"სამინისტროსა და Microsoft-ს შორის პარტნიორობის შედეგად, ქართულ ენაზე ითარგმნა Microsoft-ის საგანმანათლებლო პორტალი" - კვირის პალიტრა

"სამინისტროსა და Microsoft-ს შორის პარტნიორობის შედეგად, ქართულ ენაზე ითარგმნა Microsoft-ის საგანმანათლებლო პორტალი"

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას პანდემიის პირობებში ზოგადი განათლების მიმართულებით დისტანციური სწავლების მხარდასაჭერად გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა.

მიხეილ ჩხენკელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ განათლების მიმართულებით სამინისტროს მიერ განხორციელებულმა ანტიკრიზისულმა ღონისძიებებმა მაღალი შეფასება დაიმსახურა საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციებისაგან, კერძოდ, "მაიკროსოფტის" განათლების მიმართულების ვიცე-პრეზიდენტის ენტონი სალსიტოს, გაეროს საქართველოში ბავშვთა ფონდის წარმომადგენლისა და OECD-ის განათლების დირექტორატის ხელმძღვანელის მხრიდან.

"პანდემიით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, ერთობლივი ძალისხმევით, მოხერხდა განათლების უწყვეტობისა და ხარისხის უზრუნველყოფა. კოვიდ-19-ის პრევენციისა და მოსწავლეებისთვის განათლების უწყვეტობის უზრუნველყოფის მიზნით, სამინისტრომ სკოლებისთვის დროულად შეიმუშავა შესაბამისი რეკომენდაციები და წარმატებით დანერგა სისტემაში დისტანციური სწავლების სხვადასხვა პლატფორმა", - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

მინისტრობის კანდიდატის თქმით, დისტანციური სწავლა-სწავლების პროცესის გამართვის კუთხით, სამინისტროსა და Microsoft-ს შორის თანამშრომლობის ფარგლებში, ყველა კლასისა და საგნისთვის შეიქმნა ვირტუალური საკლასო ოთახი და გააქტიურდა უნიკალური პროფილები მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის.

პარტნიორობის შედეგად, ქართულ ენაზე ითარგმნა Microsoft-ის საგანმანათლებლო პორტალი (team), რომელშიც ინტეგრირდა ელექტრონული რესურსების პლატფორმა - el.ge ასევე, აქტიურად მიმდინარეობს team-ში ელექტრონული ჟურნალის ინტეგრირების პროცესიც.

მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ ყველა კრიზისული სიტუაცია ბადებს შესაძლებლობებს. სწორედ ასეთ ვითარებაში, სამინისტროსა და პირველი არხის თანამშრომლობით, 30 მარტიდან უნიკალური საგანმანათლებლო პროექტი "ტელესკოლა" დაიწყო."

მისივე თქმით, "ტელესკოლა" გრძელვადიანი იქნება და პროექტის ფარგლებში შექმნილი ახალი საგანმანათლებლო არხი - "პირველი არხი განათლება" პანდემიის შემდეგაც გააგრძელებს მაუწყებლობას.

"ტელესკოლა" I-XII კლასის მოსწავლეებისთვის ყველა საგანში ტელეგაკვეთილების ჩატარებას, აბიტურიენტის საათს, ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლებისთვის ცალკე საგაკვეთილო ბადესა (სომხური და აზერბაიჯანული) და სმენის პრობლემის მქონე მოსწავლეებისთვის ყველა გაკვეთილის ჟესტურ ენაზე ადაპტირებას ითვალისწინებს.

მიხეილ ჩხენკელმა დისტანციური სასწავლო პროცესის სრულყოფის მიზნით, საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგებას გაუსვა ხაზი, კერძოდ, 2020 წლის ივნისში სამინისტროს ინიციატივით, ზოგადი განათლების შესახებ კანონში შევიდა ცვლილება: მოხდა დისტანციური სწავლების განათლების ერთ-ერთ ფორმად აღიარება. ამასთან, 2020-2021 სასწავლო წლის დაწყებამდე დამტკიცდა დისტანციური სწავლების წესი, რამაც უზრუნველყო სწავლა-სწავლების პროცესის დისტანციურ ფორმატში წარმართვა. მიხეილ ჩხენკელმა განსაკუთრებით გამოყო დისტანციური სწავლების პროცესში აბიტურიენტების ხელშეწყობის მნიშვნელობა და აღნიშნა, რომ სამინისტრომ ამ მიმართულებით განახორციელა პროექტი "ვებსკოლა", რომლის ფარგლებში, როგორც ქართულენოვანი, ასევე, არაქართულენოვანი აბიტურიენტებისთვის ჩატარდა და გამოქვეყნდა 400-მდე ვებინარი.

რაც შეეხება პანდემიის პირობებში მასწავლებელთა მხარდამჭერ პროგრამებს, მინისტრობის კანდიდატის თქმით, პედაგოგებისთვის საშინაო და კომპლექსური დავალებების ელექტრონული რესურსები შეიქმნა და მათ დისტანციური სწავლების გამართულად წარმართვისთვის ტექნოლოგიების სპეციალისტები აქტიურად უწევენ კონსულტაციას. მიხეილ ჩხენკელმა ხაზი გაუსვა განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში ბენეფიციარებს საგანმანათლებლო მომსახურება დისტანციური ფორმით უწყვეტად მიეწოდებათ. მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ პირველ სემესტრში, მას შემდეგ, რაც მოსწავლეები საკლასო ოთახებს დაუბრუნდნენ, მშობლებს მიეცა საშუალება, აერჩიათ დისტანციური სწავლების ფორმატი. მიხეილ ჩხენკელის თქმით, მნიშვნელოვანია ისიც, რომ იმ სკოლებში, სადაც მშობლების სურვილით მოსწავლეები დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ, სამინისტრომ შეძლო მასწავლებლების ორმაგი დატვირთვის ანაზღაურება.

2021 წლიდან საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები აღმზრდელი პედაგოგების საბაკალავრო პროგრამის განხორციელება დაიწყება.

როგორც მან საქართველოს პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების წინაშე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, პროფესიაში კვალიფიციური კადრების მოზიდვის მიზნით, მნიშვნელოვანია სკოლამდელი განათლების მასწავლებლების სახელფასო პოლიტიკის განსაზღვრა. ამასთან, მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ადრეული და სკოლამდელი განათლების ხელშეწყობაზეც ისაუბრა.

მინისტრობის კანდიდატმა დეპუტატებს ადრეული და სკოლამდელი განათლების მიმართულებით 2020 წელს განხორციელებული პროექტები და სამომავლო გეგმები გააცნო; აღმზრდელებისა და აღსაზრდელებისთვის უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სამინისტრომ შეიმუშავა საბავშვო ბაღების გახსნისა და ოპერირების დოკუმენტი, რომელიც პოსტპანდემიურ პერიოდში სკოლამდელი დაწესებულებებისთვის ერთგვარი გზამკვლევი იქნება; მიმდინარეობს აქტიური მუშაობა სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში ბილინგვური განათლების დანერგვის კუთხით. ასევე, ვითარდება ბაღიდან სკოლაში ტრანზიციის მხარდამჭერი პროგრამები და მექანიზმები.

მინისტრობის კანდიდატმა ხაზი გაუსვა სკოლამდელი განათლების განვითარების მხარდაჭერის პროცესში უნივერსიტეტების ჩართულობის მნიშვნელობას.

მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, პროფესიული განათლების შესახებ ახალი კანონის მიღების შემდეგ პროფესიული განათლების სხვადასხვა მიმართულება საგრძნობლად განვითარდა; გაძლიერდა სასწავლებელთა ქსელი, დამტკიცდა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ახალი სტანდარტები, განვითარდა ზრდასრულთა სწავლების მიმართულება, სასწავლო ინფრასტრუქტურა დაუახლოვდა საერთაშორისო სტანდარტებს, გაიზარდა საჯარო-კერძო პარტნიორობა და დამსაქმებლების ჩართულობა პროფესიული განათლების სფეროში.

მისივე ინფორმაციით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა სფეროს ინტერნაციონალიზაციისა და ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციის მიმართულებით. დამტკიცდა და წარმატებით ინერგება ევროპული კვალიფიკაციების ჩარჩოსთან სრულად შესაბამისი ეროვნული ჩარჩო.

მიხეილ ჩხენკელის თქმით, თითქმის 15 წლიანი წყვეტის შემდეგ, 2020 წელს, სისტემამ პირველად მიიღო სტუდენტები, რომლებსაც პროფესიულ ცოდნასთან ერთად, სრულ ზოგად განათლებასაც შესთავაზებს. კურსდამთავრებულები ატესტატთან გათანაბრებულ დიპლომებს მიიღებენ და სურვილის შემთხვევაში, სწავლას უმაღლესი განათლების საფეხურზე გააგრძელებენ. შესაბამისად, გაღრმავდება კავშირები განათლების სისტემის საფეხურებს შორის. პროფესიული და უმაღლესი განათლების ურთიერთდაკავშირებისთვის დაინერგება ასოცირებული ხარისხის პროგრამები და შეიქმნება კრედიტების აღიარების მექანიზმი.

მინისტრობის კანდიდატის თქმით, სახელმწიფო უწყებებთან, ბიზნეს გაერთიანებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით მიმდინარეობს პროფესიული განათლების სისტემის მართვის ახალი მოდელის სრულყოფა და 2021 წლის იანვრიდან სისტემა სწორედ ამ მოდელის შესაბამისად დაიწყებს ფუნქციონირებას.

სიტყვით გამოსვლისას მინისტრობის კანდიდატმა ასევე აღნიშნა, რომ დაწყებულია მუშაობა საერთაშორისო დონის პროფესიული სკოლების პროექტებზე, სადაც საქართველოს მოქალაქეებთან ერთად უცხოელი სტუდენტებიც ისწავლიან, მაგალითად, კახეთში ღვინისა და კულინარიის სკოლები, დუშეთში ტურიზმის სკოლა, ხოლო თბილისში საინჟინრო მიმართულების ცენტრი. გარდა ამისა, მიხეილ ჩხენკელის ინფორმაციით, აქტიურად მიმდინარეობს კოლეჯების ქსელის განვითარება მარნეულში, კასპში, ხაშურში, ბორჯომში, ლანჩხუთში, ჩოხატაურში, ახალქალაქში, ბათუმში, წყალტუბოში.

პროფესიულ განათლებაზე საუბრის დასასრულს, ჩხენკელმა იმ სიახლეზე გაამახვილა ყურადღება, რაც 2021 წლიდან პროფესიული განათლების განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლას უკავშირდება. მისი თქმით, წარმატებით განხორციელდა პროფესიული განათლების რეფორმის 2013-2020 წლების სტრატეგია და ევროკავშირის ტექნიკური დახმარების ფარგლებში მიმდინარეობს შემდგომი წლების სტრატეგიის მომზადება, რომელიც უპასუხებს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ გამოწვევებს და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ახალ დღის წესრიგს.

გარდა ამისა, მინისტრობის კანდიდატის თქმით, საჯარო-კერძო პარტნიორობით შეიქმნება შესაბამისი სამართლებრივი ფორმის მქონე პლატფორმა (უნარების სააგენტო) და ამით დაიწყება პროფესიული განათლების განვითარების სრულიად ახალი ეტაპი.

სამინისტროს ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარება წარმოადგენს. მისივე თქმით, 2020 წლის განმავლობაში სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს, მუნიციპალური განვითარების ფონდისა და ევროპის საბჭოს განვითარების ბანკის (CEB) მიერ 2020 წელს საქართველოს მასშტაბით დასრულდა 20 ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა, ხოლო 800-მდე სკოლაში სრულად მოწესრიგდა სველი წერტილები. 2021 წელს იგეგმება მიმდინარე მშენებლობების დასრულება, რის შედეგადაც განათლების სისტემას 60 ახალი სკოლა შეემატება.

მიხეილ ჩხენკელმა კულტურის მიმართულებით განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა.

"მნიშნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის მიმართულებით. კერძოდ, განახლდა 24 ობიექტი, საკონსერვაციო და არქეოლოგიური კვლევის სამუშაოები მიმდინარეობს 55 ძეგლზე. კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან თანამშრომლობით ფონდმა "ქართუმ" განახორციელა 97 მემკვიდრეობის ძეგლის აღდგენითი სამუშაოები," - აღნიშნა ჩხენკელმა.

ზამთრის სპორტის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, გრძელდება სათხილამურო ბაზებისა და საბაგირო გზების მოწყობა-მშენებლობა. თავისუფალი სტილით თხილამურებით სრიალსა და სნოუბორდში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატისა და 2025 წლის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობისთვის, აშენდება საერთაშორისო სტანდარტების სპორტული ობიექტები ბაკურიანსა და გუდაურში.

ჩხენკელის თქმით, სამინისტრომ შეიმუშავა მომდევნო 10 წლის განმავლობაში სპორტული ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობისა და განვითარების სტრატეგია, რომლის ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით იგეგმება საერთაშორისო სტანდარტების სპორტული მოედნების, სტადიონების, სპორტის სასახლეების, საწყლოსნო კომპლექსების, საჩოგბურთო კორტების, ყინულის დარბაზების, სპორტული ბაზების, აკადემიების, ცენტრებისა და მასობრივი სპორტული ობიექტების მშენებლობა.

მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით