"შანტაჟის და მუქარის მიუხედავად, არ ვაპირებთ მოლაპარაკების გაგრძელებაზე უარის თქმას" - კვირის პალიტრა

"შანტაჟის და მუქარის მიუხედავად, არ ვაპირებთ მოლაპარაკების გაგრძელებაზე უარის თქმას"

"ჩვენ ყოველთვის ვფიქრობდით და ახლაც ვფიქრობთ, რომ დიალოგს ალტერნატივა არა აქვს"

"უკვე გამოიკვეთა ოპოზიციის მიზანი - ეს არ არის ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება და სტაბილურობა, იქიდან გამომდინარე, რომ მათ ვორდინგში გაჩნდა სიტყვები "მსხვერპლი", "ლეგიტიმური რევოლუცია", - განაცხადა ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ. მისი თქმით, მოლაპარაკების მაგიდას ოპოზიციის წარმომადგენლები აყირავებენ. "როცა ასეთი ჩიხური სიტუაციისკენ მიდის პროცესები, არა მხოლოდ ჩვენი შეფასებით, ალბათ, ყველა ობიექტური დამკვირვებლის შეფასებით, ეს მეტწილად დამოკიდებულია იმაზე, რომ მაგიდას აყირავებენ ოპოზიციის წარმომადგენლები, იმდენად, რამდენადაც არ მოდიან ისეთ დათქმებზეც კი, როგორიც არის შეთავაზება რიგგარეშე არჩევნებისა იმ შემთხვევაში, თუ მათივე მონაწილეობით საგამოძიებო კომისია დაადგენს 1%-იან გადახრასაც კი "ქართული ოცნების" სასარგებლოდ. ამაზე უარის თქმა, წარმოიდგინეთ, რამხელა ვა-ბანკზე წასვლაა", - დასძენს მდინარაძე.

რა სურს სინამდვილეში ოპოზიციას და რაში ხედავს გამოსავალს - ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე, რომელიც ცოტა ხნის წინ ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში ინდივიდუალურ შეხვედრაზე იმყოფებოდა. მაშინ შეხვედრის დეტალებზე საუბრისგან "ლელოს" ლიდერმა თავი შეიკავა და მხოლოდ ის განაცხადა, რომ შეხვედრა ქვეყანაში დღეს არსებულ ვითარებას შეეხებოდა:

- ვფიქრობ, ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა ამერიკისა და ევროკავშირის ელჩებთან. ჩვენ მეტი აქტიურობა და ფასილიტაციის მდგომარეობიდან საარბიტრაჟოში გადასვლა ვთხოვეთ. ეს მანამდე იყო, სანამ სადეპუტატო მანდატებზე უარს ვიტყოდით. იმედია, უახლოეს დღეებში დაინიშნება მეხუთე რაუნდი. თუმცა კობახიძის ხისტი განცხადებები მეტყველებს ხელისუფლების დესტრუქციულობასა და სურვილზე ჩაიშალოს მოლაპარაკება. წინა რაუნდი სწორედ კობახიძის ხისტმა განცხადებებმა ჩაშალა. ნაცვლად იმისა, რიტორიკა შეეცვალა, იგივე გაიმეორა, ისევ მუქარისა და შანტაჟის შემცველი განცხადებები გააკეთა. ზოგიერთ პარტიას გაუქმებით დაემუქრა, ზოგს დაფინანსების შეწყვეტით. ყოველივეს მიუხედავად, მე მაინც მაქვს იმედი, რომ მოლაპარაკება გაიმართება და შედეგსაც მივიღებთ.

- თუ ოპოზიცია ფიქრობს, რომ ხელისუფლებას სურს მოლაპარაკების ჩაშლა და კობახიძეც ამიტომ აკეთებს ხისტ განცხადებებს, რატომ არ ცდილობთ მის უგულებელყოფას? - ახლა სწორედ ამას ვაკეთებთ. შანტაჟის და მუქარის მიუხედავად, არ ვაპირებთ მოლაპარაკების გაგრძელებაზე უარის თქმას. ჩვენ ყოველთვის ვფიქრობდით და ახლაც ვფიქრობთ, რომ დიალოგს ალტერნატივა არა აქვს.

- საინტერესოა, რა კეთდება, რომ მოლაპარაკება ფორმალობად არ იქცეს და ყველა მორიგი რაუნდი ყოველ ჯერზე უშედეგოდ არ დასრულდეს. ხელისუფლება თქვენს მთავარ მოთხოვნას - ვადამდელ არჩევნებს წითელ ხაზად მიიჩნევს და პრინციპულ უარს ამბობს იმსჯელოს ამ საკითხზე. შესაძლებელია თუ არა, რომ ოპოზიციამ მოლაპარაკებისას სხვა, საპირწონე საკითხი წამოაყენოს, თუნდაც საარჩევნო სისტემის შეცვლა, ხმების ხელახალი გადათვლა ან კიდევ სხვა რამ? - არა, ვადამდელი არჩევნები არაფერში არ გაიცვლება - ეს ჩვენი მთავარი მოთხოვნაა. არჩევნები გაყალბდა, ჩვენი ამომრჩევლის ხმები მოიპარეს, ამიტომ ახალ არჩევნებს ალტერნატივა არ გააჩნია. რაც შეეხება საარჩევნო კოდექსსა და გარემოს, ეს ისედაც არის ერთ-ერთი მოთხოვნა იმ ოთხი პუნქტიდან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ არა საკმარისი.

- თუ ორივე მხარე ასე პრინციპული იქნებით, შეთანხმებამდე როგორ მიხვალთ? - ვფიქრობ, ხელისუფლებამ ნათლად დაინახა ახალი რეალობა, რომელიც მას შემდეგ შეიქმნა, რაც 51-მა დეპუტატმა უარი თქვა საპარლამენტო მანდატზე. ეს ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებს მმართველ გუნდს. 30 წლის განმავლობაში პირველად ერთპარტიული პარლამენტია, რაც ძალიან ცუდია, და რაც უფრო სწრაფად გამოასწორებენ, მით უკეთესი იქნება როგორც მათთვის, ისე ქვეყნისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისევ ტყუილში მოგვიწევს ცხოვრების გაგრძელება.

- დავუშვათ შეეგუა "ქართული ოცნება" ერთპარტიული პარლამენტის არსებობას. - შეუძლებელია ქვეყანა 90-კაციანმა პარლამენტმა მართოს და არ იყოს წარმოდგენილი ოპოზიცია მაშინ, როცა გაყალბებულ არჩევნებშიც კი ოპოზიციას მოსახლეობის 52%-მა დაუჭირა მხარი.

დარწმუნებული ვარ ჩვენი უცხოელი პარტნიორების დახმარებით "ქართული ოცნების" რიტორიკა შეიცვლება. სერბეთის მაგალითს მოვიყვან. მათ რიგგარეშე არჩევნები დანიშნეს, მიუხედავად იმისა, რომ იქ ოპოზიციის ერთი ნაწილი შევიდა პარლამენტში. რიგგარეშე არჩევნები არ უნდა იყოს ისე აღქმული, თითქოს ერთი მხარე მოერია მეორეს. ორივე მხარემ უნდა ვაღიაროთ, რომ ის პოლიტიკური მემკვიდრეობა, რომლითაც დღემდე მოვდივართ, არ უნდა გავაგრძელოთ, ახალი ეტაპი უნდა დავიწყოთ.

- მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ოპოზიციის ვორდინგში გაჩნდა სიტყვები "მსხვერპლი" და "ლეგიტიმური რევოლუცია". ამასთან, ალეკო ელისაშვილმა მიანიშნა, რომ თქვენ რევოლუციის მომხრე ხართ. რას ნიშნავს ეს? ოპოზიციაში მართლა განიხილება რევოლუციური სცენარი? - იმას, რასაც ალეკო ელისაშვილი აკეთებს, ჭორაობა ჰქვია. მე მასზე მეტი კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ, ვერ ავყვები ჭორაობაში. ჩვენ თანამიმდევრული, გამჭვირვალე პოლიტიკა გვაქვს. ამით გამოვირჩევით სხვა პარტიებისგან. რევოლუცია რომ გვნდომოდა, საჯაროდ თქმასაც არ მოვერიდებოდით. ჩვენ პოლიტიკაში მოსვლის დღიდან ვამბობთ, რომ სიტყვები "რევოლუცია" და "გადატრიალება" ლექსიკონიდან უნდა ამოვიღოთ. ეს პროცესი ქვეყანაში დესტაბილიზაციას იწვევს და ამაზე ლაპარაკი "ქართული ოცნების" წისქვილზე ასხამს წყალს. ჩვენ ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა გვსურს და არა პირიქით. რევოლუციაზე ლაპარაკი ძალიან სახიფათოა. ჩვენისთანა გაჭირვებული ქვეყანა შეიძლება ერთმა არასწორმა მოძრაობამაც ისე შეასუსტოს, რომ საწყის წერტილზეც ვეღარ დაბრუნდეს. "ლელოს" აზრი ამ საკითხზე ახლაც უცვლელია. ტყუილსა და ღალატს ყოველთვის გავაპროტესტებთ, მაგრამ ნაბიჯსაც არ გადავდგამთ ისეთს, რაც კანონთან შეუსაბამო იქნება.

- ოპოზიციის ერთი ნაწილის აზრით, გამოსავალი მოლაპარაკების შეჩერება და ალტერნატიული ორგანოს, ანუ სახალხო პარლამენტის შექმნაა. - ამას კატეგორიულად ვემიჯნები. ეს კინო უკვე ვნახეთ წარსულში და ქვეყნისთვის კარგი არაფერი მოუტანია.

- გიორგი გახარიამ პარლამენტს უკვე წარუდგინა სამთავრობო კაბინეტის შემადგენლობა. მინისტრთა კაბინეტში ახალი მხოლოდ იუსტიციის მინისტრია. - ჩემი, როგორც ერთი მოქალაქის აზრით, ქვეყანა ისევ ისეთ ჭაობში დარჩება, როგორშიც აქამდე იყო "ქართული ოცნების" წყალობით. როცა არჩევნებს იგებ და იმავე შემადგენლობით განაგრძობ მუშაობას, ნიშნავს, რომ გსურს ქვეყანა ისევ ძველებურად ამყოფო ჭაობში. ვფიქრობ, ქართველი ხალხი ამას არ შეეგუება და "ოცნების" ლიდერებს არათუ ხელისუფლებიდან, პოლიტიკიდანაც გაუშვებს. სიმართლე გითხრათ, სხვაგვარი მოლოდინი არც მქონდა. სანამ ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილია, არა მგონია რაიმე გაკეთდეს, ქვეყნის განვითარებისთვის. ამას ერთი მარტივი მიზეზი აქვს - ივანიშვილს არა აქვს ქვეყნის განვითარების ხედვა.

- რას იტყვით სამთავრობო პროგრამაზე "ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის", რომლის მიზანი პანდემიით შექმნილი კრიზისის დაძლევა, ეკონომიკის სწრაფი აღდგენა-განვითარება და თითოეული მოქალაქისათვის სტაბილური, უსაფრთხო გარემოს შექმნაა? - ეს მხოლოდ სათაურებია, სხვა არაფერი. გარწმუნებთ, ხელისუფლება ისევ ძველებურ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას. სწორედ ამაზე მეტყველებს ახალი მინისტრთა კაბინეტი.

ხათუნა ბახტურიძე