"როდესაც ფაქტი გაფორმდება, რომ არავინ შედის პარლამენტში, იმ წუთიდან იწყება რეალური მოლაპარაკებები" - კვირის პალიტრა

"როდესაც ფაქტი გაფორმდება, რომ არავინ შედის პარლამენტში, იმ წუთიდან იწყება რეალური მოლაპარაკებები"

"ერთპარტიული პარლამენტი უკვე შედგა და უნდა გავუსწოროთ თვალი ამ რეალობას, - ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა,გიორგი მარგველაშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" განაცხადა.

მისივე თქმით, ის, ვინც პარლამნეტში შევა, საკუთარ თავს პოლიტიკურად დაამთავრებს.

"ერთპარტიული პარლამენტი შედგა უკვე. შეიძლება ვეცადოთ,რომ არ მივიღოთ რეალობა, შეიძლება ათასი ოდიოზური რამის მოფიქრება, დავუშვათ იქ ფიტულების დასმა ან მსახიობების მომზადება, რომლებიც კონკრეტულად ითამაშებენ კონკრეტული ოპოზიციონერების როლს და ა.შ. მაგრამ რეალობა ხომ მარტივია? ერთპარტიული პარლამენტი უკვე შედგა და უნდა გავუსწოროთ თვალი ამ რეალობას. ჩვენ ვხედავთ, რომ ოპოზიციის ძირითადი ნაწილი აქტიურად აფიქსირებს თავის პოზიციას და დღესაც ვხედავდით დემონსტრაციულ და ნათლად გასაგებ უარს საპარალამენტო ადგილებზე. ამასაც ნუ შევხედავთ და თეორიულად ვთქვათ, რომ ვიღაც შევიდა. პირველ რიგში, ამ ვითარებაში, მე არ ვუსურვებდი არავის, რომ ეს ნაბიჯი გადაედგა პოლიტიკურად. რეალურად, ასეთ დაძაბულ ფონზე, რაც არ უნდა პათეტიკური განცხადებები აკეთო, რომ სამშობლოს გადასარჩენად ხარ მზად და ამიტომ მიდიხარ ამ მსხვერპლზე, პოლიტიკურად, არ მგონია, რომ რომელიმე ასეთ პოლიტიკოსს მომავალი აქვს. 11-მდეც იყო რაღაც მოლოდინი, რომ ვიღაც შევიდოდა. ჩემი აზრით, ცოტა მოაზროვნე ადამიანი, რომელსაც თავის თავის დაღუპვა არ უნდა პოლიტიკურად, ვერც შევა. დღეს ნათლად ჩამოყალიბდა ის, რა ვითარებაცაა. თუ შენ არ გინდა, რომ შენი თავი მოანათლინო დაჩაგრულად, გადატეხილად, მოსყიდულად, ეს ყველა თვისება პოლიტიკურად უვარგისობის ტოლფასია და თუ შენს მომავალს ხედავ, როგორც საზოგადოების წევრის და როგორც პოლიტიკოსის, ამ ხარაკირის და საკუთარი თავის დამთავრებას არ გააკეთებ. ერთმა ან ორმა ადამიანმა რომც გადადგას ასეთი ნაბიჯი, ეს პოლიტიკურ ველს ვერ შეცვლის",- განაცხადა მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, რეალური მოლაპარაკებები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მას მერე დაიწყება, როდესაც გაფორმდება, რომ არც ერთი პარტია არ შევა პარლამენტში.

"როცა გაფორმდება, რომ არავინ არ შევიდა პარლამენტში,მერე იწყება უკვე რეალური მოლაპარაკებები, მანამდე არის სპეკულაციები ვინ შევა და ვინ - არა. როდესაც ეს ფაქტი გაფორმდება, რომ არავინ არ შედის, იმ წუთიდან იწყება რეალური მოლაპარაკებები", - განაცხადა მარგველაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"