"ჩვენი სიყვარულიც ხელოვნებას უკავშირდება... 33 წელია, ერთად ვართ და შვიდი შვილი გვყავს" - კვირის პალიტრა

"ჩვენი სიყვარულიც ხელოვნებას უკავშირდება... 33 წელია, ერთად ვართ და შვიდი შვილი გვყავს"

"ყველა ნახატშია რაღაც საიდუმლო ინფორმაცია და ეს იციან მხოლოდ ღმერთმა და მხატვარმა"

გოჩა და ნინო ჯოხაძეების ნამუშევრები ექსპრესიონისტულ-იმპრესიონისტულია, მოდერნისტული ელემენტებით. ნახატების ფონი, ძირითადად, ოქროსფერია, მერე კი გამოსახულება საღებავებითა და ნაჭრებით იძენს სრულყოფილ სახეს. ნინო ჯოხაძე პროფესიით მხატვარია. ხატვა სამი წლისამ დაიწყო, დაამთავრა სამხატვრო აკადემია, დღეს კი მისი ნახატები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეშია მიმოფანტული. გოჩა პროფესიით მსახიობია, მაგრამ ერთ დღესაც ხელში ფუნჯი აიღო და საკუთარი თავი ხელახლა აღმოაჩინა. მრავალშვილიან მხატვრებს დიდ ოჯახზე ზრუნვა ხელს არ უშლით, ნაყოფიერად იმუშაონ. მეუღლეები ნახატზე ერთადაც მუშაობენ და დამოუკიდებლადაც.

გოჩა ჯოხაძე: - ყველა მხატვარს ჰყავს ან აქვს მუზა. ჩემი მუზა არც ქალია და არც - რაღაც კონკრეტული მატერიალური საგანი. როცა მარტო დავჯდები სახელოსნოში, გადავხედავ ჩემს ნახატებს და გადავშლი კლასიკოსების წიგნებს, თვალში მომხვდება ელემენტი, რომლის დახატვაც მომინდება, ოღონდ - ჩემებურად. ან როცა ფანჯარაში ვიყურები, მაშინაც მხვდება თვალში რაღაც, რომლისგანაც მერე კომპოზიციას ვქმნი. ჩემთვის მუზა კლასიკოსები და საქართველოა - ქუჩები, ხალხი....

შეიძლება ძალიან ნიჭიერი მხატვარი იყო, მაგრამ ვერ მოახერხო, გახდე ცნობილი. ამას ბევრი რამ სჭირდება, მათ შორის - გამართლებაც. საქართველოში წარმატებულ მხატვრად ქცევა ძნელია. მოსახლეობის დიდ ნაწილს ყოველდღიური გაჭირვება აწუხებს, მათ არც განწყობა აქვთ და არც შესაძლებლობა მხატვრობით დაინტერესებისთვის. ჩემი ნატვრაა, ეს მდგომარეობა მალე შეიცვალოს და ხალხმა ღირსეულად ცხოვრება შეძლოს. მაშინ ხელოვანთათვისაც შესაფერისი გარემო შეიქმნება. მხატვარი თუ სულიერად არ იკვებება, ხავსდება. ჩვენ თუ არ ვიმოგზაურეთ, არ ვნახეთ კარგი ფილმი, კარგი სპექტაკლი, არც იდეა გაგვიჩნდება და არც მუზა მოგვივა.

მე ექსპრესიონისტულ მხატვრობას მივდევ, ნინო სიურრეალისტია. როდესაც ერთ ტილოზე ვმუშაობთ, შერწყმა ხდება ექსპრესიონისტულ-სიურრეალისტური ნამუშევრის. ჩემი საყვარელი მხატვარი მიშელ ბასკიაა. მისი ტილოები ბევრი თანამედროვე მხატვრის შემოქმედებაზე ახდენს გავლენას.

ბავშვობაში, როგორც ყველა, ალბათ, ისიც ხატავდა უცნაურ სახლებს დიდი ფანჯრებით და საკვამურიდან ამოსული კვამლით, სახლისხელა ყვავილებს, დიდთავა გოგო-ბიჭებს, სასაცილო ჩიტებს და მოცინარ მზეებს ისრების მსგავსი სხივებით, მერე კი მხატვრობა ცხოვრების გზად იქცა.

ნინო: - ხატვა ბავშვობიდან დავიწყე და დღემდე ფუნჯი ხელიდან არ გამიგდია. გოჩა მსახიობია. ჩვენი სიყვარულიც ხელოვნებას უკავშირდება. ერთხელ, სასცენო გაფორმებაზე მუშაობისას, გოჩასთან მომიწია ცეკვამ. აქედან დაიწყო ყველაფერი. 33 წელია, ერთად ვართ და შვიდი შვილი გვყავს. მინდა ბევრი ვხატო, რომ მსოფლიოს ყველა კუთხეში იყოს ჩემი ნამუშევრები. ძირითადად, ღამით ვხატავ. ჩემს ნამუშევრებში არის ჩემი ფიქრები, ჩემი ემოციები.

გოჩა: - თბილისში სამოქალაქო ომი მძვინვარებდა, ტყვიების ზუზუნი ისმოდა. ლანჩავამ რუსთაველზე ბე-ტე-ერი დააყენა. ტანკი ყველაფერს ამახინჯებდა. მომინდა, რაღაც ახალი გამეკეთებინა, ჰოდა, ავდექი, ტანკზე ნახატები დავალაგე და ვცადე, გამეყიდა. ეს იყო პირველი პერფორმანსი მაშინდელ საქართველოში.

ნინო: - ნახატი შეიძლება ერთი ხელის მოსმითაც დაიხატოს და შეიძლება ერთ ტილოზე მუშაობას წლებიც დასჭირდეს. ჩვენ არ გვაქვს უფლება, სხვისი ტილო დავიწუნოთ, რადგან არ ვიცით, მასში რა არის ჩადებული. ხელოვანი თავის სამყაროს თვითონ ქმნის, თვითონ წყვეტს, რა და როგორ გააკეთოს, ამიტომ არ შეიძლება, ვინმე განვიკითხოთ. ვხატავ იმას, რასაც ვგრძნობ, შელამაზების გარეშე. რამდენიმე კვირის წინ პარიზში ჩატარდა ინტერნეტგამოფენა, სადაც ახლობელმა ჩვენთან შეუთანხმებლად გაგზავა ჩვენი ნამუშევრები. არ ველოდი, ძალიან გამიხარდა! მივიღეთ უამრავი სიგელი და ახლა ველოდებით ფულად ჯილდოს. ნახატების ფასი მერყეობს იმის მიხედვით, ვინ წარგადგინა და სად წარგადგინეს. ყველაზე დიდი თანხა, რაც ნახატში ხელზე ამიღია, იყო თორმეტი ათასი დოლარი, ჩეკით კი მეტიც ყოფილა. ყველა ნახატშია რაღაც საიდუმლო ინფორმაცია, რაც ხშირად მნახველების კამათს იწვევს, მაგრამ რა არის ეს, იციან მხოლოდ ღმერთმა და მხატვარმა.

გოჩა: - ჩემი სამუშაო დღე იწყება ჭიქა ღვინით, კარგი მუსიკით და ბევრი ფერით... მომავალში მინდა, დავწურო კარგი ღვინო, ოთხმოცდაცხრა წლისამ კი ჩავიცვა შლოპანცები, ავიღო ბილეთი მხოლოდ ერთი მიმართულებით რომელიმე წყნარ კუნძულზე და იქ გავაგრძელო საქმიანობა.

ზურა სოლომნიშვილი