"თუ მელიას აირჩევენ, ეს მეტყველებს იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილი მზად არის საკუთარი აბსოლუტური ძალაუფლების გარკვეული ნაწილი დათმოს მის სასარგებლოდ" - კვირის პალიტრა

"თუ მელიას აირჩევენ, ეს მეტყველებს იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილი მზად არის საკუთარი აბსოლუტური ძალაუფლების გარკვეული ნაწილი დათმოს მის სასარგებლოდ"

პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის შეფასებით, თუ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარედ ნიკა მელიას აირჩევენ, ეს მეტყველებს იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილი მზად არის საკუთარი აბსოლუტური ძალაუფლების გარკვეული ნაწილი დათმოს მელიას სასარგებლოდ. ამის შესახებ გია ხუხაშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემაში "დღის ნიუსრუმი" განაცხადა.

"ნაციონალური მოძრაობა", ისევე როგორც ,,ქართული ოცნება" რელიგიურ პრინციპზე, გარკვეულ აბსოლუტზეა აგებული - აბსოლუტი ამ შემთხვევაში არის მიხეილ სააკაშვილი, "ქართული ოცნების" შემთხვევაში კი გასაგებია ვინც არის. ასეთ კონსტრუქციას გარკვეულ საფრთხეს უქმნის ნიკა მელიას ტიპის ფიგურა. თუმცა, შეიძლება ამაზე შეგნებულად მიდიან და პრაქტიკულ პოლიტიკაში გადასვლას აპირებენ, შესაძლოა, ვიღაც შეგნებულად მიდის რელიგიური მოტივების დემონტაჟზე. ნიკა მელია არის მაღალი ტემპერატურის პოლიტიკოსი და შეუძლია კონსოლიდაცია მოახდინოს ამ პარტიის, იმათშიც კი ვინც მიშა სააკაშვილის მიმართ გარკვეულ სკეპტიციზმს გამოხატავს.

დაასახელეს ორი ლიდერი, რომელიც ბოლო პერიოდში განსაკუთრებული აქტიურობით იყო გამორჩეული და იყო ზღვარზე მაქსიმალური პოლიტიკური გაგებით. მელიას შემთხვევაში ეს მეტყველებს იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილი მზად არის საკუთარი აბსოლუტური ძალაუფლების გარკვეული ნაწილი დათმოს მელიას სასარგებლოდ თუ ნიკა მელია იქნება არჩეული. იმის მიხედვით, თუ რომელ მათგანზე იქნება არჩევანი შეჩერებული, შეიძლება გარკვეული დასკვნების გაკეთება იმ ტენდენციებზე, რაც "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარეობს", - აღნიშნა გია ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 20 დეკემბერს, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატებად ნიკა მელია და ლევან ვარშალომიძე დასახელდნენ. პარტიის თავმჯდომარეს პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც თვის ბოლოს გაიმართება. "აბსოლუტი არის მიხეილ სააკაშვილი.ასეთ კონსტრუქციას გარკვეულ საფრთხეს უქმნის ნიკა მელიას ტიპის ფიგურა"

"ინტერპრესნიუსი"