"როდესაც სამშვიდობოს გავალთ, მე და ნინო ბურჯანაძე, ისევე, როგორც სხვა პრორუსი პოლიტიკოსები, ისევ დავუპირისპირდებით ერთმანეთს" - კვირის პალიტრა

"როდესაც სამშვიდობოს გავალთ, მე და ნინო ბურჯანაძე, ისევე, როგორც სხვა პრორუსი პოლიტიკოსები, ისევ დავუპირისპირდებით ერთმანეთს"

"ჩვენს ქვეყანაში ძალიან საინტერესო რამ მოხდა. მილიარდელმა ამ ერთხელ ვეღარ იყიდა ოპოზიციური სპექტრი. რატომ ვერ იყიდა?"

"საქართველოში გაფორმდა რეჟიმი" - ასე ეხმაურება "სტრატეგია აღმაშენებელის" ერთ-ერთი ლიდერი თაკო ჩარკვიანი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის - ირაკლი კობახიძის ინიციატივას, რომელიც ითვალისწინებს იმ პოლიტიკური პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას, რომლის წინასაარჩევნო აგიტაციაში პოლიტიკური ლიდერის რანგში მონაწილეობას მიიღებს პირი, რომელიც არ აკმაყოფილებს კონსტიტუციით დადგენილ რომელიმე ცენზს.

"როგორც მოგეხსენებათ, მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ქმედით მექანიზმს აღნიშნულ არაკონსტიტუციურ ქმედებაზე რეაგირებისთვის. ბუნებრივია, 2000-ლარიანი ჯარიმა, რომელსაც მოქმედი "საარჩევნო კოდექსი" საარჩევნო აგიტაციაში კონსტიტუციის საწინააღმდეგო ჩართულობისთვის აწესებს, არ არის საკმარისი იმ ნეგატიური გავლენის გასანეიტრალებლად, რომელიც აღნიშნულმა ფაქტმა საარჩევნო პროცესზე შეიძლება იქონიოს. შესაბამისად, ინიცირებული კანონპროექტი "საარჩევნო კოდექსში" არსებული ხარვეზის გასწორებას და კონსტიტუციური მოთხოვნის სათანადო აღსრულებას ისახავს მიზნად", - განაცხადა კობახიძემ.

ხელისუფლების ახალ ინიციატივებსა და ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შესაძლო მოლაპარაკების შესახებ თაკო ჩარკვიანი გვესაუბრება.

- დღეს მხოლოდ ოპოზიცია კი არა, მთელი ქვეყანა დადგა უდიდესი გამოწვევის წინაშე. ირაკლი კობახიძის ინიციატივები კონსტიტუციის დარღვევაა და ეს მან ძალიან კარგად იცის. საშიში პროცესი დაიწყო, სახელმწიფო ინსტიტუტების უგულვებელყოფასთან გვაქვს საქმე. ასეთი პრეცედენტი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა. არცერთ ხელისუფლებას არ უკადრია მსგავსი რამ. ერთია - პენიტენციალურ სისტემაში მომხდარი დანაშაული და მეორე - რეჟიმის დაწესება. არ ვარ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი, სხვა პარტიას და სხვა ბლოკს წარმოვადგენ, მაგრამ არ შემიძლია ხმა არ ამოვიღო ამ უსამართლობაზე, - ხელისუფლება ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიას, რომელსაც ექვსასი ათასამდე ამომრჩეველი ჰყავს, რეგისტრაციიდან მოხსნით ემუქრება. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში რეპრესიები იწყება. ახლა საინტერსოა, დაუსვამს თუ არა ბეჭედს საკონსტიტუციო სასამართლო ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას. თავად ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა თქვა, რომ სასამართლოში არის კლანი. შესაბამისად, გვაქვს მოლოდინი, რომ ეს უწყება რეჟიმს გააფორმებს. ასევე, რეჟიმის დასაწყისის მანიშნებელია ხელისუფლების მეორე ინიციატივა პარტიების დაფინანსების წესის ცვლილებასთან დაკავშირებით. "სტრატეგია აღმაშენებელმა" დაფინანსებაზეც უარი თქვა, მანდატებზეც და სხვა ყველაფერზე. ჩვენ არაფერი გვინდა ამ ხელისუფლებისგან, მაგრამ კობახიძემ ხომ მშვენივრად იცის, რატომ ეძლევათ ოპოზიციურ პარტიებს დაფინანსება?! იმიტომ, რომ ქვეყანაში ოპოზიციურმა აზრმა არსებობა შეძლოს. დღეს, 21-ე საუკუნეში საქართველოში ერთპარტიული პარლამენტი გვაქვს.

- პარლამენტი ჯერ კიდევ არ არის ერთპარტიული, ხელისუფლება ფიქრობს, რომ ჯერ კიდევ ყველაფერი წინ არის. - არაფერი აღარ აქვს ხელისუფლებას წინ. ელისაშვილმაც რომ მოიჭრას თავი და შევიდეს პარლამენტში, ამით მაინც არაფერი შეიცვლება. ჩვენს ქვეყანაში ძალიან საინტერესო რამ მოხდა. მილიარდელმა ამ ერთხელ ვეღარ იყიდა ოპოზიციური სპექტრი. რატომ ვერ იყიდა? იმიტომ რომ ყველამ, სრულიად ოპოზიციურმა სპექტრმა გავიაზრეთ საფრთხე, რომელიც ჩვენს ქვეყანას უმძიმესი რეჟიმის სახით ელის. თქვენ, ჟურნალისტებმა იცით, რომ ტყუილად, გადამოწმების გარეშე არაფერს ვამბობ, - ცოტა ხნის წინ "კონსტიტუციონალისტმა" კობახიძემ თავისი არაკონსტიტუციური ინიციატივებით საქართველოს უმძიმესი რეჟიმის დაწესება დააანონსა.

- ცოტა ხნის წინ საფრთხედ ნინო ბურჯანაძეს და მის რუსულ ვექტორს ასახელებდით. ახლა მის პოზიციებს იზიარებთ? - ისევ იმავე აზრზე ვარ, არაფერი შეცვლილა. ნინო ბურჯანაძე იქნება თუ სხვა სახელისა და გვარის მქონე პიროვნება, ჩემთვის ყველა პოლიტიკოსი მიუღებელია, ვისაც რუსული ვექტორი აქვს. მე, რა თქმა უნდა, არ ვიზიარებ მის იდეოლოგიას და კურსს, მაგრამ ვიზიარებ მის პოზიციას, რომ ივანიშვილი და "ქართული ოცნება" არის ყველაზე დიდი საფრთხე ჩვენი ქვეყნისთვის და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ხალხი ხელისუფლებას ჩამოვაშოროთ. როდესაც სამშვიდობოს გავალთ, მე და ნინო ბურჯანაძე, ისევე, როგორც სხვა პრორუსი პოლიტიკოსები, ისევ დავუპირისპირდებით ერთმანეთს.

- ალეკო ელისაშვილი ახსენეთ. თქვენი ვერსიით, მას არ სჯერა იმის, რასაც თქვენ ამბობთ, რომ "ქართული ოცნება" საფრთხეა...

- რა გითხრათ, დაბნეულია. ერთხელ მის წარმომადგენელს ვკითხე, - ოპოზიცია პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით გამოვიდა ქუჩაში-მეთქი? ვერაფერი მიპასუხა. პოლიტპატიმრების საკითხი ვერ გახდება ვაჭრობის საგანი. ჩვენ ქუჩაში სამართლიანი არჩევნებისთვის გამოვედით და ამ მიზნის მიღწევის შემთხვევაში პოლიტპატიმრების პრობლემაც მოიხსნება.

ასე რომ, საქმე რომელიც დავიწყეთ, ბოლომდეა მისაყვანი.

- პოლიტპატიმრების თემა არც არის მოლაპარაკების მთავარი თემა, ელისაშვილი არჩევნების ხელახლა გადათვლაზე ლაპარაკობს. - კარგით რა, რას გადათვლიან, უკვე ჩასწორებულ და გადაწერილ ბიულეტენებს? ახლა გადათვლას რა აზრი აქვს, არჩევნების პირველივე კვირას მოვითხოვეთ, მაშინ უარი გვითხრა, ახლა რას გვთავაზობენ?

ხათუნა ბახტურიძე (სპეციალურად საიტისთვის)