"ამომრჩეველი გადაწყვეტს, რომელი "გირჩი" მიესადაგება მის გემოვნებას" - კვირის პალიტრა

"ამომრჩეველი გადაწყვეტს, რომელი "გირჩი" მიესადაგება მის გემოვნებას"

ზურაბ ჯაფარიძე 26 დეკემბერს ახალ "გირჩს" დააფუძნებს. პარტია დარეგისტრირდება სახელით "მეტი თავისუფლება - "გირჩი".

"ძველ პარტიას, "გირჩს", ოფიციალური დასახელება ჰქონდა: "ახალი პოლიტიკური ცენტრი "გირჩი", მაგრამ ასე არავინ მოიხსენიებდა. ახლა ფორმალურად ჩავწერთ "მეტი თავისუფლება - "გირჩი" და ვიქნებით ისევ "გირჩი". როგორც ხედავთ, სახელს არ ვთმობთ. ფაქტობრივად, ორი "გირჩი" იქნება და ბაზარზე გაჩნდება ჯანსაღი კონკურენცია, ხალხი თვითონ აირჩევს, რომელი "გირჩისკენ" გადაიხაროს", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძის თანაშემწე ნინა საჯაიამ. თანაპარტიელებისგან გამიჯვნის გადაწყვეტილება ზურაბ ჯაფარიძემ რამდენიმე კვირის წინ სოცქსელში გაახმაურა. "ერთი მხრივ, ჩემი, ხოლო მეორე მხრივ, იაგოს, ვახოს და სანდროს გზები გაიყო. აღარ ვაპირებ მათთან ერთად "გირჩის" კეთებას", - დაწერა ჯაფარიძემ. მოგვიანებით კი განაცხადა, რომ "გირჩი" არ დაუტოვებია და კვლავ პარტიის ლიდერია. რა განსხვავება იქნება ორ "გირჩს" შორის, როგორი იქნება ჯაფარიძის "გირჩის" სტრატეგია და პოზიცია ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკებაში, ზურაბ ჯაფარიძე განგვიმარტავს:

- ძველ და ახალ "გირჩს" შორის ბევრი განსხვავება იქნება - ერთ-ერთი მეტი ღიაობაა. იდეოლოგიას რაც შეეხება, ისევ კლასიკური ლიბერალიზმის ერთგული ვრჩებით.

- თქვენ უკვე შეიტანეთ განცხადება დეპუტატის მანდატის გაუქმების თაობაზე. როგორ გგონიათ, რას იზამს მეორე "გირჩი", ხომ არ არის მოსალოდნელი ბარიკადების სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდეთ? ოპოზიციის ლიდერების ნაწილი ფიქრობს, რომ თუ ძველი "გირჩი" "ქართულ ოცნებას" არ "ჩაეხუტება", პოლიტიკაში დარჩენის პერსპექტივას დაკარგავს. - ამას დრო აჩვენებს. არ გამოვრიცხავ, რომ ზოგიერთ საკითხზე ვითანამშრომლოთ, თუმცა მაინც კონკურენტები ვიქნებით. საბოლოოდ ამომრჩეველი გადაწყვეტს, რომელი "გირჩი" მიესადაგება მის გემოვნებას. არა მგონია, "ოცნებას" ჩაეხუტონ, არც ის, რომ პოლიტიკური სცენიდან გაქრნენ, ნიჭიერი ხალხია, ბევრი კარგი რამის გაკეთება შეუძლიათ.

- სადუპუტატო მანდატს დათმობენ? - ვფიქრობ, ისინიც უარს იტყვიან.

- ვახტანგ მეგრელიშვილი ამბობს, რომ არის მოლაპარაკების ორი თემა, რაზეც "გირჩი" და სხვა ოპოზიციური პარტიები ვერ თანხმდებიან. კერძოდ, უნდა შეიცვალოს თუ არა საარჩევნო სისტემა და რამდენად მნიშვნელოვანია ეს, შეიძლება თუ არა მისი გაცვლა ვადამდელ არჩევნებზე. როგორია თქვენი აზრი? - არ მსურს ამაზე საუბარი.

- როგორ ფიქრობთ, კიდევ რა ახალი საკითხი შეიძლება განიხილონ მოლაპარაკებაზე? - ვერ გეტყვით. როგორც უკვე იცით, არის ოთხი ისეთი პუნქტი, რომლებზეც ყველა ოპოზიციური პარტია შეთანხმებული იყო. ვნახოთ, რა იქნება, ყველაფერი მაინც ხელისუფლებაზეა დამოკიდებული.

- თქვენ თუ გქონდათ განსხვავებული მოსაზრება? - არა. ახალი "გირჩისთვის" საინტერესო საკითხი რაც იყო, შეთანხმებულმა ოპოზიციამ ყველაფერი გაიტანა მოლაპარაკების მაგიდაზე.

- მეხუთე რაუნდი ერთხელ უკვე ჩაიშალა. როდის გაიმართება მორიგი? - ძალიან რთული ვითარება რომ გვაქვს, ამაზე ისიც მეტყველებს, რომ მეხუთე რაუნდი ჯერ დანიშნულიც არ არის. ყოველ შემთხვევაში, ჩემთან კონტაქტი არ ჰქონიათ მოდერატორებს. ეს მეტყველებს, რომ ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხედულებების დაახლოება ვერ ხერხდება. მე იმის თქმაც მიჭირს, დაინიშნება თუ არა შემდეგი რაუნდი, ან თუ დაინიშნება, დამთავრდება თუ არა შედეგით.

- სხვა ოპოზიციური ლიდერების მსგავსად თქვენც ფიქრობთ, რომ კობახიძის ხისტი განცხადებების გამო ჩაიშალა მეხუთე რაუნდი? - საკანონმდებლო ბერკეტების გამოყენებით ოპოზიციაზე ზეწოლის ცდა, რომ რამენაირად შეიტყუონ პარლამენტში, ხელს არ უწყობს მოლაპარაკებას...

- თქვენ გამოეხმაურეთ ირაკლი კობახიძის ინიციატივას, რომელიც პარტიების დაფინანსების წესის ცვლილებას უკავშირდება. კერძოდ, პარტიას, რომელსაც საპარლამენტო მანდატები შეუწყდება, ან რომელიც საპარლამენტო მუშაობაში არ ჩაერთვება, სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდება ან ერთი წლით შეუჩერდება. თქვენ თქვით, რომ დაფინანსების სისტემა ისედაც გასაუქმებელი იყო... როგორ აპირებთ პარტიის შენახვას? - როგორც აქამდე ვინახავდი. არასდროს ამიღია პარტიის დასაფინანსებლად ბიუჯეტის ფული და არც მომავალში ვაპირებ. "გირჩი" არასდროს დაფინანსდება ბიუჯეტიდან. როგორ ვარსებობთ? კერძო შემოწირულობებით. ათასობით მოქალაქე ყოველთვიურად გვირიცხავს ფულს, დაწყებული ერთი ლარით, დამთავრებული ორასით. ეს არის სწორი გზა, თუ გვსურს, პოლიტიკა პოლიტიკას ჰგავდეს.

- გავრცელდა ვერსია, რომ თქვენი მთავარი დამფინანსებელი პალიკო კუბლაშვილია. - ტყუილია. პალიკო კუბლაშვილი ჩვენ მხოლოდ რამდენჯერმე დაგვეხმარა - ერთხელ ოფისის ქირა გადაგვიხადა და ერთხელაც პორტალის დამზადების ხარჯი აგვინაზღაურა ჩემი თხოვნით. ასე რომ, არავის წინაშე ანგარიშვალდებული არა ვართ და არც მომავალში ვაპირებთ.

- ამბობთ, რომ მოლაპარაკებისგან შედეგს არ ელით და არც პარლამენტში შეხვალთ, აქციებსაც ვერ გამართავთ, თუნდაც ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე. მაშ, რას აპირებთ? - ეს ყველაზე აქტუალური კითხვაა, ამავეს მეკითხებიან ჩემი მხარდამჭერებიც. მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ოპოზიციურ სპექტრში არ არსებობს ამ საკითხზე შეთანხმებული გეგმა. გამიჭირდება მთლიანი ოპოზიციის სახელით საუბარი, არ ვიცი, რომელ პარტიას რა გეგმა აქვს. მე მხოლოდ ჩემს თავსა და ახალ "გირჩზე" შემიძლია გითხრათ - ჩვენ პარლამენტის გარეთ ბრძოლის გამოცდილება გვაქვს და ასევე ვაპირებთ გაგრძელებას. განსხვავება ის იქნება, რომ ადაპტირება მოგვიწევს ახალ რეალობასთან, პარლამენტის მანდატების გარეშე უნდა მივაღწიოთ ვადამდელ არჩევნებს.

- ახალ "გირჩში" ახალ სახეებს, პოლიტიკოსებს თუ ვიხილავთ ან რომელიმე სხვა პოლიტიკურ ძალასთან ხომ არ აპირებთ რაიმე ფორმატით გაერთიანებას?

- ახალი სახეები აუცილებლად გვეყოლება, მათ შორის ბევრი ახალგაზრდა იქნება. რაც შეეხება გაერთიანებას, არავისთან არანაირი ფორმატით არ ვაპირებთ გაერთიანებას, "გირჩს" თავისი გზა აქვს.

ხათუნა ბახტურიძე