

თორნიკე შარაშენიძე:

- ყველაფერი ძალიან მარტივი და თვალსაჩინოა. არ აიტანა ის, რაც ახლა ხდებოდა "ნაციონალურ მოძრაობაში" და ძალიან კარგადაც მოიქცა. ეს კაცი პოლიტიკის გარეშეც მშვენივრად გაძლებს, უფრო მეტიც, ისე უფრო ბედნიერი იქნება. პოლიტიკაში ყოფნა მისთვის ერთგვარი ვალის მოხდაც კი იყო. ხომ ნახეთ, რა კორექტულად წავიდა. არ გამოვრიცხავ, რომ მის გზას სხვებიც დაადგნენ. პარტიიდან წასვლის რა მიზეზებიც მან ჩამოთვალა, ამას როგორც ვიცი, სხვებიც მიიჩნევენ პრობლემად. ჩემთვისაც სრულიად გაუკვეველია, რა მიზნებს ემსახურება ელჩებზე თავდასხმა. ზოგიერთს ალბათ ჰგონია, რომ საქართველოს მსგავსად ამერიკაშიც, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ყველა და ყველაფერი უნდა შეიცვალოს. ტყუილი მოლოდინი აქვთ, თუ ფიქრობენ, რომ ამერიკა საქართველოში ელჩებს შეცვლის.

- ვაშაძემ პარტიის შიგნით გამოჩენილ ოდიოზურ ფიგურებზეც გააკეთა აქცენტი. ხომ არ იყო მინიშნება, ვთქვათ, ოქრიაშვილზე, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ "ქართული ოცნების" იმ დეპუტატებს შორის იყო, რომლებმაც საარჩევნო კანონი ჩააგდეს?

- ოქრიაშვილის მხრივ ყველაფერი გასაგებია, ის "ნაციონალებმა" ფულის მისატანად მიიღეს გუნდში. იქ სხვა ოდიოზური ფიგურები არიან, რომელთა დასახელებისგან ახლა თავს შევიკავებ.

ხათუნა ბახტურიძე (სპეციალურად საიტისთვის)