"ჩემს ვიზიტს აქვს სამი მიზანი..." - რა განაცხადა საქართველოში მყოფმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონალურმა დირექტორმა - კვირის პალიტრა

"ჩემს ვიზიტს აქვს სამი მიზანი..." - რა განაცხადა საქართველოში მყოფმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონალურმა დირექტორმა

საქართველოში ვნახე მთელი რიგი ინოვაციური მიდგომები, როგორიც არის "ცხელების ცენტრები", ონლაინ კლინიკები და კოვიდსასტუმროები, რომელიც შეიძლება გამოდგეს, როგორც მაგალითი სხვა ქვეყნებისთვის,- ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონალურმა დირექტორმა ჰანს კლუგემ ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ჰანს კლუგეს თქმით, მის ვიზიტს საქართველოში სამი მიზანი აქვს, რომელთაგან უპირველესია ჯანდაცვის მინისტრთან, მთავრობასა და ჯანდაცვის სისტემის სხვა წარმომადგენლებთან ერთად კოვიდის საკითხებზე მუშაობაა.

"ეს ჩემი პირველი ვიზიტია საქართველოში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონალური დირექტორის რანგში. ჩემს ვიზიტს საქართველოში აქვს სამი მიზანი, პირველ რიგში, ეს არის ჯანდაცვის მინისტრთან, მთავრობასა და ჯანდაცვის სრფეროს წარმომადგენლებთან ერთად ვიმუშავო კოვიდის საკითხებზე. გარდა ამისა, მეორე მიზანი არის, რომ შევთანხმდეთ კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე თუ როგორ ვიმუშავებთ ჯანდაცვის რეფორმის საკითხებზე. მე მინდა მივულოცო მინისტრს, რომ მიუხედავად პანდემიური ვითარებისა, მაინც გრძელდება უნივერსალური ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის კუთხით მუშაობა საქართველოში. მესამე მიზანი კი არის, რომ განვსაზღვროთ თუ როგორ გავაძლიეროთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფისი საქართველოში, რომ გავზარდოთ ჯანდაცვის საკითხებთან დაკავშირებული დახმარება.

პირველადი კომუნიკაციისას უკვე გამოჩნდა, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლა მიმდინარეობს ჯანდაცვის მინისტრისა და მთავრობის ძლიერი ხელძღვანელობით. საქართველოში ვნახე მთელი რიგი ინოვაციური მიდგომები, როგორიც არის "ცხელების ცენტრები", ონლაინ კლინიკები და კოვიდსასტუმროები, რომელიც შეიძლება გამოდგეს, როგორც მაგალითი სხვა ქვეყნებისთვის. ბევრ ევროპულ ქვეყანაში პრობლემას ის წარმოადგენს, რომ კოვიდ 19-ის პანდემიას მხოლოდ კლინიკებში ებრძვიან, მაგრამ ჩვენ ვერ მოვიგებთ ამ ბრძოლას თუ ფოკუსირებას მხოლოდ კლინიკებზე მოვახდენთ. ჩვენ უნდა გადავიტანოთ ფოკუსი საზოგადოებასა და პირველადი ჯანდაცვის სისტემაზე", - განაცხადა ჰანს კლუგემ.

მისი თქმით, ძალიან მარტივია ისეთი ზომების დაცვა, როგორიც არის ხელებისა და რესპირატორული ჰიგიენა, სოციალური დისტანცია, ნიღბის ინტენსიური ტარება, თუმცა ამ ელემენტარული წესების დაცვას მრავალი ადამიანის გადარჩენა და სიცოცხლის დაცვა შეუძლია.

"მონაცემები ცხადყოფს, რომ საქართველოში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზომებს პოზიტიური ეფექტი აქვს, მაგრამ ჩვენ ეს უნდა გავაგრძელოთ. მინდა დაგარწმუნოთ, რომ საქართველო არის პრიორიტეტული ქვეყანა ჩემთვის, როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონალური დირექტორისთვის. 24 საათი დამჭირდა, რომ კიევიდან ჩამოვსულიყავი, ეს ემსახურება თანამშრომლობის გაზრდას, ამ სიტუაციში ჩვენ შეგვიძლია გამოცდილება გავუზიაროთ საქართველოს და ამავდროულად მისგანაც ვისწავლოთ რაღაც, რაც სხვა ქვეყნებისთვის გასაზიარებლად გამოგვადგება,"- განაცხადა კლუგემ.

მისივე თქმით, საქართველოში, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში აქცენტი გაკეთდება პირველადი ჯანდაცვის სისტემაზე, რადგან გამოცდილებამ აჩვენა, რომ ქვეყნებმა, რომლებსაც ჰქონდათ ძლიერი ჯანდაცვის სისტემა, პანდემიასთან ბრძოლას თავი გაცილებით დამაჯერებლად გაართვეს.

"საქართველოში, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, ფოკუსი გაკეთდება პირველადი ჯანდაცვის სისტემაზე, რადგან ჩვენ ვნახეთ, რომ ქვეყნებმა, რომელსაც აქვთ ძლიერი პირველადი ჯანდაცვის სისტემა, უფრო დამაჯერებლად გაართვეს თავი პანდემიასთან ბრძოლას. ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ არსებობს პირველადი ჯანდაცვის გეგმა და მთელი ყურადღება მხოლოდ კლინიკებზე არ არის გადატანილი. მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოში პირველადი ჯანდაცვის გეგმით დიდი ყურადღება ექცევათ ჯანდაცავის მუშაკებს. ეს ძალიან მახარებს, რადგან არ არსებობს ჯანდაცვა, ჯანდაცვის მუშაკების გარეშე. ჯანდაცვის მუშაკები პირველ ხაზზე მუშაობენ, ისინი იყვნენ ამ პანდემიის პირობებში გმირები და მოვუწოდებ საქართველოს მოსახლეობას და ვთხოვ, რომ დააფასოთ და დაეხმაროთ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს,"- განაცხადა კლუგემ.

"ინტერპრესნიუსი"