"მე 30-წლამდეც ვერ მივაღწევო. გულიდან ისე ამოუვიდა ეს სიტყვები, ყველანი ცუდად გავხდით. ეტყობა იგრძნო, რომ ამდენს ვერ იცოცხლებდა..." - კვირის პალიტრა

"მე 30-წლამდეც ვერ მივაღწევო. გულიდან ისე ამოუვიდა ეს სიტყვები, ყველანი ცუდად გავხდით. ეტყობა იგრძნო, რომ ამდენს ვერ იცოცხლებდა..."

"გურამი ზურგზე მოკიდებული გადმომყავდა, უეცრად შუა წყალში გამაჩერა და, - რეზო, ამას არასდროს დაგივიწყებო. ჩანს, გული აუჩუყდა..."

მწერალსა და ჩემს სულიერ მეგობარ გურამ რჩეულიშვილზე წერა და ლაპარაკი არასდროს მბეზრდება... უფრო მეტიც - ასე მგონია, ვაჟკაცობითა და მწერლობით, სიყვარულითა და სევდით და - სიკვდილითაც კი გამორჩეულ ადამიანს შიგადაშიგ ამით ვაცოცხლებ ხოლმე, თუნდაც - ჩემთვის... ან სხვისთვისაც. სხვა დროსაც მითქვამს და აქაც გავიმეორებ - იშვიათად ვტირი, მით უფრო, სხვისი თანდასწრებით, მაგრამ... ამ ადამიანზე ფიქრისას, წარმოდგენისასაც კი გული მეწურება, ხოლო... კულმინაცია, მწვერვალი მაინც ის იყო, მის უახლოეს, უერთგულეს მეგობართან, მისი ცხოვრების უკვდამყოფელ მწერალ ნუგზარ წერეთელთან ერთად რომ ვიტირე გურამის კედელზე ჩამოკიდებულ ფოტოებთან...

ეს შესავალი იმიტომ დამჭირდა, რომ ამჯერადაც მის მოსაგონარს გთავაზობთ. გურამ რჩეულიშვილის სიყრმის მეგობრის - რეზო ერისთავის მონათხრობიდან კიდევ ბევრ თვისებას გამოარჩევთ, მის სავაჟკაცოს. სხვათა შორის, გურამის ჩანაწერებშიც რამდენჯერმე შემხვდა მისი სახელი და გვარი. გამეცინა, 1956 წლის ზაფხულის სულ პატარა ჩანაწერში გაღიზიანებული რომ წერს, როგორ უმტყუნა კალმისტარმა: "ეშმაკმა დალახვროს კალმისტარი. მქონდა ერთი, რომელიც რეზო ერისთავმა გამიტეხა სიბრაზის დროს, მეორე, უკეთესი, - მარინა ბულეიშვილმა, როცა ხელიდან მტაცებდა. პირველს ესიამოვნა, მეორეს ეწყინა მომხდარი. მე არც ერთი არ მესიამოვნა. გასაგებია. ახლა ხან ვისით ვწერ, ხან ვისით"...

დღეს ბატონი რეზო ერისთავიც გარდაცვლილია - ნათელი მის სულს, მაგრამ არასდროს მავიწყდება, წლების წინ რა ანთებული მიყვებოდა გურამის ამბებს და ყოველ ჯერზე დაურთავდა ხოლმე, უცნაური ბიჭი იყო, უცნაურიო...

მომავალი მეგობრები პირველად კიროვის პარკში შეხვედრიან ერთმანეთს. იმხანად გურამი 17 წლის იქნებოდა, ბატონი რეზო კი - მასზე 4 წლით უფროსი, სამხედრო სამსახურ მოვლილი. მალევე, თურმე, უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე, ერთ ჯგუფში აღმოჩნდნენ და ძალიან დამეგობრდნენ. უცნაური ბიჭი იყოო, ხშირ-ხშირად რომ ამბობდა გურამზე, გეგონებოდა, თითქოს ფიქრით უკვე მერამდენედ ცდილობდა, ამ, ყოველმხრივ ნიჭიერი ადამიანის უცნაურობას ჩასწვდომოდა. ხანმოკლე სიცოცხლის მიუხედავად, გურამ რჩეულიშვილმა არა მარტო ქართული ლიტერატურა გაამდიდრა თავისი შესანიშნავი შემოქმედებით, არამედ - თავის ახლობელ-მეგობრებსაც ბევრი მოსაგონარი დაუტოვა და მათი სახელებიც უკვდავჰყო.

ბატონი რეზო განსაკუთრებულად აღნიშნავდა, - საოცრად ნიჭიერი ბიჭი იყო, ვაჟკაცი, ძალიან კეთილშობილი, კარგი ოჯახის შვილი, არაჩვეულებრივი მშობლები ჰყავდა, მისი და - მარინე მაშინ პატარა გოგონა იყო, სკოლაში დადიოდა. მართლა საოცარი ბიჭი იყო გურამი და... ძალიან უცნაურიცო. ერთხელ კი ჩავეკითხე, - გურამის უცნაურობა რით გამოიხატებოდა-მეთქი? - ახლავე გეტყვიო...

რეზო ერისთავი

ამბავი 1

მეორე კურსზე ვსწავლობდით. უმრავლესობას მეტ-ნაკლებად მძიმე ცხოვრება გვქონდა. ბევრი გაჭირვებული ოჯახი იყო. დიდად დალხენილად არც ჩვენ ვცხოვრობდით. მე და გურამმა უნივერსიტეტში ერთი-ორჯერ შევნიშნეთ მეზობელი აუდიტორიისკენ მიმავალი ბიჭი, რომელიც ზამთარში უპალტოოდ და უქუდოდ, მხოლოდ ძველი სვიტერით დადიოდა. შეუძლებელი იყო, იმ ცივ ზამთარში არ შესცივნოდა, ფაქტობრივად, ალბათ, იყინებოდა. როგორც გავარკვიეთ, სტუდქალაქში მცხოვრები მთიელი, მგონი, ხევსური აღმოჩნდა. მორიგი შეხვედრისას გურამმა გაიხმო ეს ბიჭი ცარიელ აუდიტორიაში, გაიხადა პალტო, მას ჩააცვა და უთხრა, ჯერ მე გავალ, მაგრამ შენ მაშინვე არ გამოხვიდე, დერეფანში ბიჭები დგანან და არ მიხვდნენ, მე რომ გაჩუქე ეს პალტოო. თვითონ თხელი პერანგით დარჩა. ასეთი რამ იმ გაჭირვებულ პერიოდში წარმოუდგენელი იყო, ალბათ, სხვა ვერც ვერავინ მოიფიქრებდა. გურამს ვკითხე, ახლა რა ვქნათ, შინ რას იტყვი-მეთქი? - არაფერია, დედას სიმართლეს ვეტყვი, რა და როგორ იყოო. მერე ჩვენმა მეგობარმა ბიჭებმა ურჩიეს, - უთხარი, ვითომ დაგხვდნენ და პალტო წაგართვესო. - გიჟები ხომ არ ხართ, ტყუილი რატომ ვთქვა, ან კიდევ, ეგ როგორ ვთქვა, ვინ გამიბედავს დამხვდეს და რამე წამართვასო?! ერთად ავედით მასთან და მართლაც არ უსაყვედურიათ მის მშობლებს. მერე ახალი პალტო შეუკვეთეს გურამისთვის...

ამბავი 2

კიდევ მახსოვს, პირველ კურსზე უნივერსიტეტის რექტორს, ნიკო კეცხოველს პროფკავშირის ხალხი ჰყავდა დარაზმული, სტუდენტები სპორტულ წრეებში რომ გავეწევრებინეთ. მე კალათბურთს ვთამაშობდი და რატომღაც ცეკვის წრეში ჩამწერეს. ნიკოსთან უარი არ ჭრიდა, უსიტყვოდ უნდა დამორჩილებოდი და ასე აღმოვჩნდი ცეკვის უცოდინარი, ცეკვის წრეზე. გურამი ანცობას არ იშლიდა და პროფკავშირის აქტივისტს უთხრა, ჯგუფში ჭადრაკის მაგარი მოთამაშე გვყავს და ჭადრაკის წრეში ჩაწერეთო (გიორგაძეს გულისხმობდა). თვითონ გიორგაძეს კი, რომელიც სინამდვილეში, ძალოსანი იყო და ვარჯიშობდა კიდეც სიმძიმეების აწევაში, აუხსნა, - შენ მოჭადრაკის ტანი გაქვს და იმიტომ ჩაგწერეს მაგ წრეშიო. საწყალი გიორგაძე ყველას ეკითხებოდა, - მოჭადრაკის ტანი როგორი არისო? მერე მთელი უნივერსიტეტი ხარხარებდა ამაზე...

ამბავი 3

- უნივერსიტეტის პირველი კორპუსი ისე ახლოსაა ზოოპარკთან, იქ რომ ლომი აღრიალდებოდა, ჩვენც გავიგონებდით ხოლმე. უნივერსიტეტის ბაღის ბოლოს ხშირად ჩავდიოდით და მახსოვს, "დვაუდარას" ვთამაშობდით (ასეთი თამაშიც არსებობდა). გაზაფხულის ერთ თბილ დღესაც, თამაშის შემდეგ, ადიდებულ მდინარე ვერეს რომ გადავხედეთ, გურამმა მთხოვა, - წამო, მდინარეზე ჩავიდეთო. გურამს ცხენები უყვარდა ძალიან და იქვე, მდინარის პირას კვიციანი ცხენი დაუნახავს, იმიტომაც მოინდომა ჩასვლა. ცხენი საკმაოდ ბებერი აღმოჩნდა. გურამმა იმ ცხენზე შეჯდომა შემომთავაზა, თვითონ კი კვიცის მოთვინიერება განიზრახა. გავგიჟდი, - ეგ გაუხედნავია, რამე არ მოგწიოს-მეთქი, მაგრამ არ დაიჯერა. ჯიუტი იყო ძალიან. ახტა-დახტა ეს კვიცი და იმდენი იკუნტრუშა, გადმოაგდო გურამი. მთხოვა გურამმა, - არ თქვა ვინმესთან, რომ გადმომაგდოო. გურამ რჩეულიშვილი და რეზო ერისთავი ჯგუფელებთან ერთად

"დავამშვიდე", - აუცილებლად ვიტყვი, აბა, რა გინდოდა, მაგ გაუხედნავ კვიცთან-მეთქი (იცინის)! მერე დავხედეთ ჩვენს შარვლებს და რას ვხედავთ: სულ ცხენის ბეწვით ვართ დაფარული, თანაც ტალახიანები, არადა, ლექციაზე უნდა წავსულიყავით. ავდექით და ვერეში გავრეცხეთ შარვლები, ცოტა ხანს ქვებზე მივაფინეთ, ვითომ გასაშრობად, მაგრამ, ცხადია, ვერ გაშრებოდა, ასე რომ, ნახევრად სველი და დაჭმუჭნილი შარვლები ამოვიცვით. ფეხზე არ ჩავიცვი, რადგან ვერე უნდა გადმოგველახა, გურამს კი "ბათინკები" ამოეცვა და აღარ იცოდა, რა ექნა: იმდენი ზონარი ჰქონდა, მის გახდას ერთი საათი მაინც სჭირდებოდა და ლექციაზე დავიგვიანებდით. იქ ხომ ვერ მივატოვებდი, შემეცოდა და, - ზურგზე შემომაჯექი-მეთქი, - შევთავაზე. ასე, ზურგზე მოკიდებული გადმომყავდა, უეცრად შუა წყალში გამაჩერა და, - რეზო, ამას არასდროს დაგივიწყებო. ჩანს, გული აუჩუყდა... - წადი შენი... იცოდე, წყალში ჩაგაგდებ-მეთქი, - ვითომ დავემუქრე, სინამდვილეში კი, მეც გული ამიჩუყდა და თითქოს ჩემი დაუდევრად ნათქვამით, ემოცია გადავფარე... და გურამმაც, გაჩერებულ ცხენს რომ მოარტყამდა ხოლმე კისერზე ხელს, ისე მომარტყა ყელზე, რომ დავძრულიყავი...

ბატონი რეზოს შვილებთან ვმეგობრობ და მათ სახლში ხშირად დავდიოდი. განსაკუთრებულად მომწონდა ხის კარზე დამაგრებული ორიგინალური ზარი, გასაღებივით გადატრიალებით რომ რეკავდა. მხოლოდ იმ დღეს, საუბრისას შევიტყე, რომ ის ზარი გურამ რჩეულიშვილის ნაჩუქარი იყო.

ამბავი 4

- ასეთი ზარი თვითონ ეყენათ კარზე რჩეულიშვილებს და ძალიან მომწონდა. გურამმა ეს იცოდა და იმიტომაც მაჩუქა. სამწუხაროდ, გურამი უკვე გარდაცვლილი იყო, ის ბინა რომ მივიღეთ, შესაბამისად, არც ჩემს კარზე დაყენებული მისი საჩუქარი უნახავს. ყველა მეუბნებოდა, ეს ზარი რად გინდა, დენის დააყენეო, მაგრამ ვერ შეველიე. ეგ კი არა, სტუმრები რომ მოდიოდნენ, ვხსნიდი ხოლმე (შიგნიდან ძალიან ადვილად იხსნებოდა და ფიალის ფორმა ჰქონდა) და გურამის სადღეგრძელოს იმით ვასმევდი. ახლა იმ სახლში აღარ ვცხოვრობთ, ზარი კი იმ ხის კარზე დარჩა. ვიცოდი, ახალი მეპატრონე კარის გამოცვლას მოინდომებდა და ის ზარი არაფრად დასჭირდებოდა. როდესაც გურამის სახსოვარს მივაკითხე, იმ კარს ზარიანად ვეღარსად მივაკვლიე. არც მეპატრონემ იცოდა მისი გზაკვალი. ძალიან დამწყდა გული...

უცნაური ბიჭი იყო გურამი, უცნაური... ერთი ახლობელი გარდაგვეცვალა, 30 წლისა და დაკრძალვის დღეს მასზე თქვა, - კარგა ხანს კი უცოცხლიაო! - რა იყო, ბიჭო, 30 წელი რა არის-მეთქი? - ვკითხე და, - მე 30-მდეც ვერ მივაღწევო. გულიდან ისე ამოუვიდა ეს სიტყვები, ყველანი ცუდად გავხდით. ეტყობა, აშკარად იგრძნო, რომ ამდენს ვერ იცოცხლებდა... გული მწყდება, რაჭაში რომ ვერ წავიყვანე. არადა, სულ მეხვეწებოდა. მეც ძალიან მაინტერესებდა, რაჭის მთებს რომ ნახავდა, რაჭის კავკასიონს, 300 მეტრის სიმაღლის თამარ მეფის კლდეს, რას იტყოდა. იშვიათად დავდიოდი რაჭაში და მაინცდამაინც იმ ზაფხულს წავედი, 1960 წელს. როგორც იქნა, გურამის წაყვანის გეგმებიც დავაწყე, რა მეჩვენებინა, რა დაგველაშქრა, მაგრამ... თბილისში დაბრუნებულს მისი დაღუპვის ამბავი დამხვდა...

უცნაური ბიჭი იყო, უცნაური... მეტისმეტად მოგვიკლა გულიო, - ასე დაასრულა თხრობა ჩემმა ძვირფასმა რეზო ბიძიამ და უჩუმრად შეიმშრალა ცრემლი.

(სპეციალურად საიტისთვის)