"სადაც უჭირდა ქართულ თეატრს, გოგის ყოველთვის იქ ნიშნავდნენ - აბა, შენ იცი, როგორ გადაარჩენ აქაურობასო... გული ძალიან დამწყვიტა" - კვირის პალიტრა

"სადაც უჭირდა ქართულ თეატრს, გოგის ყოველთვის იქ ნიშნავდნენ - აბა, შენ იცი, როგორ გადაარჩენ აქაურობასო... გული ძალიან დამწყვიტა"

"ბოლო წლებში თეატრალური სამყაროსგან ცოტა მოწყვეტილი იყო, მსახიობებთან ურთიერთობის დანაკლისი ჰქონდა"

საქართველოს სახალხო არტისტი გოგი ქავთარაძე 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი გადაღებულია 25 ფილმში და არის არაერთი ფილმისა და სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი. მისი მეგობრები და კოლეგები ბატონი გოგის შესახებ მოგონებებს kvirispalitra.ge-ს უზიარებენ და მას იხსენებენ, როგორც ძალიან ნიჭიერ რეჟისორსა და მსახიობს, დადებით და ყურადღებიან პიროვნებას, რომელსაც თეატრალური სამყარო და თავისი საქმე უყვარდა...

ნანა ფაჩუაშვილი, მსახიობი:

- მე და გოგი ქავთარაძე პარტნიორები ვიყავით რუსთაველის თეატრის სპექტაკლებში "მზიანი ღამე" და "საბრალდებო დასკვნა", რომელიც რობერტ სტურუამ დადგა... გოგი ჯერ  მარჯანიშვილის თეატრში, მერე - რუსთაველის თეატრში მუშაობდა, შემდეგ კი, როგორც რეჟისორი, არაერთ სხვა თეატრში.

გოგი ჩვენი თეატრის ერთ-ერთი გამორჩეული და ნათელი სახე იყო, მისი ნამუშევრები კი - ძალიან საინტერესო. მრავალწახნაგოვანი, მრავალფეროვანი ადამიანი და მსახიობი იყო, იუმორით სავსე, თბილი, კეთილი, თავისი, ძალიან ქართული კოლორიტი ჰქონდა ისეთი, რომ ვერავის შეადარებდი, ინდივიდუალური.

გოგი ჩემი მეუღლის მეგობარი იყო და ამ კუთხითაც მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ძალიან მეგობრული დამოკიდებულება გვქონდა. როგორც რეჟისორს, მსახიობების მიმართ გამორჩეული მიდგომა და დამოკიდებულება ჰქონდა. თვითონაც მსახიობმა, იცოდა, პარტნიორებს რა სჭირდებათ, ამიტომაც  კიდევ უფრო გულმისასვლელი ადამიანი იყო.

ბოლო პერიოდში, რადგან პარლამენტში მუშაობდა, გოგი ძალიან დაკავებული იყო, თუმცა, გვქონდა ადგილები, სადაც ვიკრიბებოდით, ვხვდებოდით. ელდარ შენგელაიასთან მეგობრობდა და მათ ოჯახშიც ხშირად ვხვდებოდით ერთმანეთს. გოგის ძალიან უყვარდა თეატრალური წრე. მოსმენა იცოდა, როცა ვინმე რამეს, საინტერესოს ჰყვებოდა, სულ ყურადღებით უსმენდა. ბოლო წლებში თეატრალური სამყაროსგან ცოტა მოწყვეტილი იყო, მსახიობებთან ურთიერთობის დანაკლისი ჰქონდა და როგორც კი მის კოლეგებს შეხვდებოდა, მათთან სულ სხვანაირი გოგი ხდებოდა, ისეთი, როგორიც სინამდვილეში იყო. სულ იღიმოდა, იცინოდა. ეს ნოსტალგია ჰქონდა, შევამჩნიე.

მარინა კახიანი, მსახიობი:

- მე იმ თაობის წარმომადგენელი ვარ, როდესაც საქართველოში საოცარი კინემატოგრაფი არსებობდა, რომელსაც თავისი ადგილი ეჭირა მსოფლიო კინემატოგრაფიაში - განსაკუთრებული, რომანტიკული, სიყვარულითა და ნიჭით გაჯერებული, და ბატონი გოგი მისი შესანიშნავი წარმომადგენელი იყო, თავიდან - როგორც მსახიობი. მის ფილმებზე გავიზარდე. ეს ლიტონი სიტყვები არ არის. როდესაც წამოვიზარდე და თეატრალურ ინსტიტუტში ჩავაბარე, აღმოჩნდა, რომ მსახიობობის გარდა, იგი ასევე ძალიან კარგი რეჟისორი იყო, არაერთი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, საუკეთესო სპექტკლების შემქმნელი.

ბედნიერი ვარ იმით, რომ სტუდენტობისას ასეთ შესანიშნავ ადამიანებთან მქონდა ურთიერთობა. ეს იყო პერიოდი, როდესაც ფილარმონიასა თუ სპორტის სასახლეში ჯერ კიდევ ტარდებოდა განსაკუთრებული საღამოები და ხშირად იქ ბატონი გოგი დამდგმელი რეჟისორი იყო. როცა პირველ კურსზე ვიყავი, ერთ-ერთი ასეთი გრანდიოზული საღამო მოეწყო და იქ თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტები წაგვიყვანეს. მაშინ ბატონმა გოგიმ მე ამარჩია და ამ ღონისძიებაზე ერთ-ერთი მთავარი როლი მომცა. ამის შემდეგ, არაერთხელ წამიყვანია საღამოები, მასთან ხშირი კონტაქტი მქონდა და გარდა იმისა, რომ კარგი რეჟისორი იყო, შესანიშნავი პიროვნება გახლდათ, თბილი, ყურადღებიანი, მგრძნობიარე, ყველა ადამიანის მიმართ ინდივიდუალური და განსაკუთრებული მიდგომა ჰქონდა.

გუშინ ტელევიზიით "ქორწილი" უჩვენეს და კიდევ ერთხელ აღვფრთოვანდი მისი ნიჭიერებით, ის ჭეშმარიტად დიდი მსახიობი იყო, ძალიან ბუნებრივი და დამაჯერებელი, ინდივიდუალური.

დაახლოებით, 10 წლის წინ რუსულ სერიალში, ერთ-ერთ მთავარ როლზე მიმიწვიეს და აღმოჩნდა, რომ მე და ბატონი გოგი ბაქოში ერთად უნდა წავსულიყავით, ჩვენ და ნიკა თავაძე. ჩემს სიყვარულსა და პატივისცემას დაემატა ის, რომ ეკრანზეც პარტნიორები აღმოვჩნდით, თანაც, როდესაც ქვეყნიდან სადმე მიდიხარ, გზაში კიდევ უფრო სხვა სიახლოვე მყარდება. ბედნიერი ვარ იმით, რომ მასთან განსაკუთრებული ურთიერთობა მქონდა და ეს სამუდამოდ გამყვება. ჩემი ბატონი გოგი ქავთარაძე სამუდამოდ ჩემთან დარჩება.

ქეთი დოლიძე, რეჟისორი:

- გოგი იყო გული და სული, ახალგაზრდობიდან ასეთი გახლდათ და როგორც კი თავისი როლებით გამოჩნდა, ყველას ყურადღება მიიქცია. ბოლო 50 წლის განმავლობაში გოგი ქავთარაძე და ქართული კულტურა ისეა ერთმანეთთან შერწყმული, რომ ამ უკანასკნელისთვის მისი წასვლა დიდი დანაკლისია, მის გარეშე კულტურა წარმოუდგენელია.

შემიძლია ერთი რამ დავიტრაბახო... ინსტიტუტში ვიყავით, ჯერ კიდევ მიშა თუმანიშვილთან ვსწავლობდით, როცა გოგი ქავთარაძემ და სოფიკო ჭიაურელმა კომკავშირის პრემია მიიღეს, რაც იმ ასაკისთვის და იმ დროში საკმაოდ მაღალი პრემია იყო. მაშინ მე და ნუგზარ ბაგრატიონი მეორე კურსის სტუდენტები ვიყავით და შემოქმედებითი საღამოს გაკეთება ჩვენ დაგვევალა. სწორედ ჩვენ მოვაწყვეთ მათი პირველი შემოქმედებითი საღამო, რომელიც ძალიან კარგი გამოვიდა, მხიარული, იუმორით სავსე და ის სიყვარული და ახლობლობა მთელი ცხოვრების განმავლობაში გაგვყვა.

მერე, როდესაც თუმანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დამნიშნეს, ასეთი პროგრამა გამოვაცხადე - "თუმანიშვილის მოწაფეები თუმანიშვილის თეატრში" და პირველი, ვინც ამაზე გამომეხმაურა და თეატრში სპექტაკლის დასადგმელად მოვიდა, სწორედ გოგი იყო. ჩემთვის გოგი მთელი ცხოვრებაა, ძალიან ახლობელი და შესანიშნავი ადამიანი, ერთგული პიროვნება. მისი და თემურ ჩხეიძის მეგობრობა ხომ საერთოდ ლეგენდარულია, გოგის სახით თემურმა დიდი მეგობარი დაკარგა, რა თქმა უნდა - ჩვენც.

გოგი ქავთარაძე უკვე ჩაწერილია საქართველოს ხელოვნების ისტორიაში. მან უამრავი თეატრი მოიარა და ყველგან თავისი კვალი დატოვა. სადაც უჭირდა ქართულ თეატრს, ყოველთვის იქ ნიშნავდნენ - აბა, შენ იცი, როგორ გადაარჩენ აქაურობასო და ასეც იყო ყოველთვის. სოხუმის თეატრი ხომ ცალკე ეპოპეაა მის ცხოვრებაში! გული ძალიან დამწყვიტა.

"კვირის პალიტრა" მწუხარებას გამოთქვამს გოგი ქავთარაძის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახსა და ახლობლებს.

თამთა დადეშელი (სპეციალურად საიტისთვის)