დევნილთა სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი ჩანგელიების ოჯახთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს - კვირის პალიტრა

დევნილთა სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი ჩანგელიების ოჯახთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

დევნილთა სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი ჩანგელიების ოჯახთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც გავრცელებულ განცხდებაშია აღნიშნული, დევნილ ოჯახს ბინა მას შემდეგ გადაეცემა, როგორც კი მას ოჯახის ყველა სრულწლოვანი პირი მოაწერს ხელს.

ამასთან, სააგენტოს დირექტორი მოუწოდებს სხვადასხვა ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების წარმომადგენლებს, რომ, როდესაც საქმე ეხება დევნილი ოჯახების განსახლებას, მიმართონ დევნილთა სააგენტოს და გადაამოწმონ ინფორმაცია.

"2020 წლის ნოემბერში, დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ ჩანგელიების ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხი განიხილა და 30 ნოემბერს დევნილთა სააგენტომ ოფიციალურად შესთავაზა 5-სულიან დევნილ ოჯახს ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, ახალაშენებულ კორპუსში ბინის გადაცემა, რაზეც ოჯახმა წერილობითი თანხმობა განაცხადა. ჩანგელიების ოჯახი დამისამართებულია ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში, შესაბამისად, ბინა, მათივე თანხმობის საფუძველზე, ქალაქ ზუგდიდში მიიღეს, რაც მშობლების ხელმოწერითაც დასტურდება. დევნილთა სააგენტოს მიერ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები აპელირებდნენ იმ ფაქტზე, რომ ოჯახს ბინის გასაღები არ აქვს. მოგეხსენებათ, რომ გასაღების მისაღებად საჭიროა ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრის ხელმოწერა. მშობლებმა დოკუმენტაციას ხელი 12 დეკემბერს, ზუგდიდში კენჭისყრის დროს მოაწერეს, როგორც კი მათი ორი სრულწლოვანი შვილი მოაწერს ხელს დოკუმენტს, იმავე წუთას გადავცემთ სამოთახიანი, გარემონტებული ბინის გასაღებს. შეუძლიათ მოგვმართონ ნებისმიერ დროს როგორც ზუგდიდში, ასევე თბილისში. აღნიშნული პროცედურების შესახებ ჩანგელიების ოჯახს ზუგდიდში პირადად მივაწოდე ინფორმაცია, რაც ჩვენს მიერ გავრცელებული ფოტოებითაც დასტურდება. ვთხოვთ, სხვადასხვა ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების წარმომადგენლებს, როდესაც საქმე ეხება დევნილი ოჯახების განსახლებას მომართონ დევნილთა სააგენტოს და გადაამოწმონ ინფორმაცია. განსაკუთრებით ისეთ მტკივნეულ თემასთან დაკავშირებით, როგორიცაა არასრულწლოვანისა და დევნილი ოჯახის ღია ცის ქვეშ დატოვება, რაც აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს", - ნათქვამია ინფორმაციაში.