"თა­ვი­სი მდგო­მა­რე­ო­ბის გამო, ვერ პა­ტი­ობ­და სა­კუ­თარ თავს... არც და­მიშ­ვია რომ ვე­ღარ ვნა­ხავ­დი" - რას ჰყვება კობა დავითაშვილის მეუღლე - კვირის პალიტრა

"თა­ვი­სი მდგო­მა­რე­ო­ბის გამო, ვერ პა­ტი­ობ­და სა­კუ­თარ თავს... არც და­მიშ­ვია რომ ვე­ღარ ვნა­ხავ­დი" - რას ჰყვება კობა დავითაშვილის მეუღლე

პოლიტიკოსი, პარლამენტის ყოფილი წევრი, კობა დავითაშვილი 49 წლის ასაკში, 2 დეკემბერს გარდაიცვალა. დავითაშვილი ათი დღის განმავლობაში ალადაშვილის კლინიკაში მართვით სუნთქვაზე გახლდათ. გარდაცვალების მიზეზი პოლიორგანული უკმარისობა გახდა, თუმცა როგორც მეუღლე, ინგა ბიწაძე გვიყვება, ყველაფერი ძალიან ადრე დაიწყო...

პოლიტიკოსს უკანასკნელი სურვილი აუხდა და სოფელ ნიაბში 2006 წელს თავისივე აღდგენილი ტაძრის ეზოში დაკრძალეს. როგორ ცხოვრობდა ბოლო თვეები, რა გახდა მისი ჯანმრთელობის დამძიმების მიზეზი, AMBEBI.GE-ს პოლიტიკოსის მეუღლე ინგა ბიწაძე ესაუბრა:

- კობა ზაფხულში გახდა ცუდად, სუსტად იყო, ოთახში საჭმელს რომ შევუტანდი ჭამა ავიწყდებოდა, ვეუბნებოდი, კობა, გაცივდება და გემრიელი აღარ იქნება-მეთქი. ერთ დღეს, გათენებას, ბავშვმა გამაღვიძა, მამას მუცელი სტკივაო. სასწრაფო გამოვიძახე, უთხრეს, ბატონო კობა, აუცილებლად უნდა გადაგიყვანოთო, მაგრამ არ გაყვა, სახლში გამიკეთეთ ყველაფერიო, სიარული უჭირდა. მართლა ყველაფერი გავუკეთე, ანალიზები, ექოსკოპია, რენტგენი, მითხრეს, ნორმალურად არის, არცერთი ორგანო არ არის მუცელში გახეთქილიო.

მაგრამ სუსტად იყო, ხალისი ჰქონდა დაკარგული. ამის შემდეგ კარგა ხანი გავიდა, თითქმის ორი თვე და სექტემბერში გავუკეთეთ ოპერაცია. აღმოჩნდა, რომ ბრმანაწლავი ჰქონდა გახეთქილი და ეს მხოლოდ კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე გამოჩნდა. ამ დროს უკვე რამდენი ხნის გახეთქილი იყო, არ ვიცი. საავადმყოფოდან სახლში რომ მოვიყვანე, ძალიან ცუდად გახდა, კიბეზე ძლივს ამოვიდა. ღებინება ჰქონდა და ასე გაგრძელდა გარდაცვალებამდე, თითქმის ვეღარ ჭამდა საჭმელს.

- მის მეგობრებს თუ მიმართეთ, თუნდაც საზღვარგარეთ რომ წაგეყვანათ?

- არა, არ მიფიქრია ამაზე, რადგან ადრეც დაემართა დაახლოებით ასე, ოთხი თვე ლოგინად იყო და შემდეგ წამოვაყენე. არ მეგონა, რომ რამე საგანგაშო იყო, ახლა ვხვდები... თან ყველაფერზე მეწინააღმდეგებოდა, არც ექიმის გაგონება უნდოდა, არც გადასხმის. ყველა ორგანოზე პრობლემა ჰქონდა, დაიღალა ძალიან. თან სახლში მოსწონდა, ძალიან დამშვიდდა ბოლო პერიოდში, ყველას გვეფერებოდა. ბოლოს, ალადაშვილის კლინიკაში რომ გადავიყვანეთ ათი წუთი გული გაუჩერდა და ექიმი გაოცებული იყო, ამას როგორ გაუძლოო.

- ვინმესთან შეხვედრას ან საუბარს თუ გთხოვდათ?

- ვეკითხებოდი, ვისთან გინდა შეხვედრა, საუბარი-მეთქი, არავინ უნდოდა. ბოლოს დიმიტრი ხუნდაძეს დაურეკა, ხელებს ვერ ვგრძნობ და რას მირჩევო, ფიქრობდა, რომ ეს პრობლემა ხერხემლიდან მოდიოდა. ზაფხულში ძალიან ცუდად რომ გახდა, სოციალურ ქსელში პოსტი დაწერა და დახმარება ითხოვა. მართლა ყველანაირი დახმარება მიიღო, მაგრამ ორგანიზმმა ვეღარ გაუძლო.

- თქვენი უფროსი შვილი საზღვარგარეთ სწავლობს...

- დიახ, კობა რომ გარდაიცვალა, ჩამოვიდა, მაგრამ დასაფლავებას ვეღარ მოუსწრო, იმ დღეებში შეიცვალა კანონი, რომ უცხოეთიდან დაბრუნებულს კარანტინში აღარ უშვებდნენ.

იმდენად რთული ცხოვრება მქონდა კობასთან, რომ მის გამო, ყველაფერზე თანახმა ვიყავი და როგორ ვერ მივხვდი, რომ ბოლოს ძალიან ცუდად იყო. ექიმები მამშვიდებდნენ, ნუ იდანაშაულებ თავს, ჩვენც ვერ მივხვდეთო. კობას დედ-მამა ცოცხალი ჰყავს, მამამთილი ონკოლოგიური ავადმყოფია, უძლებს როგორღაც. ბავშვებთან ვერ ვტირი, არ მაძლევენ უფლებას, თვალებში მიყურებენ, ვერ იტანენ ჩემს ტირილს, იძულებული ვარ გავჩუმდე.

- მისი გარდაცვალების შემდეგ, სოციალურ ქსელში ყველა დადებითად იხსენებდა...

- კაცისთვის ძალიან ძნელია, როდესაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონეა, როდესაც სხვაზეა დამოკიდებული, თავის თავს ვერ უვლიდა. ყველანაირად ერიდებოდა ხალხთან ურთიერთობას. ბოლოს ორი წლის წინ გააპროტესტა მარიხუანას ლეგალიზაცია, ალბათ ინფარქტიც მაგ დროს გადაიტანა, იმდენად ნერვიულობდა, არ ვიცი, რის ფასად უჯდებოდა ყველა აქტიურობა. თავისი მდგომარეობის გამო, არავის ეკონტაქტებოდა, არასრულფასოვნად თვლიდა თავს. სახლში სულ ჩემი მოსავლელი იყო და ერთი წუთითაც არ შეგუებია ამას. ვერ პატიობდა საკუთარ თავს, ძალიან თავმოყვარე ადამიანი იყო. სულ ბოდიშებს მიხდიდა, მაგრამ რა მაგისი ბრალი იყო. გაგრძელება