"მხოლოდ იმ არტისტებს გაუმართლათ, ვინც სატელევიზიო სივრცეშია დასაქმებული" - კვირის პალიტრა

"მხოლოდ იმ არტისტებს გაუმართლათ, ვინც სატელევიზიო სივრცეშია დასაქმებული"

"როცა ჩვეულ რეჟიმში ჩავდგებით, დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი დუეტი მსმენელებს მომავალშიც გაახარებს"

არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ცხოვრების გზაზე უსიამოვნების გადატანა არ უწევდეს. კარანტინის დროს სტრესი ერთი-ორად მატულობს და ამ მდგომარეობას თითოეული ჩვენგანი განსხვავებული მეთოდებით ებრძვის. ჩვენი სტუმარია მომხიბლავი, ყველასათვის საყვარელი მომღერალი მაკა ზამბახიძე, რომელიც მკითხველს თავის გამოცდილებას გაუზიარებს:

- კარანტინის გამო ყველანი ტელეეკრანებს ან სოცქსელებს მივეჯაჭვეთ და ხშირად უარყოფითი ინფორმაციის მოსმენა გვიწევს. თქვენ როგორ უმკლავდებით ამას?

- ნეგატიური ინფორმაციის მოსმენა ყოველთვის დამთრგუნველია და ამ განცდასთან შებრძოლებაც რთულია. ამიტომ ვცდილობ ყველაფერს ზედმეტად არ ჩავუღრმავდე და ცუდზე არ ვიფიქრო - ეს ჩემთვის თავდაცვის მექანიზმად იქცა.

- კორონავირუსთან საბრძოლველად რა მეთოდი აირჩიეთ? - თუ ძალიან აუცილებელი საქმე არა მაქვს, სახლიდან არ გავდივარ. ნაკლები სტუმრიანობა და ნაკლები მიმოსვლა - ამის შესრულება ჯერჯერობით არ მიჭირს, თანაც არ გამოვრიცხავ, რომ ვირუსი მეც შეიძლება შემხვდეს - ამისთვის რაღაცნაირად მზადაც ვარ. ვფიქრობ მოვერევი, თუ არადა, რაც იქნება, იქნება! მთავარი რწმენა, ღმერთის იმედია. ამის წყალობით სიმშვიდეს ვინარჩუნებ.

- ხელოვანებს განსაკუთრებით გაუჭირდათ თავიანთ საქმესთან განშორება. თქვენ როგორ ეგუებით ამ ერთფეროვნებას? - რა თქმა უნდა, მეც მენატრება კონცერტები, რეპეტიციები, გადაღება... ეს ჩემთვის დიდი დანაკლისია, ამიტომ ვცდილობ ძველი რეჟიმი სამზარეულოთი ჩავანაცვლო: ხან რას ვაკეთებ, ხან რას და თავს ასე ვირთობ. რამდენიმე დღე სახლის მორთვას მოვუნდი - გადავწყვიტე საახალწლო სამზადისი ადრიანად დამეწყო და ჩემი სახლი 1-ლ დეკემბერს მოვრთე. ზოგჯერ ძაღლს ვასეირნებ ტყეში. მოკლედ, მოწყენილობის გასაფანტავად რას აღარ ვიგონებ.

- პრობლემაა ისიც, რომ კარანტინის გამო მსახიობების და მომღერლების დიდი ნაწილი შემოსავლის გარეშე დარჩა. - ეს მართლაც პრობლემაა: ხელოვანი ოჯახს საკუთარი შემოქმედებით ინახავს. ყველას ხომ არა აქვს ბიზნესი? მხოლოდ იმ არტისტებს გაუმართლათ, ვინც სატელევიზიო სივრცეშია დასაქმებული. დანარჩენებს ოჯახის წევრები ეშველებიან. მსახიობებს, მხატვრებს, მუსიკოსებს ის ჰონორარები აღარ აქვთ, რაც ჰქონდათ, რაც მტკივნეულია ნებისმიერი ჩვენგანისთვის. ალბათ, რაღაც უნდა მოვიფიქროთ, რომ ეს პრობლემა ნაწილობრივ მაინც გადავლახოთ. ზოგჯერ ვფიქრობ, სხვა პროფესია ხომ არ ავითვისო-მეთქი, მაგრამ ამ პირობებში რომელ პროფესიას აქვს გასაქანი, ესეც თავსატეხი და საფიქრალია. ვიცი, რომ ზოგიერთმა კარანტინის დროს ქსოვა, კერვა და ხელსაქმე შეისწავლა.

- სოციოლოგებმა დაასკვნეს, რომ ლოკდაუნის დროს ოჯახში უფრო ხშირად კამათობენ. სხვადასხვა მონაცემით, გაზაფხულზე კარანტინის დროს მსოფლიოში ასეულობით ოჯახი დაინგრა. როგორ ფიქრობთ, რატომ?

- ოჯახურ ცხოვრებაში ერთი, საერთო წესი არ არსებობს. ამიტომ სხვა წყვილების მაგალითზე ვერ ვილაპარაკებ. კარანტინი ოჯახის დაშლის მიზეზი ვერ იქნება, არ შეიძლება მოსიყვარულე წყვილს ერთმანეთი მოჰბეზრდეს, თუ მათ შორის ბზარი ადრეც არ იყო. ალბათ, იმ ოჯახებში კრიზისი ადრეც იყო, კარანტინმა კი პრობლემები გაამწვავა.

- ყველას გვახსოვს დუეტი "ჯორჯია" და თქვენი სიმღერა "ესა-მესა", რომელიც ახალი წლის ასოციაციას იწვევს. როდის გაგვახარებთ ახალი სიმღერებით?

- როცა ჩვეულ რეჟიმში ჩავდგებით, მართლაც გვაქვს ასეთი გეგმა: სიმღერის ჩაწერა ორივეს გვსურს. ახლა ამ იდეის ხორცშესხმას ვერ შევძლებთ, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი დუეტი მსმენელებს მომავალში აუცილებლად გაახარებს - ჩვენი ნატვრა და სურვილი ეს არის!

ხათუნა ჩიგოგიძე