"ლევან სუხუმსკიმ" საპირფარეშოში გაყვანა ითხოვა, საიდანაც გაუჩინარდა... - რა მოხდა ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდის სასამართლოზე - კვირის პალიტრა

"ლევან სუხუმსკიმ" საპირფარეშოში გაყვანა ითხოვა, საიდანაც გაუჩინარდა... - რა მოხდა ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდის სასამართლოზე

რუსული მედია ბოლო ორი დღეა, ქართველი ე.წ. კანონიერი ქუდის "ლევან სუხუმსკის" შესახებ წერს. 45 წლის "კანონიერი ქურდი" ლევან აბულაძე, კრიმინალურ წრეებში ცნობილი, როგორც "ლევან სუხუმსკი", ვლადიმირის საოლქო სასამართლოდან გაიქცა.

მანამდე ლევან აბულაძემ პირადი დოკუმენტების გაყალბებისა და ნარკოტიკების შენახვისთვის ოთხწლიანი სასჯელი მოიხადა.

14 სექტემბერს  ეფ-ეს-ბეს მასალების საფუძველზე "კანონიერი ქურდის" წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 210.1 მუხლით, რაც "სისხლის სამართლის იერარქიაში უმაღლესი თანამდებობის დაკავებას" გულისხმობს, ლევანს 8-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა.

ოქტომბერში იგი რუსეთის ფედერაციაში პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა და ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა სამუდამოდ აეკრძალა. გადაწყვეტილებას ხელი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვანიჩკინმა მოაწერა. ლევანი არალეგალთა იზოლატორში გადაიყვანეს და რუსეთიდან რამდენიმე დღეში უნდა გაეძევებინათ, თუმცა მოულოდნელად "კრიმინალური ორგანიზაციის ხელმძღვანელობის" მუხლით ახალი ბრალი წარუდგინეს.

მიმდინარე კვირის ოთხშაბათს, პატიმრობის ვადის გაგრძელების გამო (რომელსაც ვადა ორი დღის წინ გაუვიდა), აბულაძე სასამართლოში გადაიყვანეს. დაცვის მხარემ მოითხოვა, მისთვის ხელბორკილები მოეხსნათ, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა. პროცესის მიმდინარეობის დროს "ლევან სუხუმსკიმ" საპირფარეშოში გაყვანა ითხოვა, საიდანაც გაურკვეველი მიმართულებით გაუჩინარდა...

თითქმის იგივე განმეორდა ნოემბრის დასაწყისში. სამართალდამცველი ორგანოების თვალთახედვიდან უკვალოდ გაქრა "ვლადიმირსკი ცენტრალის" კიდევ ერთი ყოფილი პატიმარი, 44 წლის მამუკა ჩხაბერიძე, იგივე ცაავა, რომელსაც წრეში "მამუკა ხონსკის" სახელით იცნობენ.

ჩხაბერიძე, რომელიც სასჯელს ყაჩაღობისთვის იხდიდა, 28 ოქტომბერს, ავადობის გამო, კიროვის სპეციალური რეჟიმის კოლონიიდან გაათავისუფლეს.

სამი დღის შემდეგ ჩხაბერიძე "ნაბერეჟნიე ჩელნიში" დააკავეს და ახალი ბრალდება წაუყენეს (210.1). თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, აღკვეთის ღონისძიება შეუცვალეს.

ლევან აბულაძე ე.წ. კანონიერ ქურდად 2006 წელს "მოინათლა" და მისი რეკომენდატორები იყვნენ ცნობილი ავტორიტეტები მახო კიტია, იგივე "მახუნია სუხუმსკი", მერაბ ჯანგველაძე, იგივე "მერაბ სუხუმსკი" და ზურაბ დგებუაძე, იგივე "ზურა ზუგდიდსკი". (წყარო)

მოამზადა ნიკა გულუამ