"ან გომელაურმა დამალა რეალური ციფრები, ან გახარია "ბერავდა" თავის დროზე" - კვირის პალიტრა

"ან გომელაურმა დამალა რეალური ციფრები, ან გახარია "ბერავდა" თავის დროზე"

ერთპარტიულ პარლამენტში იმავე პარტიის მთავრობის მოსმენის დროსაც კი ან გომელაურმა დამალა რეალური ციფრები, ან გახარია ბერავდა თავის დროზე, - ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა "ტრიბუნას" ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

ჭიჭინაძე მიიჩნევს, რომ დაპირისპირება ივანიშვილის მთავრობაში, სხვადასხვა ჯგუფებს შორის, სულ უფრო და უფრო აშკარა ხდება.

"როდესაც გახარია გახდა შს მინისტრი, მის დროს დანაშაული გაიზარდა 50 % -ით და გახარიამ ასე ახსნა: "ჩემ დროს კი არ გაიზარდა დანაშაული, წინამორბედი, მღებრიშვილი მალავდაო".

დღეს შს მინისტრი, გომელაური ამბობს, რომ დანაშაული 34-40 პროცენტით შემცირდა. ანუ, მოვიდა თუ არა გომელაური, იმ წუთში მოიკლო დანაშაულმა? მოკლედ, ამ სტატისტიკით კი გამოდის, რომ ან ახლა უკვე გომელაური მალავს ციფრებს, ან გახარია ბერავდა ამ ციფრებს თავის დროზე. მაგრამ ჩვენთვის არცერთი ვარიანტია მისაღები. რადგან არც ფსევდო წარმატებული მენეჯერი არ უნდა ჰყავდეს ქვეყანას პრემიერად და არც მატყუარა მინისტრი უნდა სჭირდებოდეს პრემიერს კაბინეტში! არადა ასეთი მთავრობის ხელშია ქვეყანა. პარლამენტმაც აბსოლუტური კაპიტულაცია მოახდინა და ჩაბარდა მთავრობას. ხალხი კი თხოულობს ცვლილებებს, რომლის დაკმაყოფილება დღეს "ოცნებას" არც შეუძლია და არც აინტერესებს. ამიტომ, მარტო ოპოზიციას კი არა, ხელისუფლებას მოუწევს მალე გარეთ გამოსვლა, რადგან, როგორც არ უნდა ხლართონ, როგორც არ უნდა მანიპულირებდნენ, ის პროტესტი, რომელიც დღეს ხალხში გროვდება, საბოლოო ჯამში ყოველთვის ამარცხებს მსგავს ხელისუფლებას", - განაცხადა ჭიჭინაძემ.

აღნიშნულ კომენტარს პოლიტიკური მოძრაობა "ტრიბუნას" პრესსამსახური ავრცელებს.