"პირდაპირ გეტყვით, ჩემთვის შეზღუდვები ტრაგედიას არ წარმოადგენს" - კვირის პალიტრა

"პირდაპირ გეტყვით, ჩემთვის შეზღუდვები ტრაგედიას არ წარმოადგენს"

მსახიობი ეკა ანდრონიკაშვილი პანდემიას ასე აფასებს: "ეს არის სიმპტომატურად გამოხატული ვირუსი, მაგრამ რეალურად ადამიანის პრიორიტეტებს ცვლის და სხვა მნიშვნელობას იძენს, რადგან არ არის უბრალოდ დაავადება. ბევრმა კოვიდგადატანილმა დაწერა, რომ ძალა და ენერგია მოემატა, ცხოვრებას სხვანაირად შეხედა. დედამიწა გლობალურად გადადის ახალ ეპოქაში, მენტალიტეტითაც და ასტროლოგიურადაც. ცხოვრება ზუსტად ისეთი, როგორიც იყო, მგონი, აღარ იქნება".

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"პირდაპირ გეტყვით, ჩემთვის შეზღუდვები ტრაგედიას არ წარმოადგენს. რა თქმა უნდა, აუცილებელი და საჭიროა რეგულაციების დაცვა, ადამიანები უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. სახელმწიფოს მივმართე სოციალური ქსელით - ბოლოს და ბოლოს, ქალაქი ჩაკეტეთ-მეთქი! ძალიან დაიგვიანეს. მინდა, ცოტა უფრო დაცულად ვიყოთ. ერთადერთი, რაც მენატრება, თეატრი და სცენაა. თუმცა, ეს თემა "ჩავკეცე", როგორც ფოლდერს ჩაკეცავენ ხოლმე კომპიუტერში, და ვიცი, რომ გაიხსნება..."

"სახლში ყოველთვის არის რაღაც გასაკეთებელი და ამას მიხედოს; არის უამრავი წაუკითხავი წიგნი, უნახავი ფილმი, სამეცნიერო გადაცემა; შეგიძლია კომპიუტერის დახმარებით ახალი ენაც კი შეისწავლო, ქვეყნებში ვირტუალურად იმოგზაურო... ქსოვა გავიხსენე დედაჩემის დახმარებით და საღამოობით ვქსოვ, რაც უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს, თან ფილმს ან სერიალს ვუყურებ. მთელი ზამთრის მარაგი ძაფი შევიძინე და ნამდვილად არ მოვიწყენ..."

"დიახ, ნატო ვაჩნაძე ჩემი პაპის და იყო. მამა და მამიდა მიყვებოდნენ ნატოს ბუნებაზე, მის მაგიურ ენერგეტიკასა და სილამაზეზე, რომელიც დღევანდელ სტანდარტებში ნაკლებად ჯდება, მაგრამ ცხოვრებაში თურმე, საოცრება იყო და ქუჩაში ხალხი მისი დანახვისას მართლა ჩერდებოდა. მამა მიყვებოდა, როგორ ჩაჰკიდებდა ხელს ნატო და პლეხანოვზე ასეირნებდა. სიამაყე მქონდა, უფრო ოჯახის წევრების მონაყოლიდან გამომდინარე და არა იმიტომ, რომ ნატო ვაჩნაძე პირველი ქართველი კინოვარსკვლავი ქალი იყო. თუმცა, კინო ჩემთვის თეატრზე არანაკლებ ძვირფასია. ვგიჟდები, ისე მიყვარს..."

"ნატო ძალიან ჩვეულებრივი და ადამიანური ქალი ყოფილა, სათნო, თბილი. ქალური ესთეტიკა ჰქონდა - შლაპები და ქუდები უყვარდა. მიუხედავად იმისა, რომ იმ ეპოქის ძალიან ცნობილი და პოპულარული ადამიანი იყო, არანაირი ცხვირის აბზეკა არ ახასიათებდა. ეს თანამედროვე, ე.წ. ვარსკვლავების სენია. მამაჩემს სახლში ნატოს დედის პორტრეტი აქვს კედელზე. მე რომ მკითხოთ, პოლონელი ქალბატონი ეკატერინე სლივიცკაია, ნატოს და მის დას - კირასაც (ისიც მსახიობი გახლდათ) - ორივეს სჯობდა სილამაზით. იმ ქალის შემხედვარე მიხვდები, რომ სიამაყის უფლება გაქვს..."

ინტერვიუს სრულად ჟურნალ "გზის" 17 დეკემბრის ნომერში წაიკითხავთ.

ნანული ზოტიკიშვილი