"ყოველწლიურად 7 მილიონი ლარი იხარჯება იმისთვის, რომ ოჯახები ქუჩაში არ დარჩნენ" - რაზე ისაუბრა მერმა თბილისის მთავრობის სხდომაზე - კვირის პალიტრა

"ყოველწლიურად 7 მილიონი ლარი იხარჯება იმისთვის, რომ ოჯახები ქუჩაში არ დარჩნენ" - რაზე ისაუბრა მერმა თბილისის მთავრობის სხდომაზე

თბილისის მერმა კახა კალაძემ სამგორის რაიონში, თვალჭრელიძის ქუჩაზე, სახელმწიფო მიწებზე უკანონო შენობა-ნაგებობების განთავსებაზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ განმარტა, რომ უკანონოდ შენობა-ნაგებობების განთავსება კატეგორიულად მიუღებელია, რასაც თბილისის მერია არ დავუშვებს.

როგორც კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ყოველწლიურად დაახლოებით 7 მილიონი ლარი იხარჯება იმისთვის, რომ ოჯახები ქუჩაში არ დარჩნენ.

"კიდევ ერთხელ მინდა შევეხო სახელმწიფო ქონებების მიტაცების ფაქტებს. 18 დეკემბერს მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელმა, ლევან ჯღარკავამ დედაქალაქის მერიაში გამართა ბრიფინგი, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ აღმოჩენილი იყო კიდევ ერთი ლოკაცია, სამგორის რაიონში, თვალჭრელიძის ქუჩაზე, სადაც მიმდინარეობდა სახელმწიფო მიწებზე უკანონო შენობა-ნაგებობების განთავსება, რაც ძალიან ცუდია. მინდა კიდევ ერთხელ ყველას შევახსენო, რომ თბილისის მთავრობის კანონიერი ვალდებულებაა, სახელმწიფო ქონება დავიცვათ მიტაცებისგან და შემდეგ, უკანონო შენობა-ნაგებობების განთავსებისგან. დაუშვებელია ასეთი სამართალდარღვევა გავამართლოთ, რასაც ჩვენ ბოლო დღეებში ვისმენდით. ძალიან ცუდია, რომ ასეთი დარღვევები ადამიანის გაჭირვებით გავამართლოთ. ძალიან კარგად მესმის არსებული სოციალური მდგომარეობა, ვისაც მართლაც უჭირს და სერიოზული პრობლემები გააჩნია. თუმცა, შემთხვევით არ არის ის, რომ დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტის მესამედი სწორედ გათვალისწინებულია იმ მიმართულებით, რომ ჩვენ დავეხმაროთ იმ ოჯახებს და ადამიანებს, ვისაც დღეს ჩვენი თანადგომა ყველაზე მეტად სჭირდებათ. მომავალ წელს 350 მილიონი დაიხარჯება ამ მიმართულებით. როდესაც მიმდინარეობს ბიუჯეტზე მუშაობა, შედგენა, პირველი, რასაც ვაკეთებთ არის ის, რომ ამ მიმართულებით განისაზღვროს ის პროგრამები და ხელშემწყობი ღონისძიებები, რომელიც უნდა განხორციელდეს, რომ ამ ადამიანებს დავეხმაროთ. თუმცა, ქონების უკანონოდ მიტაცება დ მასზე უკანონოდ შენობა-ნაგებობების განთავსება კატეგორიულად მიუღებელია და ჩვენ ამას არ დავუშვებთ. არ დავუშვებთ იმიტომ, რომ ხვალ შეუძლება ვიღაცამ კერძო საკუთრებაში განათავსოს ასეთი შენობა-ნაგებობა და თქვას, რომ ეს ჩემი საცხოვრებელი ადგილიაო. ეს დამოკიდებულება ჩვენთვის მიუღებელია და ვერ დავუშვებთ. თუ ადამიანს თავშესაფარი უჭირს, ეს მისი მხრიდან სახელმწიფო ქონების მიტაცებას ან უნებართვო მშენებლობის განხორცელებას ვერ გაამართლებს. იმ ოჯახებს, ვისაც სხვადასხვა პრობლემები შეექმნათ და სახლის გარეშე დარჩნენ, დედაქალაქის მერიას აქვს სპეციალური პროგრამა, ყოველწლიურად დაახლოებით 7 მილიონი ლარი იხარჯება იმისთვის, რომ ასეთ ოჯახებს დავეხმაროთ და ქირით გავიყვანოთ, რომ ისინი ქუჩაში არ დარჩნენ ",- განაცხადა კალაძემ.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ადამიანები, რომლებიც სახელმწიფო მიწებს უკანონოდ იტაცებენ, სხვადასხვა ქალაქსა და რაიონში, მათ შორის თბილისში სახლებს ფლობენ.

"თვალჭრელიძის ქუჩის მიმდებარედ აღმოჩენილ უკანონო მშენებლობებთან კავშირი დაუდასტურდა, სამწუხაროდ, მერიის ერთ-ერთ თანამშრომელს" - მისივე თქმით, ყველა უკანონობაზე მერიისგან შესაბამისი რეაგირება მოხდება.

"დევნილის სტატუსის მატარებელი პირების გარდა, თვალჭრელიძის ქუჩის მიმდებარედ აღმოჩენილ უკანონო მშენებლობებთან კავშირი დაუდასტურდა სხვა მოქალაქეებს ასევე, უნდა აღვნიშნო სამწუხარო ფაქტი, რა თქმა უნდა, ეს ძალიან ცუდია, ერთ-ერთი არის მერიის თანამშრომელი. ვიმეორებ, ჩვენ არავისთან მიმართებაში არ ვაპირებთ უკან დახევას, ვინც სჩადის უკანონობას, ჩვენი მხრიდან მოყვება შესაბამისი რეაგირება", - განაცხადა კალაძემ.

"კვების ობიექტებისთვის, რომლებიც ადგილზე გასცემენ ან მიწოდების სერვისს ახორციელებენ, დასუფთავების მოსაკრებელი საკონდიტროებისთვის დაწესებული მოსაკრებლის ოდენობა იქნება" - მისივე თქმით, იმ ობიექტებს, რომლებმაც პანდემიის გამო მუშაობა შეწყვიტეს, დასუფთავების მოსაკრებელი მთლიანად მოეხსნებათ.

"შეღავათი ეხებათ კვების ობიექტებს. მოგეხსენებათ, რომ რესტორნები და სხვა კვების ობიექტები ადგილზე გასცემენ ან მიწოდების სერვისს ახორციელებენ და სტუმრებს ვერ მასპინძლობენ შესაბამისად ამ პერიოდში, მათთვის დასუფთავების მოსაკრებელი, საკონდიტროებისთვის დაწესებული მოსაკრებლის ოდენობა იქნება, რაც 8-ჯერ ნაკლებია.

რაც შეეხება იმ ობიექტებს, რომლებიც საერთოდ ვერ ფუნქციონირებენ და დახურულები არიან ამ პანდემიის გამო, შეუძლიათ განცხადებით მიმართონ "თბილსერვის ჯგუფს" და ამ პერიოდში მთლიანად მოეხსნებათ დასუფთავების მოსაკრებელი", - განაცხადა კახა კალაძემ.

"მუნიციპალიტეტის მოიჯარეებს დეკემბერ-იანვრის თვეში იჯარის გადასახადი მოეხსნებათ, ამავე პერიოდში არ დაეკისრებათ სანქცია/საურავები და მანამდე დაკისრებული სანქცია/საურავების დინებაც შეჩერდება" - მისივე თქმით, აღნიშნული შეღავათი ქვემოიჯარეებსაც შეეხებათ.

"არსებული პანდემიის პირობებში ძალიან გაუჭირდა ზოგადად ბიზნესს, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესი გახდა დიდი დარტყმის და დიდი ზეწოლის ქვეშ. ჩვენ პანდემიის პირველი ტალღის დროს მთელი რიგი დახმარებების პაკეტი გავაკეთეთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, სხვადასხვა ტიპის შეღავათები გაუკეთდა მეწარმეებს. წინა მთავრობის სხდომაზე ვიცე მერს დაევალა მოემზადებინა კონკრეტული პაკეტი, რომ ჩვენ დავეხმაროთ და ხელი შევუწყოთ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს. პირველ რიგში შეღავათები შეეხებათ მუნიციპალიტეტის მოიჯარეებს, ესენი არიან ეკონომიკური სუბიექტები, რომლებსაც მერიისგან ან მერიის საკუთრებაში არსებული საწარმოებისგან იჯარით აქვთ აღებული ფართები, სხვადასხვა სახის უძრავი ქონება და მისი მეშვეობით ახორციელებენ სამეწარმეო საქმიანობას. ვინაიდან პანდემიის გამო დაწესებულია შეზღუდვები დეკემბერ-იანვრის თვეებში ამ სუბიექტებს იჯარის გადასახადი მოეხსნებათ ამ თვეებშიც და ასევე, ამავე პერიოდში არ დაეკისრებათ სანქცია/საურავები და მანამდე დაკისრებული სანქცია/საურავების დინებაც შეჩერდება. ასევე, აღსანიშნავია ისიც, რომ თუ მინიციპალიტეტის ქონება ქვეიჯარით არის გაცემული, მათზეც აღნიშნული შეღავათები, რა თქმა უნდა, უნდა გავრცელდეს",- განაცხადა კალაძემ.

მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით