"ჩვენთვის, რუსებისთის მონოფიზიტი სომხები ძმები არიან, ხოლო მართლმადიდებელი ქართველები ჩვენი მოძმე ხალხი არ არის?" - კვირის პალიტრა

"ჩვენთვის, რუსებისთის მონოფიზიტი სომხები ძმები არიან, ხოლო მართლმადიდებელი ქართველები ჩვენი მოძმე ხალხი არ არის?"

რუსი პოლიტიკური ჟურნალისტი და პუბლიცისტი მაქსიმ შევჩენკო რადიო "ეხო მოსკვის" ("Эхо Москвы") გადაცემა "ოსობოე მნენიეში" ჟურნალისტ მაშა მაიერსს ესაუბრა. იგი, სხვა საკითხებთან ერთად, სამხრეთ კავკასიაში მთიანი ყარაბაღის ომისშემდგომ შექმნილ სიტუაციას შეეხო და რუსეთის პოლიტიკა გააკრიტიკა. გთავაზობთ ამონარიდებს მაქსიმ შევჩენკოს საუბრიდან:

"[რუს და კავკასიელ ხალხებს შორის] დღევანდელი ვითარების ალტერნატივად ჩემთვის საბჭოთა პროექტი არსებობს, რომელიც, ასე თუ ისე, ხალხებს აერთიანებდა და ერთა შორის სიძულვილს კი არ ქმნიდა, არამედ - თანამშრომლობას აყალიბებდა. საბჭოთა პროექტის წყალობით [ყოფ.რუსეთის იმპერიაში მცხოვრებ] 193 ერს თავისი ინტელიგენცია გაუჩნდა, მწერლები, დამწერლობა და ა.შ. ამ მხრივ ყველას ყველაფრის უფლება ჰქონდა: სომხებს სომხური ანბანით წერა შეეძლოთ, ქართველებს - ქართულად... დიახ, იყო ზოგიერთი გადახრები თურქი ხალხის რუსიფიკაციის მხრივ, მაგრამ საშინელება არაფერი მომხდარა. გინდაც, კირილიცათი ეწერათ, გინდაც ლატინიცათი...

ახლახან ვიყავი აზერბაიჯანში. ჩემი აზრით, ბაქოში ყველაზე რუსულენოვანი გარემო არსებობს. იქ ადამიანები ისეთ რუსულ ლიტერატურულ ენაზე ლაპარაკობენ, რომელსაც მოსკოვში იშვიათად გაიგონებ. აი, ილჰამ ალიევი - ეს ადამიანი 20 წელიწადს მოსკოვში ცხოვრობდა, დაამთავრა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი ("მგიმო"), სწავლობდა ასპირანტურაში, ლექციებს კითხულობდა იმავე "მგიმოში"... მისი ცოლი, აზერბაიჯანის პირველი ვიცეპრეზიდენტი - მეჰრიბან ალიევაც მოსკოვში 15-20 წელიწადს ცხოვრობდა, დაამთავრა მოსკოვის მედინსტიტუტი, მგონი, მოსკოვშივე დაიბადა მათი პირველი გოგონა - ლეილა... ამიტომაც  ბაქოში რუსული ენა უფრო ხშირად მესმის. [კარგი იყო თუ ცუდი], საბჭოთა პროექტი ხალხებს აერთიანებდა. მოდი, ისე გავაკეთოთ, რომ აზერბაიჯანელებმა, სომხებმა, ქართველებმა, რუსებმა თუ ებრაელებმა ერთად ვიცხოვროთ. აზერბაიჯანში არის რუსული სოფელი ივანოვკა, სადაც "დუხობორები", "მოლოკნები" ცხოვრობენ. ეს სოფელი მთელი აზერბაიჯანისათვის დიდებული ადგილია, აყვავებულია, შეიძლება ითქვას. ივანოვკაში საუკეთესო რძეს და კარაქს ამზადებენ... რუსეთში კი მე მხოლოდ მომაკვდავ სოფლებს ვხედავ.

ჩემთვის იმპერია და იმპერიალიზმი მიუღებელია, როგორიც უნდა იყოს ის - ბრიტანული, გერმანული, რუსული თუ ამერიკული... იმპერიალიზმი ხალხებს შეურაცხყოფს. იმპერიალიზმი ბოროტებაა, ომია, სიძულვილია...

ბაქოში გამარჯვების აღლუმზე ვიყავი მიწვეული, მივულოცე აზერბაიჯანელ ხალხს სუვერენიტეტის აღდგენა, რომელიც ხელისუფლებამ თავისი გადაწყვეტილებით - ვაშინგტონის, ლონდონის, პარიზის თუ მოსკოვის სანქციის გარეშე განახორციელა. ძალიან ცოტას თუ ესმის ასეთი პოლიტიკა, მაგრამ ჩვენ ანტიგლობალიზმის, ანტიიმპერიალიზმის მოწმენი ვართ.

მაშა მაიერსი: ვლადიმერ პუტინმა დღეს პრესკონფერენციაზე მთიანი ყარაბაღის შესახებ ილაპარაკა და მისი ნათქვამი წინააღმდეგობრივად მომეჩვენა. მან აღნიშნა, რომ ყარაბაღის სტატუსი ჯერჯერობით უცვლელი დარჩება და მას მომავალში განვსაზღვრავთო. რას ნიშნავს სამომავლო განსაზღვრა? როგორი განწყობაა ამ მხრივ აზერბაიჯანში?

მაქსიმ შევჩენკო: რასაკვირველია, აზერბაიჯანელები უკმაყოფილოები არიან რუსეთის ამგვარი დამოკიდებულებით. ამას წინათ ვლადიმერ პუტინმა თქვა, რომ მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანს ეკუთვნისო და ამით წერტილი დასვა. ახლა კი ისევ რაღაც კითხვები და ნიუანსები გაჩნდა. ამბობენ, რომ რუსეთმა ყარაბაღში სომხებისთვის რუსული პასპორტების გაცემა დაიწყოო - როგორც "სამხრეთ ოსეთში" გაკეთდა, იმის მსგავსად. ჩემი აზრით, სწორედ ეს კითხვა უნდა დაესვათ ვლადიმერ პუტინისთვის: მართალია თუ არა, რომ მთიან ყარაბაღში რუსული პასპორტების გაცემა დაიწყეს? თუ ეს მართლაც ასე არის, ვფიქრობ, დანაშაულის ჩადენის ტოლფასია. იმიტომ, რომ არ შეიძლება რუსეთ-აზერბაიჯანის ერთმანეთთან დაპირისპირება. აზერბაიჯანი დღეს ყველაზე პრორუსული სახელმწიფოა მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში - იმის მიუხედავად, რომ მას ძალიან მჭიდრო ურთიერთობა აქვს თურქეთთან. დღეს აზერბაიჯანთან უთანხმოების გაჩენა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო უსაფრთხოებისა და სტრატეგიული ინტერესების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა.

რუსეთმა უდიდესი შეცდომა დაუშვა, როცა მართლმადიდებელ საქართველოსთან ურთიერთობა გაიფუჭა, როცა ფეხით გათელა მართლმადიდებელი საქართველოს ინტერესები. გამოდის, რომ ჩვენთვის მონოფიზიტი სომხები ძმები არიან, ხოლო მართლმადიდებელი საქართველო, რომელიც ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა და ქართველები, რომლებსაც უძველესი მართლმადიდებელი ეკლესია აქვთ, ჩვენი მოძმე ხალხი არ არის? საერთოდ, ვინ მართავს ჩვენს ქვეყანას? შეიძლება ჩვენი მმართველებიც არ არიან მართლმადიდებელები, შეიძლება მონოფიზიტები არიან - ისინი, ვინც კრემლში სხედან - და ქალკედონის კრების მიერ არიან შერისხულები?

მე აბსოლუტურად თანამედროვე ადამიანი ვარ, მაგრამ ქრისტიანობაზე საუბრისას ჩნდება კითხვა - რატომ ვართ ჩვენ, რუსეთი, პრაქტიკულად მტრულ ურთიერთობებში მართლმადიდებელ საქართველოსთან, მართლმადიდებელ უკრაინასთან, მართლმადიდებელ ბელარუსთან, რომელსაც მოსკოვიდან ვწნეხავთ. სამაგიეროდ, ჩვენ არამართლმადიდებელ, ე.წ ქრისტიანულ - კათოლიკურ თუ ლუთერანულ ევროპას გაზით ვამარაგებთ“. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ