"ბიძინა ივანიშვილმა "ახალი", ძველი მონების შემადგენლობა წარმოადგინა" - კვირის პალიტრა

"ბიძინა ივანიშვილმა "ახალი", ძველი მონების შემადგენლობა წარმოადგინა"

ბიძინა ივანიშვილმა "ახალი", ძველი მონების შემადგენლობა წარმოადგინა, - ასე შეაფასა მინისტრთა კაბინეტის წევრები "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ.

მისი განცხადებით, "როდესაც ბიძინა ივანიშვილი ჩათვლის, რომ მათ ამ როლში თავი ამოწურეს, გაწურული ლიმონივით აიღებს და ნაგვის ყუთში გადააგდებს".

"ახალი", ძველი მონების შემადგენლობა წარმოადგინა ბიძინა ივანიშვილმა, რადგან კმაყოფილია იმ საქციელით, როგორც მას ამ პერიოდის განმავლობაში ემსახურნენ. მისი გეგმა ნათელია, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის, ვალუტის დეგრადაცია მოხდეს, კიდევ უფრო გაიზარდოს კრიმინალი, კორუფცია, უიმედობისა და ეკონომიკური სიდუხჭირის გამო, კიდევ უფრო გაიზარდოს საქართველოდან გაქცეული ადამიანების რიცხვი, საქართველო დაიშალოს და დაიცალოს. თვითონაც არ დაუმალავს, ხალხს იაფ ბილეთს დაჰპირდა, რომ საქართველო დატოვონ. ეს მოღალატეობრივი პოლიტიკა გრძელდება. ჯერჯერობით ის კმაყოფილია ამ ადამიანებით. როდესაც ჩათვლის, რომ მათ ამ როლში თავი ამოწურეს, გაწურული ლიმონივით აიღებს და გადააგდებს ნაგვის ყუთში, როგორც ეს სხვებთან მიმართებით გააკეთა. ამიტომ, ეს რეჟიმი ძირფესვიანად უნდა შეიცვალოს. უპირველეს ყოვლისა, მისი ერთპიროვნული მმართველის, ამ ქვეყნის მიმტაცებლის, რუსი ოლიგარქის ივანიშვილის თამადობით. ეს რომ მოხდება, შემდეგ ყველას ეყოლება მთავრობა იმ ღირსეული ადამიანებით, რომლის არსებობასაც ექნება ის აზრი, რომ ქვეყანა წავიდეს წინ, ამოვიდეს სიღარიბის, უმუშევრობის, ეკონომიკური პრობლემის ჭაობიდან",-განაცხადა ბარამიძემ.

ცნობისთვის, 21 დეკემბრიდან პარლამენტი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გიორგი გახარიას მიერ ნდობის გამოსაცხადებლად წარდგენილ მთავრობის შემადგენლობის მოსმენას იწყებს. მინისტრთა კაბინეტის წევრობის კანდიდატებთან ერთად, პარლამენტს ასევე წარედგინა სამთავრობო პროგრამა 2021-2024 "ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის".

"ინტერპრესნიუსი"