"ეს არის ბიძინა ივანიშვილის ისტერიკული რეაქცია იმაზე, რომ..." - კვირის პალიტრა

"ეს არის ბიძინა ივანიშვილის ისტერიკული რეაქცია იმაზე, რომ..."

"ეს არის ბიძინა ივანიშვილის ისტერიკული რეაქცია იმაზე, რომ მან ვერ გატეხა ოპოზიცია და ვერ შეძლო მისი პარლამენტში შეყვანა"

"ევროპული საქართველოს" წევრის ირმა ნადირაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს ისტერიკული რეაქცია აქვს, რადგან ოპოზიციის პარლამენტში შეყვანა ვერ შეძლო და ერთპარტიული, ჩრდილოეთ კორეული პარლმენტი მიიღო. ასე უპასუხა ნადირაშვილმა ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც პარტიას, რომელსაც საპარლამენტო მანდატები შეუწყდება, ან რომელიც საპარლამენტო მუშაობაში არ ჩაერთვება, სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდება, ან ერთი წლით შეუჩერდება.

ნადირაშვილმა აღნიშნა, რომ ამ ნაბიჯით ივანიშვილს სურს, რომ გარეთაც პოლიტიკური ვითარება იყოს ერთპარტიული, ისევე როგორც პარლამენტში.

"ეს არის ბიძინა ივანიშვილის ისტერიკული რეაქცია იმაზე, რომ მან ვერ გატეხა ოპოზიცია და ვერ შეძლო პარლამენტში ოპოზიციის შეყვანა და მიიღო ერთპარტიული პარლამენტი. მუქარა, რომ შეწყდება დაფინანსება, ესაა შანტაჟის ენით საუბარი, პოლიტიკურ პარტიებს დაფინანსება აქვთ იმისთვის, რომ იყოს მრავალფეროვნება პოლიტიკაში, პლურალიზმი და იყოს დერმოკრატია.

როდესაც ამ ნაბიჯით იმუქრები, ეს ნიშნავს, რომ გინდა ერთპარტიული იყოს გარეთაც პოლიტიკური ვითარება, ისევე როგორც ეს ხდება პარლამენტში.

რაც შეეხება მცდელობას, რომ გაუუქმოს რეგისტრაცია ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიას, ეს არის პირდაპირი ნაბიჯი პუტინის რუსეთისაკენ და ლუკაშენკოს ბელორუსისაკენ.

რაც შეეხება ოპოზიციის რეაქციას, ალბათ ეს იქნება ძალიან ცალსახა და ნათელი, შანტაჟის ენით საუბარი, დაფინანსების შეწყვეტა, მუქარა რეგისტრაციების გაუქმების შესახებ, ვერ შეცვლის ვითარებას, რომ ქვეყანაში არის ერთპარტიული პარლამენტი, ჩვენ არ შევცვლით ჩვენს გადაწყვეტილებებს და ჩრდილოეთ კორეის პარლამენტს მოუწევს თავისი საქმიანობის ამ სტილში გააგრძელება", - განაცხადა ნადირაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"