ნამდვილი "შრეკი" - მორის ტილე - კვირის პალიტრა

ნამდვილი "შრეკი" - მორის ტილე

მორის ტილე (Maurice Tillet) სრულიად ნორმალური დაიბადა 1903 წელს. მისი ფრანგი მშობლები რუსეთში, ურალის მთებში ცხოვრობდნენ. ქერა თმისა და შესანიშნავი გარეგნობის გამო ბავშვობის მეგობრებმა მორისს "ფრანგი ანგელოზი" შეარქვეს.

უკვე სიყმაწვილეში მორისი შესანიშნავად ერკვეოდა მხატვრულ ლიტერატურაში, მშობლები კი ამაყობდნენ, მათმა ვაჟმა 14 ენა რომ იცოდა! როცა მამა გარდაეცვალა, მორისი და დედამისი საფრანგეთის ქალაქ რეიმსში გადასახლდნენ. ნიჭიერი ჭაბუკი იურისტობაზე ოცნებობდა და სწავლა უნივერსიტეტში განაგრძო. სამწუხაროდ, 17 წლისას დაავადების პირველი ნიშნები გამოუვლინდა - მოულოდნელად სახე და ხელები გაეზარდა და დეფორმირებაც დაეწყო. ექიმებმა მას ჰორმონული დაავადება აკრომეგალიის დიაგნოზი დაუსვეს, რომელიც სახისა და კიდურების თანდათანობით გადიდებას იწვევს.

მორისი უნივერსიტეტში მაინც აგრძელებდა სწავლას და მუშაობის დაწყებასაც იმედოვნებდა. სამწუხაროდ, იურისტობაზე ოცნება მაშინ დასამარდა, როცა დაავადება მბგერავ იოგებს შეეხო, რამაც მას მეტყველება მკვეთრად გაუძნელა. დედის გარდაცვალების შემდეგ ტილემ საზღვაო ფლოტში დაიწყო მუშაობა ინჟინრად, სადაც 6 წელი დაჰყო. 1937 წელს მორისი ნაცნობმა მოჭიდავემ დაარწმუნა, რომ ჭიდაობა მას ახალი ცხოვრების შანსს მისცემდა. მორისი ფლოტიდან წავიდა, ორი წლის განმავლობაში ჭიდაობდა საფრანგეთსა და ინგლისში, 1939 წელს მსოფლიო ომმა აიძულა ამერიკაში წასულიყო. აქ მორისმა მართლაც მალე იპოვა საკუთარი თავი. ორიოდე წელიწადში მან მსოფლიო ჩემპიონობა მოიპოვა, ხოლო ტიტული წლების მანძილზე შეინარჩუნა.

ტილე პოპულარული გახდა. თავდაპირველად მას სხვადასხვა სახელით მოიხსენიებდნენ, მაგალითად, "შიშის მომგვრელი კაციჭამია რინგზე" და ა.შ. თუმცა, გულკეთილობის, თავისი დაავადების მიმართ გაუტეხელობისა და მუდამ ღირსეული საქციელის გამო ხალხმა მას ბავშვობის სახელი დაუბრუნა - ის ყველასთვის ისევ "ფრანგ ანგელოზად" იქცა. მორისი იმდენად წარმატებული გახდა, რომ რინგზე გაჩნდა ათობით სხვა "ანგელოზი" მოჭიდავეც, რომელთა ნაწილის დამარცხება მას არენაზე მოუხდა...

მას შემდეგ, რაც მორისმა ჩემპიონობა დაკარგა და მოჭიდავის კარიერა დაასრულა, გამორჩეული გარეგნობის წყალობით ის ჰოლივუდის ფილმებში გადაიღეს. მასთან მეგობროდნენ არა მარტო მსახიობები, არამედ მხატვრები და მოქანდაკეებიც - მორისის ბიუსტები ახლა სხვადასხვა ქვეყანაშია. სამწუხაროდ, 1954 წლის 4 სექტემბერს "ფრანგი ანგელოზი" 51 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა, თუმცა აკრომეგალია სიკვდილის მიზეზი არ გამხდარა.

უამრავი ადამიანი მიიჩნევს, რომ სწორედ მორისი გახდა ანიმაციური პერსონაჟის "შრეკის" (2001 წ.) პროტოტიპი. ტილესა და შრეკს შორის საოცარი ფიზიკური მსგავსების მიუხედავად, "შრეკის" მფლობელი სტუდია Dრეამჭორკს-ი დღემდე არ აკეთებს კომენტარს ამ საკითხზე. თუმცა მილიონობით ადამიანი დარწმუნებულია, "შრეკი" იმიტომ არის წარმატებული და პოპულარული, რომ მორისივით გულკეთილია...

რამაზ გურგენიძე