"მოვისმინეთ კონსპირაციული თეორიები, რითაც ოპოზიცია უკავშირდება რუსეთს, რაც მიუღებელი და არაფრის მომტანია" - კვირის პალიტრა

"მოვისმინეთ კონსპირაციული თეორიები, რითაც ოპოზიცია უკავშირდება რუსეთს, რაც მიუღებელი და არაფრის მომტანია"

ის, რა განცხადებაც ჩვენ მოვისმინეთ ბატონი კობახიძისგან, რომ ოპოზიცური პარტიები შევლენ პარლამენტში და არსებობს გარკვეული რესურსები თუ სვლები ხელისუფლებაში, რა თქმა უნდა, თავისი სურვილით არის კარგი, მაგრამ, ამას სჭირდება კონკრეტული გადაწყვეტილებები და ნაბიჯები, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი წერეთელმა განაცხადა.

წერეთლის თქმით, ჯერჯერობით ხელისუფლების "შანტაჟისა და მუქარის ტონი, არ ემსახურება არანაირ შეთანხმებას".

"თუ სვლები და სურვილები ემსახურება იმას, რაზეც ოპოზიცია და ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი ამდენი ხნის განმავლობაში საუბრობს, რომ დაკმაყოფილდება მოთხოვნები, რაც ეხება ვადამდელ არჩევნებს, საარჩევნო ადმინისტრაციასა და პოლიტპატიმრებს და თუ ამ მიმართულებით არის ნაბიჯები გადასადგმელი და ამაზე ფიქრობს ხელისუფლება, ეს არის კარგი. ასეთ შემთხვევაში, შანსი იმისა, რომ მოლაპარაკება შედგეს და ამის შემდეგ გარკვეული გადაწყვეტილებები ოპოზიციამ მიიღოს, არსებობს. სხვა შემთხვევაში, ჯერჯერობით, რასაც ვისმენთ და რაც მოგვისმენია აქამდე, ძირითადად შანტაჟისა და მუქარის ტონი, ეს არანაირად არ ემსახურება არანაირ შეთანხმებას", - განაცხადა წერეთელმა.

რაც შეეხება ირაკლი კობახიძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ სერგეი გავრილოვი, "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო" ერთად მოქმედებდნენ, წერეთლის თქმით, აღნიშნული ეს არასერიოზული და მიუღებელი განცადებაა.

"ძალიან ძნელია არასერიოზულ განცხადებებზე გააკეთო კომენტარი, არც სურვილი არ მაქვს. უბრალოდ, იმას ვიტყვი, რომ ამ წლების განმავლობაში, რამდენჯერ მოვისმინეთ ასეთი ტიპის კონსპირაციული თეორიები და ათასგვარი მოდელები, რითაც ოპოზიცია უკავშირდება რუსეთს. ეს აბსოლუტურად მიუღებელი და არასერიოზულია, განსაკუთრებით მაშინ, როცა 20 ივნისთან არის ეს ყველაფერი დაკავშირებული. მესმის, რომ ეს აწუხებთ ამ ადამიანებს, მაგრამ სხვაზე გადაბრალება აბსოლუტურად უსაფუძვლოდ, არაფრის მომტანი არ არის", - აღნიშნა წერეთელმა.

ცნობისთვის, "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ "ქართულ ოცნებას" უამრავი პოლიტიკურ-სამართლებრივი სვლა აქვს, რაც ქმნის გარანტიას, რომ საქართველოს პარლამენტი არც ერთ შეთხვევაში არ იქნება ერთპარტიული. ამასთან, როგორც კობახიძემ "პალიტრანიუსის" გადაცემა "პოლიტქალაქში" აღნიშნა, ის არ გამორიცხავს, რომ გავრილოვი, "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო" ერთად მოქმედებდნენ.

"ინტერპრესნიუსი"