"ლამის ქვეყნის დამანგრევლებს გვეძახდნენ... სამწუხაროდ, ერთ დასკვნამდე მივედი..." - კვირის პალიტრა

"ლამის ქვეყნის დამანგრევლებს გვეძახდნენ... სამწუხაროდ, ერთ დასკვნამდე მივედი..."

"ის ჩემი პატარა მეგობარია", - ამბობდა მერაბ კოსტავა ჩვენს რესპონდენტზე. ჟურნალისტი მაკა რაზმაძე იმ თაობის წარმომადგენელია, რომელიც 1990-იანი წლებიდან მოყოლებული დღემდე, საქართველოში მომხდარი ყველა მნიშვნელოვანი მოვლენის მონაწილეა. სწორედ ამ თაობის თვალწინ ჩაიარა დამოუკიდებელი საქართველოს 30-წლიანმა ისტორიამ...

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"პოლიტიკურ პროცესებში ადრე უფრო აქტიურად ვიყავი ჩართული, ახლა კი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, როგორც რიგითი მოქალაქე, ისე ვაკვირდები. სამწუხაროდ, ერთ დასკვნამდე მივედი: ქართველებმა შუღლი და მტრობა ვერა და ვერ მოვიშორეთ - როგორც ჩანს, ეს ჩვენი მთავარი ნაკლია, რომელსაც ჩვენი მტრები ყოველთვის იყენებდნენ და ახლაც შესანიშნავად იყენებენ. სულ პატარა, უმნიშვნელო მიზეზის გამო შეგვიძლია, ერთმანეთი მიწასთან გავასწოროთ..."

"ქართველები ერთმანეთს სიამოვნებით ეძახიან აგენტებს: ზოგი რუსეთის აგენტია, ზოგი - ამერიკის, ზოგი - მარსის და ზოგიც - მოზამბიკის... სინამდვილეში, ამ ადამიანების უმრავლესობა აგენტი სულაც არ არის, მაგრამ ჩვენი მენტალიტეტი შეთქმულების თეორიას ერთხელ რომ დაემორჩილა, იმის შემდეგ ამ მდგომარეობიდან ვეღარ გამოვედით..."

"ვფიქრობ, უკან ყურება ნებისმიერი ქვეყნისთვის დამანგრეველია. შევარდნაძე როგორიც იყო, ისეთი იყო და ის ეპოქაც დასრულდა, ისტორიას ჩაჰბარდა. შევარდნაძე წლების განმავლობაში ამ ქვეყნის სათავეში იყო, ბოლოს, როცა ასაკი მოერია, ადგა და სახლში წავიდა. იმ ეპოქასთან დღევანდელი სიტუაციის შედარება არ შეიძლება, რადგან ახლა 21-ე საუკუნეა. შეიძლება ესა თუ ის მთავრობა ძალიან არ მოგწონდეს და არ გინდოდეს, მაგრამ წარსულთან პარალელის გავლება სწორი მაინც არ არის..."

"ვინც ახალგაზრდა თაობას ნეგატიურად აფასებს, ყოველთვის წაგებული რჩება. ჩემი თაობის მაგალითზე გეტყვით: ჯინსები რომ შემოვიდა და გოგონებმა შარვლები პირველად ჩავიცვით, ლამის ქვეყნის დამანგრევლებს გვეძახდნენ... არადა, მთავარი დარტყმა სწორედ ჩვენმა თაობამ გადაიტანა: რუსეთის იმპერიასთან სწორედ ჩვენმა თაობამ იბრძოლა, შეეწირა და თავისუფლება საკუთარი სიცოცხლის ფასად მოიპოვა..."

ინტერვიუს სრულად ჟურნალ "გზის" 17 დეკემბრის ნომერში წაიკითხავთ.

ხათუნა ჩიგოგიძე