რატომ დაარქვეს შვილს ჯერი ანი ბებიამ და ილო ბეროშვილმა
"ქვეყანაში ისეთი სიტუაციაა, არ მსურს, ჩემი შვილი აქ გაიზარდოს"
პატარა ჯერი ანი ბებიას და ილო ბეროშვილის პირველი საერთო შვილი გახლავთ. რის გამო ნერვიულობს ახალბედა დედა და როგორ აქვთ მშობლებს ბავშვის მოვლასთან დაკავშირებული ფუნქციები განაწილებული, ამ და სხვა დეტალების შესახებ ანი გვესაუბრა.
- დედის ამპლუაში ყოფნა რთულია, მაგრამ ისეთი ბედნიერი ვარ, რომ ღამის თევებსა და ყველანაირ სირთულეს მავიწყებს.
- დედობის პასუხისმგებლობა როდის გააცნობიერეთ?
- შეიძლება, ახლაც ვერ ვაცნობიერებ, არ ვიცი... ბავშვი რომ გაჩნდა, მერეც ვერ ვაცნობიერებდი: ჯერ შოკურ მდგომარეობაში ვიყავი, ისტერიკები მჭირდა, სულ ვტიროდი - მისი მოვლის ძალიან მეშინოდა... ახლა ნელ-ნელა უკვე ვაცნობიერებ. ჯერი 4 თვის არის. კონტაქტში შემოსვლა შეუძლია. მეც და ბავშვიც აზრზე რომ მოვედით, მას მერე დედობის პასუხისმგებლობას უკეთ ვაცნობიერებ...
- ბავშვზე ზრუნვის ფუნქციები თქვენ და ილოს როგორ გაქვთ განაწილებული?
- ბავშვს მხოლოდ მე და ილო ვზრდით: როგორც მე ვაკეთებ ყველაფერს, ისე აკეთებს ილოც, თუ სახლშია, რა თქმა უნდა, ანუ ჯერიზე ილოს მზრუნველობის შესახებ "მეხმარებას" ვერ ვიტყვი, რადგან ბავშვს თანაბრად ვუვლით. სულ იმაზე ვხუმრობ, რომ ერთადერთი, ბავშვს ძუძუთი ვერ კვებავს, თორემ დანარჩენს ყველაფერს აკეთებს (იცინის).
- რა სირთულეებთანაა დაკავშირებული პატარის მოვლა?
- პირველ რიგში, ფსიქოლოგიური სირთულეებია, რადგან ბევრი კითხვა ჩნდება, თუნდაც - ახლა, როცა მაგალითად, ბავშვი ვერ ამბობს, რატომ ტირის, სტკივა, შია, რა აწუხებს... ახლა ნელ-ნელა მაინც ვხვდები, რა აწუხებს, მაგრამ თავდაპირველად ვერ ვხვდებოდი. მაგალითად, ბავშვს რომ აჭმევ, მერე უნდა "ამოაქარვებინო" ანუ პირიდან "გაზები" ამოუშვას. ეს არ ვიცოდი. პატარა ტიროდა, ტიროდა... მეგონა, შიოდა. ვაჭმევდი. მთელი დღე ბავშვი დავტანჯე - მკერდზე მიწებებული მყავდა... ახლა ეს ყველაფერი ვიცი. ფსიქოლოგიურ სირთულეებს რაც შეეხება, მისთვის მომავალში განათლების მიღებაზე ვფიქრობ, ასევე - როგორ გარემოში, ქვეყანაში იცხოვრებს და ა.შ.
- ბავშვს სახელი როგორ შეურჩიეთ? რამე სიმბოლური დატვირთვა აქვს?
- ჰოროსკოპის მიხედვით, ახლა ხომ ვირთხის წელიწადია? ჯერი წელს გაჩნდა. ასტროლოგიას, ზოდიაქოს ნიშნებს დიდ ყურადღებას ვაქცევ. პირადად მე, მაიმუნის წელში, მერწყულის ნიშნის ქვეშ დაბადებული ვარ. მაიმუნზეც და მერწყულზეც ვგიჟდები!.. აბა, ვირთხა როგორი საყვარელია? ვირთხასთან დაკავშირებით, ადამიანს ცუდი ასოციაცია უჩნდება. მერე გამახსენდა, რომ "ტომი და ჯერის" ჯერი წრუწუნა, თითქმის იგივე ვირთხაა. ის ხომ უსაყვარლესია? თან, ამ მულტფილმზე ვგიჟდები, ისე მიყვარს! აქედან გაჩნდა ბავშვისთვის სახელის დარქმევის იდეაც: აღვნიშნე - ჯერი რა საყვარელია. საერთოდაც, რა მაგარი სახელია, მოდი ჯერი დავარქვათ-მეთქი! ასე გავასაყვარლე ვირთხის წელიწადი.
- ილომაც მხარი აგიბათ?
- კი, წინააღმდეგი არ ყოფილა.
- ვის ჰგავს, უკვე ხვდებით?
- ბევრი მეუბნება, რომ მე მგავს, ბევრი - ილოს ჰგავსო. ყველაზე მეტად მაინც ჩვენ ვხვდებით, ვის ჰგავს, მაგრამ მართლა ასეა: ჯერი ხან მე მგავს, ხან - ილოს. ვერ იტყვი, - "კოპიო" მამა ან დედააო. გარეგნობის რაღაც დეტალებით მე მგავს, რაღაცებით - მამას. ისეთი მუსიკალური სმენა აქვს, რომ გაოგნებული ვარ. ალბათ, ამით მამას დაემსგავსა, რადგან მუსიკალური სმენა მე არ მაქვს (იცინის). ჯერის ხასიათს ჯერ ვერ ვხვდებით, მაგრამ კამერის მიმართ გიჟური სიყვარული აქვს - ამით მშობლებს დაგვემსგავსა. მაგალითად, როგორც კი ტელეფონს დაინახავს, მაშინვე კამერაში იყურება. პირველი სიუჟეტის გადასაღებად ტელევიზიიდან რომ გვესტუმრნენ, ჯერი დაახლოებით 1 კვირის იყო და კამერაში გიჟივით იყურებოდა. დღემდე ასეა.
- მახსოვს, ტელეეთერში თქვენთან ერთადაც იყო...
- კი, ტელევიზიაში დამყავდა, რადგან ბუნებრივ კვებაზე მყავდა და ვერ ვტოვებდი. ვირუსის გამო, ახლა ძალიან მეშინია, რადგან დაინფიცირებული ადამიანების რიცხვი გაიზარდა...
- თავად როგორი ბავშვი იყავით?
- გადმოცემით ვიცი, რომ თავდაპირველად ძალიან წყნარი, ჩუმი გახლდით. რადგან არ ვლაპარაკობდი, თურმე, დედაჩემს მეზობელი ეუბნებოდა, - ენა ხომ არ ავჭრათო? დედა გადარეულა, - როგორ თუ ენა ავჭრათო?!. ბავშვობაში ვიყავი წყნარი და ჩუმი, თორემ მერე "ავიშვი", გენაცვალე (იცინის).
- ილო როგორი ბავშვი იყო, ხომ არ იცით?
- ბავშვობიდანვე ისეთი იყო, როგორიც ახლაა: 4 წლიდან უკვე პაროდიებს აკეთებდა, რაღაცების გამეორება, ათვისება შეეძლო... ჯერის ასაკში როგორი გახლდათ, არ ვიცი (იღიმის).
- ორსულობის შემდეგ, სხეულის ჩვეულ ფორმაში ჩადგომის ეტაპი როგორ გაიარეთ?
- ორსულობისას 27 კილო მოვიმატე... თავდაპირველად ტოქსიკოზი მქონდა, საჭმელი მენატრებოდა. მერე, უკვე გემოების აღქმის უნარი რომ დამიბრუნდა, ყველაფერს ვჭამდი და ვჭამდი. თან ვამბობდი: - ორსულად ვარ, მეპატიება. მაინც გავსუქდები და 5 კილოთი მეტი ვიქნები თუ ნაკლები, რა მნიშვნელობა აქვს-მეთქი?.. მშობიარობის შემდეგ, სარკეში რომ ჩავიხედე და ისევ იმხელა მუცელი მქონდა, რამხელაც - ორსულობისას, ტირილი დავიწყე: მეგონა, მუცელი მაშინვე უნდა გამქრალიყო. კარგა ხანს ისევ ორსულის "ვიდზე" ვიყავი. 2 თვის მერე, წონაში კლება დავიწყე, ოღონდ - ეს მართლა ბუნებრივად ხდება, დიეტას არ ვიცავ. თავდაპირველად, ცოტა ხანს "ვდიეტობდი", რადგან მეგონა ბავშვს ჩემი რძით "გაზები" გადაეცემოდა. თურმე, ეს მცდარი აზრია. მოკლედ, ბევრი რამ არ ვიცოდი, თანდათან ვსწავლობ... ახლა საერთოდ, ყველაფერს ვჭამ, მაგრამ როგორ ვიკლებ, არ ვიცი. ამბობენ, - ბუნებრივ კვებაზე მყოფი ბავშვების დედები წონაში უფრო მარტივად იკლებენო. თან, დილაუთენია რომ დგები და 8-კილოიანი ბავშვით დადიხარ, ცანცარებ, სახლს ალაგებ, გინდა თუ არ გინდა, ფიზიკურად დატვირთული ხარ.
- რა გასწავლათ დედობამ?
- მთელი სამყარო ამომიტრიალა. ვამბობ ხოლმე, - 28 წელი ტყუილად მიცხოვრია, წყალში გადაყრილი წლები ყოფილა-მეთქი (იღიმის).
- როგორია თქვენი არასამუშაო დღე, როცა დროს ჯერისთან ერთად ატარებთ?
- დილის 6-7 საათზე ბავშვი გვაღვიძებს. ვაჭმევ, ვუცვლი, მერე კი ვცდილობ, დავაძინო. თუ ვერ ვაძინებ, ჰაერზე გამყავს, რადგან ჰაერზე ყოფნა უყვარს - მშვიდდება და იძინებს. დღის განმავლობაში, სახლში ვეთამაშებით. საღამოს აუცილებლად გარეთ გამყავს, როგორი ამინდიც უნდა იყოს (ქარიანის გარდა) - სიცივეს არ ვუშინდებით. მერე ვაბანავებ და ვაძინებ. გატუტუცებული ბავშვია, სულ ხელში აყვანა უნდა (იცინის). კლასიკურ მუსიკას ვასმენინებ ხოლმე, რადგან როცა ტირის და ვერ ვაწყნარებ, კლასიკური მუსიკით წყნარდება, მშვიდდება... მუსიკას გრძნობს, რა (იღიმის).
- ძიძის დახმარებაზე უარი რატომ თქვით?
- თავდაპირველად, როცა ჯერი გაჩნდა, 2 კვირა დედაჩემი ჩვენთან იყო და მეხმარებოდა, რადგან ძალიან ცუდად ვიყავი: ბუნებრივად ვიმშობიარე და ყველაფერი მტკიოდა... ცუდად ყოფნის მიუხედავად, ყველაფრის გაკეთება თავად მსურდა: პროტესტის განცდა მიჩნდებოდა, როცა ბავშვს საფენებს დედა უცვლიდა, აწყნარებდა, აბანავებდა და ა.შ. მინდა ჯერი მაქსიმალურად ჩემთან იყოს. თან, ამაში სამსახური ხელს მიწყობს: სახლიდან ყოველდღე გასვლა არ მიწევს - ტელევიზიაში კვირაში 1 დღე ვმუშაობ. თეატრს რაც შეეხება, პანდემიის გამო, შეჩერებულები ვართ. რეპეტიციები კი არის, მაგრამ იქაც ხელს მიწყობენ - ახალ სპექტაკლში ჯერ არ ვარ დაკავებული. ასე რომ, ამ მხრივ ძალიან გამიმართლა.
- როგორ წარმოგიდგენიათ ჯერის მომავალი? რა პროფესიის გინდათ, რომ გახდეს?
- სრულიად მასზეა დამოკიდებული, ვინ გახდება. მინდა, თავად რა პროფესიაც ენდომება, ის აირჩიოს. ერთადერთი, მამას უნდა, რომ კალათბურთელი იყოს - მონაცემები აქვს, რადგან ასაკთან შედარებით, ძალიან გრძელი ბავშვია... არ მინდა, ნეგატიურზე ვისაუბრო, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ისეთი სიტუაციაა, რომ არ მსურს, ჩემი შვილი აქ გაიზარდოს. მინდა ნორმალურ ქვეყანაში იყოს, თუმცა იმის სურვილი მაქვს, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს ნორმალური. ამ საკითხზე ძალიან ვნერვიულობ...
- ახალბედა დედებს რას ურჩევთ?
- ძალიან მინდა, ყველა დედამ, ვისაც ბავშვის ბუნებრივად კვება შეუძლია და რაღაც კომპლექსების გამო, ასე არ იქცევა, შვილი ბუნებრივად კვებოს. ეს ბავშვის ფიზიკური და გონებრივი განვითარებისთვის ძალიან კარგია. ყველა დედას ბავშვების ბუნებრივი კვებისკენ მოვუწოდებ!
როგორ ატარებენ დროს ანი ბებია და ილო ბეროშვილი პატარა შვილთან ერთად - (ფოტოები)
ეთო ყორღანაშვილი