"გაზაფხულზე შეიძლება მართლა დაიძაბოს სიტუაცია, მაგრამ იმიტომ კი არა, რომ ოპოზიცია არ შევა პარლამენტში, არამედ..." - კვირის პალიტრა

"გაზაფხულზე შეიძლება მართლა დაიძაბოს სიტუაცია, მაგრამ იმიტომ კი არა, რომ ოპოზიცია არ შევა პარლამენტში, არამედ..."

"ყოველი დღე, ყოველი დაპირისპირება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კიდევ უფრო ამძიმებს ამ კრიზისს"

ბლოკმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია" ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადებით მიმართა. ცესკოს მონაცემებით, მას მეათე მოწვევის პარლამენტში 36 მანდატი აქვს.

ამის გარდა, უცნობია, როდის გაიმართება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი. არის თუ არა ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი, არის თუ არა პარლამენტი ერთპარტიული - ეს ის საკითხებია, რომელზეც ხელისუფლებასა და ოპოზიციას, როგორც ბევრ სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, ერთმანეთისგან გასხვავებული შეხედულებები და პოზიციები აქვთ.

ხელისუფლება ამბობს, რომ ქვეყანაში არ არის პოლიტიკური კრიზისი, რადგან მმართველობითი ორგანოები წესისამებრ ახორციელებენ საქმიანობას, პარლამენტი ერთპარტიული არ არის, რადგან იქ "ქართულ ოცნებასთან" ერთად 9 ოპოზიციური პარტიის წევრია წარმოდგენილი, უბრალოდ, ოპოზიციონერები პარლამენტში არ შედიან. ოპოზიციონერი ლიდერების ვერსიით, ქვეყანაში მწვავე პოლიტიკური კრიზისია, რადგან მმართველ გუნდს ხელისუფლება მიტაცებული აქვს და ოპოზიცია იძულებულია, პოლიტიკური პროცესი ქუჩაში გადაიტანოს. შესაბამისად, პარლამენტში მარტოდ დარჩენილი "ქართული ოცნება" ვერ შეძლებს მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო კანონების მიღებას და ცვლილებების განხორციელბას. ამ საკითხებთან დაკავშირებით “კონსტიტუცინალისტები“ და ექსპერტი გვესაუბრებიან.

ვახტანგ ძაბირაძე:

- მეათე მოწვევის პარლამენტი ჯერ მართლაც არ არის ერთპარტიული, იქიდან გამომდინარე, რომ 150 დეპუტატის უფლებამოსილება აღიარებულია. თუმცა, თუ ისინი დღეს არსებულ პოზიციას შეინარჩუნებენ და პარლამენტში არ შევლენ, პარლამენტი ნამდვილად იქნება ერთპარტიული. ამის მიუხედავად, არასწორია ოპოზიციის მტკიცება, რომ "ქართულ ოცნებას" პარლამენტში მარტოდ დარჩენის შიში ან დისკომფორტი აქვს. გასაგებია, რომ ეს პარლამენტი კონსტიტუციურ კანონსა და კიდევ სხვა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებს, თუმცა, სხვა მხრივ, ჩვეულებრივად იმუშავებს. ჩვენს ქვეყანაში მრავალპარტიული პარლამენტი ყოველთვის ფორმალობა იყო. ოპოზიციას არასდროს არანაირი ზემოქმედების ბერკეტი არ ჰქონია, მხოლოდ ლაპარაკი შეეძლო. ვიდრე საზოგადოებაში არ ჩამოყალიბდებოდა ხელისუფლებისადმი საერთო, სახალხო მიუღებლობა, მანამდე მთავრობის შეცვლას მაინც ვერ ვახერხებდით. არ არის მართალი, თითქოს თუ ოპოზიცია პარლამენტში არ შევა, ქვეყანა ჩამოიქცევა. ოპოზიციის პარლამენტში შესვლა-არშესვლით სიტუაცია ამაზე მეტად არც დამძიმდება, არც გაუმჯობესდება. გაზაფხულზე შეიძლება მართლა დაიძაბოს სიტუაცია, მაგრამ იმიტომ კი არა, რომ ოპოზიცია არ შევა პარლამენტში, არამედ იმიტომ, რომ ქვეყანაში მძიმე სოციალური ფონია, "ქართულ ოცნებას" კი ამ პრობლემებთან გამკლავების რესურსი არ აქვს.

ვახტანგ ხმალაძე: - ქვეყანაში გვაქვს კლასიკური პოლიტიკური კრიზისი. ყოველი დღე, ყოველი დაპირისპირება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კიდევ უფრო ამძიმებს ამ კრიზისს. თუ კრიზისიდან გამოსავალი დროულად არ მოიძებნება, სიტუაცია კიდევ უფრო გართულდება არა მხოლოდ ხელისუფლების ან ოპოზიციისთვის, ზოგადად - ქვეყნისთვის. რაც უფრო გვიან მიიღებენ გონივრულ გადაწყვეტილებას, მით უფრო მეტი ზიანით გამოვლენ ამ კრიზისიდან.

- როგორი შეიძლება ოყოს კრიზისიდან გამოსვლის გზები და თქვენი ვერსიით, ცდილობს თუ არა ხელისუფლება კრიზისის დაძლევას? - ასეთ მცდელობას ვერც ხელისუფლების მხრიდან ვხედავ და ვერც ოპოზიციის. ყველას, განსაკუთრებით ხელისუფლებას, ავიწყდება, რომ თავის დროზე საპარლამენტო მმართველობის მოდელზე გადასვლის ერთ-ერთ არგუმენტად სახელდებოდა შესაძლო პოლიტიკური კრიზისიდან ნაკლები დანაკარგებით გამოსვლის საშუალება, ეს არის რიგგარეშე არჩევნები. დღეს არსებული სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალია, ოპოზიცია და ხელისუფლება შეთანხმდნენ, თუ როგორი წესით გაიმართება რიგგარეშე არჩევნები ისე, რომ შედეგი სახელისუფლებო და ოპოზიციური პარტიებისთვისაც და ამომრჩევლისთვისაც სანდო და დამაჯერებელი იყოს. ხმების სამართლიანად დათვლის ტექნიკური შესაძლებლობები ნამდვილად არსებობს. ეს მექანიზმები ჯერ კიდევ წლინახევრის წინ შევთავაზე საარჩევნო კოდექსზე მომუშავე პარლამენტართა ჯგუფს. ეს არის ამომრჩევლების ელექტრონული იდენტიფიცირება და ამომრჩეველთა ხმების ელექტრონული ვერსიით დათვლა.

დემურ გიორხელიძე: - რა თქმა უნდა, ქვეყანაში არის პოლიტიკური კრიზისი და ეს ხელისუფლების პოლიტიკური შეცდომების შედეგია. ძალიან ცუდია, რომ ხელისუფლება ამ კრიზისს ვერ ან არ ხედავს. "ქართული ოცნების" მმართველ გუნდს სახელმწიფოებრივი აზროვნება და პოლიტიკური ალღო რომ ჰქონოდა, საქმე აქამდე არც მივიდოდა. მას შეუძლია გააგრძელოს სირაქლემის პოზაში ყოფნა, შედეგად კი მიიღებს კიდევ უფრო მეტ კრიზისს და კიდევ უფრო მეტად გაბრაზებულ მოსახლეობას.

- არჩევნების შემდეგ მმართველი გუნდი იგივეა, თუმცა გადანაცვლებულია მინისტრთა პორტფელები. ისევ ძველ პოზიციას იკავებს ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე, რომელსაც ბოლო დროს ყველაზე ხშირად აკრიტიკებენ დარგის სპეციალისტები და ექსპერტები. თავის მხრივ, საზოგადოება საკუთარ ზურგზე ცდის მისი მუშაობის შედეგებს. როგორ გგონიათ, რატომ ვერ ელევა მას ქვეყანაში გადაწყვეტილების მთავარი მიმღები? - ძნელი სათქმელია, რატომ ვერ ელევიან ქალბატონ ტიკარაძეს. ერთი რამ ცხადია, გარდა იმისა, რომ მისი ყველა განცხადება არაპროფესიონალიზმზე მეტყველებს, როგორც ერთი მოქალაქე, ძალიან შეშფოთებული ვარ, რომ ჩემი ქვეყნის ჯანდაცვა მის ხელშია. მისი "კარგი" მუშაობის შედეგები ჩვენ უკვე ვიწვნიეთ, როდესაც ჩაკეტილ ქვეყანაში ინფიცირების რამდენიმე ათეული შემთხვევა ათასეულ შემთხვევაზე ავიდა და, როგორც ვატყობ, ჯერ კიდევ დიდხანს მოგვიწევს გაზრდილი მაჩვენებლების თვლა.

ხათუნა ბახტურიძე (სპეციალურად საიტისთვის)