"მე თავისუფალი კაცი ვარ, პარტიის წევრი არ ვარ" - "პატრიოტთა ალიანსის" წევრი ავთანდილ ენუქიძე პარლამენტში შესვლას გეგმავს - კვირის პალიტრა

"მე თავისუფალი კაცი ვარ, პარტიის წევრი არ ვარ" - "პატრიოტთა ალიანსის" წევრი ავთანდილ ენუქიძე პარლამენტში შესვლას გეგმავს

"პატრიოტთა ალიანსის" სიის მეოთხე ნომერი ავთანდილ ენუქიძე პარლამენტში შესვლას გეგმავს. როგორც ენუქიძე "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას აცხადებს, მიხეილ სააკაშვილისა და გიგა ბოკერიას გვერდით ქუჩაში დგომას არ აპირებს.

მისივე თქმით, "პატრიოტთა ალიანსის" შიგნით მისი გადაწყვეტილების შესახებ ყველამ იცოდა.

"ამ წუთში გადაწყვეტილი არ მაქვს როდის შევალ, თუმცა ჩემი ხედვები მაქვს და პარლამენტში შესვლას ვაპირებ. აბა რატომ არ დავწერე განცხადება? იქ რასაც იტყვი, იმას ქვეყანა ისმენს. მე ქუჩაში ვერ დავდგები სააკაშვილის და ბოკერიას გვერდით განსაკუთრებით. მე თავისუფალი კაცი ვარ, პარტიაში ეს ყველამ იცოდა, რომ ვისაც რა გადაწყვეტილება უნდოდა იმ გადაწყვეტილებას მიიღებდა, არავინ არავის არ აძალებს და არ სთხოვს ასე მოიქეციო. პარტიის წევრი არ ვარ, ვიყავი თავისუფალი წევრი, მე ვრჩები ამ პარტიის მხარდამჭერად და ვიქნები ბოლომდე", - აღნიშნა ავთანდილ ენუქიძემ.

ცნობისთვის, "პატრიოტთა ალიანსს" 4 მანდატი აქვს მოპოვებული. პარტიული სიის სამმა წევრმა სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის მოთხოვნით პარლამენტს უკვე მიმართა.

"ინტერპრესნიუსი"