"არასაკუთრებაში არსებულ მიწაზე უნებართვოდ ნაგებობის აშენება, წახალისებული ვერ იქნება" - კვირის პალიტრა

"არასაკუთრებაში არსებულ მიწაზე უნებართვოდ ნაგებობის აშენება, წახალისებული ვერ იქნება"

ადამიანის უფლება და უფლებების პატივისცემა, რა თქმა უნდა, სამართალდარღვევას ვერ წაახალისებს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ აფრიკის დასახლებში დღეს განვითარებული მოვლენების შეფასებისას განუცხადა.

სარჯველაძის თქმით, უნდა შემოწმდეს, ვინ შეიძლება უსახლკაროდ რჩებოდეს და ასეთ შემთხვევაში, ამოქმედდეს მერიის სოციალური პროგრამა, რომელიც საცხოვრისით უზრუნველყოფას ითვალისწინებს.

დეპუტატის განმარტებით, სოციალური პრობლემები, რაც ანგარიშგასაწევი და მნიშვნელოვანია, დემონტაჟის გადაწყვეტილების შესრულებას არ გამორიცხავს.

"ადამიანის უფლებებზე საუბარი მნიშვნელოვანია ყველა მიმართულებით, მათ შორის ისეთ სფეროში, როგორიცაა ადამიანის მიმართ მიმდინარე აღსრულება. ეს კანონით რეგლამენტირებულია. ადამიანის უფლება და უფლების პატივისცემა, რა თქმა უნდა, სამართალდარღვევას ვერ წაახალისებს. სამართალდარღვევა რჩება საკითხად, რომელიც ბუნებრივია, აღმოფხვრას მოითხოვს. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია დადგინდეს, რამდენად სწორად წარიმართა პროცედურები, იგივე გადაწყვეტილების მიღება დემონტაჟთან დაკავშირებით, ჰქონდათ თუ არა ამ ადამიანებს ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება და ასე შემდეგ. ზოგადად, არასაკუთრებაში არსებულ მიწაზე უნებართვოდ ნაგებობის აშენება წახალისებული ვერ იქნება. ამას ვერც ერთი კონსტიტუციური უფლება ვერ დაიცავს. რაც შეეხება აღსრულების მეთოდსა და თარიღს, აღსრულებას თავისი კონკრეტული პროცედურები აქვს, რომლის განმავლობაშიც მიღებული გადაწყვეტილებები შესრულებას ექვემდებარება", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

კითხვაზე, დაინტერესდება თუ არა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი დღევანდელი ინციდენტით, სარჯველაძემ განმარტა, რომ კომიტეტმა შესაძლოა შეისწავლოს, ხომ არ ჰქონდა ადგილი უფლებების ხელყოფას, თუმცა მან აქვს ხაზგასმით აღნიშნა, რომ "თავისთავად ის ფაქტი, რომ დემონტაჟი ხორციელდება, უფლებების დაცვასთან წინააღმდეგობაში არ არის".

"ინტერპრესნიუსი"