"ახალ წელს სხვანაირად შეხვდით და ნათესავები არ ისტუმროთ" - კვირის პალიტრა

"ახალ წელს სხვანაირად შეხვდით და ნათესავები არ ისტუმროთ"

თუ გარკვეული ინდულგენცია ხალხისადმი, ვინც დასაქმებულები არიან, და ბიზნესისადმი აუცილებელია, რომ ჩვენმა ქვეყანამ გაიღოს, მე ვფიქრობ, მაშინ აქ საკომპენსაციო შეიძლება იყოს რომ "კომენდანტის საათი" ახალი წლის დღეებში არ მოვხსნათ,- ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" განაცხადა.

მისივე თქმით, პანდემიის გავრცელებაზე გავლენა წინასაახალწლო დღეებს ბუნებრივად ექნება. როგორც კულუმბეგოვმა აღნიშნა, ის, როგორც ერთი კონკრეტული ექიმი, ისურვებდა, რომ ახალი წლის დღეებში არსებული შეზღუდვები საერთოდ არ მოიხსნას.

"თუ ჩვენ ვაცხადებთ, რომ წელს უნდა იყოს განსხვავებული ახალი წელი, ეს მაშინ კანონით უნდა გავამყაროთ და ახალი წლის დღეებში არ მოვხსნათ "კომენდანტის საათი". დაე, ყველამ, თავისი ნების მიხედვით თუ ნებისგან დამოუკიდებლად, სახლში გაატაროს და ეს გადაადგილება შეიზღუდოს.

სერიოზული გავლენა წინასაახალწლო დღეებს ბუნებრივად ექნება იმიტომ, რომ ჩვენ, ექიმებმა, რაც არ უნდა მოწყალე თვალებით ვთხოვოთ საზოგადოებას: "ძალიან გთხოვთ ახალ წელს სხვანაირად შეხვდით და ძალიან გთხოვთ ნათესავები არ ისტუმროთ",- ეს ასე არ მოხდება, 70-80% ქართველების არ დაგვიჯერებს, ეს, თავისთავად, 10-14 დღეში აუცილებლად მოახდენს გავლენას ეპიდემიის ტრაექტორიაზე. ჩვენ წინასაახალწლო დღეების გარკვეულ პრობლემას მაინც წავაწყდებით", - განაცხადა კულუმბეგოვმა.

მისივე თქმით, ყველაზე მაღალი რისკები შეიძლება უკავშირდებოდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნასა და უკონტროლო რიგებს.

"მე ძალიან ფრთხილად ვუყურებ ამ საკითხს. სწორად უნდა აიწონ -დაიწონოს, არ უნდა ვიჩქაროთ, თუმცა მე ვფიქრობ, რომ, ალბათ, გადაწყვეტილება უკვე გამოცხადებული უნდა იყოს, რომ იმ ბიზნესმაც გაიგოს, როგორ უნდა იმოქმედოს ამ ვითარებაში, თუმცა საფრთხეს ვხედავ და მე, როგორც ერთი ექიმი, ვისურვებდი, რომ არ მოხდეს ეს შემსუბუქება",- განაცხადა კულუმბეგოვმა.

"ინტერპრესნიუსი"