"დღეს მხარეები მათ მიერვე შექმნილი პოლიტიკური კონიუნქტურის მძევლები არიან და გამოსვლის რესურსი არ გააჩნიათ" - კვირის პალიტრა

"დღეს მხარეები მათ მიერვე შექმნილი პოლიტიკური კონიუნქტურის მძევლები არიან და გამოსვლის რესურსი არ გააჩნიათ"

დღეს მხარეები მათ მიერვე შექმნილი პოლიტიკური კონიუქტურის მძევლები არიან და გამოსვლის რესურსი არ გააჩნიათ

არჩევნების შემდეგ ქვეყანაში ჩამოყალიბებულ რეალობაზე, საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე "ინტერპრესნიუსი" პრეზიდენტის ყოფილ მრჩეველს საერთაშორისო საკითხებში, ჯიპა-ს ასოცირებულ პროფესორს, თენგიზ ფხალაძეს ესაუბრა.

- ბატონო თენგიზ, დამკვირვებელთა უმრავლესობა თანხმდება, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში ახალი რეალობა ჩამოყალიბდა.

ჩვენს უახლეს ისტორიაში პირველად დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ოპოზიციის ლამის მთელი შემადგენლობა პარლამენტში არ შედის. თუ მანამდე მათ, ვინც პარლამენტში შესვლას აპირებდა საარჩევნო კანონმდებლობაში სერიოზული ცვლილებების მიღწევის მოტივით, ახლა ისინიც ამბობენ, რომ მათ შესვლასაც არანაირი აზრი არ აქვს, რადგან საკონსიტუციო ცვლილებების მისაღებად მათი შესვლა სხვა ოპოზიციონერების გარეშე აზრს კარგავს.

თქვენ როგორ შეაფასებდით 2020 წლის არჩევნების შემდეგ ქვეყანაში შექმნილ ვითარებას, რომლის უმთავრესი მახასიათებელი ერთპარტიული პარლამენტი და მრავალპარტიული ოპოზიციაა, რომელიც პარლამენტში შესვლას არ აპირებს?

- ერთმნიშვნელოვნად საქმე გვაქვს პოლიტიკურ კრიზისთან, რომელსაც გაღრმავების ტენდენცია უფრო აქვს, ვიდრე სწრაფად მოგვარების. პოლარიზაცია აშკარაა - ერთ მხარესაა ხელისუფლება, რომელიც არჩევნების შედეგების გადახედვას არ აპირებს და არ განიხილავს ვადამდელი არჩევნების შესაძლებლობას, ხოლო მეორე მხარეს - ოპოზიცია, რომელიც არ აღიარებს არჩევნების შედეგებს და ხელახალი არჩევნების გარეშე პარლამენტში შესვლას არ აპირებს. შედეგად ისევ ორპოლუსიანი, ანტაგონისტური პარადიგმა გვაქვს, რომელსაც ჩიხამდე მივყავართ.

დღეს მხარეები მათ მიერვე შექმნილი პოლიტიკური კონიუქტურის მძევლები არიან და ამ ვითარებიდან გამოსვლის რესურსი არ გააჩნიათ.

მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს ის, რომ ქართულ პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ სპექტრში არ აღმოჩნდა ინსტიტუტი, რომელიც ამ ვითარებაში მედიატორობას და ვითარების განმუხტვას შეძლებდა.

ზეპარტიული ინსტიტუტები, რომლებიც ასეთ ვითარებაში უმნიშვნელოვანეს როლს უნდა ასრულებდნენ ან უუნარონი აღმოჩნდნენ, ან მხარეებმა მათი მედიაცია არ ისურვეს.

ამიტომაც დავრჩით ისევ უცხოელი პარტნიორების იმედად. თუმცა, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები შუამავლები არიან და არა არბიტრები. ისინი ჩვენს მიერ მისაღებ გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებენ და არც მათი შუამავლობის რესურსია უსაზღვრო.

ელჩების ძალისხმევით მოლაპარაკებათა 4 რაუნდი გაიმართა, მაგრამ ამ მცდელობებმა ჯერ შედეგი ვერ მოიტანა და 11 დეკემბერს საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტი ერთპარტიულ ფორმატში შეიკრიბა.

ახლა მე-5 რაუნდის მოლოდინში ვართ, მაგრამ ნაცვლად კომპრომისის ძიების მცდელობისა, ვისმენთ ერთმანეთის შეურაცხმყოფელ რიტორიკას და ვხედავთ ზეწოლის და ოპონენტის მარგინალიზაციის მცდელობებს.

შესაბამისად მოლაპარაკების სივრცეც ვიწროვდება, დროც იწურება და მართლაც ახლოს ვართ იმ რეალობასთან, რომ ერთპარტიული პარლამენტი საბოლოოდ გაფორმდეს. გააგრძელეთ კითხვა