"გავიფიქრე, დათოს ვკარგავ-მეთქი..." - რეჟისორი დავით ანდღულაძე გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

"გავიფიქრე, დათოს ვკარგავ-მეთქი..." - რეჟისორი დავით ანდღულაძე გარდაიცვალა

"რკინის თეატრის" დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი, რეჟისორი დავით ანდღულაძე 64 წლის ასაკში, მძიმე ავადმყოფობის შედეგად, პარიზში, კლინიკაში გარდაიცვალა.

დავით ანდღულაძე 1982-1985 წლებში საქართველოს ტელევიზიაში რეჟისორად მუშაობდა,1985 წლიდან იყო მარჯანიშვილის თეატრის რეჟისორი, სადაც დადგა "გრაალის მცველნი", შემდეგ კი - ახმეტელის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, სწორედ იმ პერიოდში დაიდგა ცნობილი, შესანიშნავი სპექტაკლები - "ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები", "მეორედ მოსვლა ანუ ვიზიტი", "ღალატი" და სხვები.

მისი მეგობრები და კოლეგები, მსახიობები - ნანა ფაჩუაშვილი და ნინელი ჭანკვეტაძე ბატონ დათოს "kvirispalitra.ge"-სთან იხსენებენ...

ნანა ფაჩუაშვილი:

- ბოლო ერთი წელია, დათო აქ აღარ ცხოვრობდა, საფრანგეთში იყო. გაირკვა, რომ მას სიმსივნე დაემართა და რამდენიმე თვეში ისე მოერია, რომ ჩვენდა სამწუხაროდ, გუშინ ღამე, კლინიკაში გარდაიცვალა.

დათო იყო "რკინის თეატრის" შემქმნელი, ამშენებელი, მფლობელი, ახმეტელის თეატრში კი არაერთი შესანიშნავი სპექტაკლი დადგა. მას მე მოვიგონებ, როგორც ძალიან ახლობელ ადამიანს, რეჟისორს, მეგობარს. მან მე ახმეტელის თეატრში მიმიწვია, ჩემთვის და მისთვისაც ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სპექტაკლში - "მეორედ მოსვლა, ანუ ვიზიტი". უაღრესად მადლობელი ვარ მისი, რომ ამ როლმა და დათოსთან მუშაობამ ჩემს შემოქმედებაში გარკვეული გარდატეხა მოახდინა. საოცარი დამოკიდებულება ჰქონდა თავისი საქმის მიმართ. ახმეტელის თეატრში მან ძალიან კარგი სპექტაკლები დადგა, ასევე, მარჯანიშვილის თეატრში, ინსტიტუტშიც საინტერესო ჯგუფი ჰყავდა და იქაც რთულ და საინტერესო პიესებს დგამდა, ერთ-ერთი იყო "სამგროშიანი ოპერა". თავგადადებული რეჟისორი იყო.

რკინის თეატრი რომ შექმნა, ბევრი რამ საკუთარი ხელით გააკეთა, ფიზიკურად მუშაობდა. იქ რომ შეხვალთ, მიხვდებით, დათოს იმ ჯაფას, რაც მან იქ ჩადო, საკუთარი ჯანმრთელობის ხარჯზეც კი. დიდი გეგმები ჰქონდა. რკინის თეატრში, ნინელი ჭანკვეტაძესთან ერთად, საფესტივალო სპექტაკლზე იმუშავა და ძალიან კარგი გამოვიდა.

სამწუხაროდ, დათოს ეს ავამდოყოფობა მოერია. 18 დეკემბერს, უკვე თბილისში მოფრინავდა, ბილეთიც აღებული ჰქონდა, მაგრამ უცებ გახდა ცუდად. არ ვიცი, რა გულმა მიგრძნო, მობილურზე დავურეკე და მიპასუხა, მაგრამ ხმაზე მივხვდი, რომ ძალიან ცუდად იყო. ნანიკოს მეძახდა და მითხრა, ნანიკო, ახლა ვერ დაგელაპარაკები, ცოტა ხანში, მალე დაგირეკავო და გათიშა... მისი ხმა არ მომეწონა, იქვე გავიფიქრე, დათოს ვკარგავ-მეთქი... საშინელი ტკივილები ჰქონია და სასწრაფოდ წაიყვანეს საავადმყოფოში, მეოთხე დღეს გარდაიცვალა... ძალიან გულნატკენი და გულდაწყვეტილი ვარ... იმედია, მისი გადმოსვენება დროულად მოხერხდება...

ნინელი ჭანკვეტაძე:

- მე და დათო ერთმანეთს ინსტიტუტის პერიოდიდან ვიცნობდით, თითქმის თანატოლები ვიყავით... როგორც რეჟისორი და მსახიობი, სამწუხაროდ, ბევრჯერ არ შევხვედრივართ, თუმცა, ვმეგობრობდით და მის ოჯახთანაც შესანიშნავი ურთიერთობა მქონდა. ერთადერთხელ ვიმუშავეთ ერთად, რკინის თეატრში, სპექტაკლზე - "ჩიტები". თეატრების რეგიონალურ ფესტივალზე მითხრა, რომ ამ ფესტივალისთვის მე და შენ რაიმე უნდა გავაკეთოთო და ერთ-ერთი წელი სწორედ ამ "ჩიტებით" გავხსენით. მან შესანიშნავი სპექტაკლები დადგა სხვადასხვა დროს. "რკინის თეატრის" დაარსებასა და მისი რეპერტუარის შექმნაში დიდი შრომა ჩადო. ბოლო ხანებში, სტუდენტებიც ჰყავდა და აქტიურ პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა, თავისი, ძალიან კარგი გუნდი შემოიკრიბა, ბევრი გეგმა და ოცნება ჰქონდა და ჩემთვის ძალიან გულდასაწყვეტი, მტკივნეულია მისი დაღუპვის ამბავი. ერთადაც ვგეგმავდით კიდევ რაიმეს გაკეთებას, ხუმრობით, საფრანგეთშიც მეპატიჟებოდა და ჯერ აქ ჩამოდი და აქ გავაკეთოთ-მეთქი, ვეუბნებოდი... ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი ნიჭიერი და ძალიან კარგი ადამიანი, ასეთ ადრეულ ასაკში წავიდა ჩვენგან. ვიზიარებ მისი არაჩვეულებრივი ოჯახის მწუხარებას.

"კვირის პალიტრა" მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უსამძიმრებს ბატონი დავითის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

თამთა დადეშელი (სპეციალურად საიტისთვის)