"როგორ ვეტყოდი ანას, რომ ამ უძვირფასეს საჩუქარს ვერ გავუფრთხილდი..." - კვირის პალიტრა

"როგორ ვეტყოდი ანას, რომ ამ უძვირფასეს საჩუქარს ვერ გავუფრთხილდი..."

უცნაური იყო ანა კალანდაძის ლექსები თუნდაც იმით, რომ მასში სიახლე სიძველე იყო, დიდს მცირედით გამოთქვამდა, ყაყაჩოს ღვინოებს ასმევდა მკითხველს და პირგახეთქილ ბროწეულებს, დუმილით დაქანცულებს, გაათქმევინებდა საიდუმლოს, როგორ მოგხვია წელზე ხელი თუთამ... როგორი იყო ანა? - ამაზე ძალიან ბევრს საუბრობენ და ისაუბრებენ ადამიანები. და მაინც, ვინ შეიძლება მასზე ობიექტურად ილაპარაკოს? მისმა ნაცნობებმა, ბუნებრივია. მკითხველს ვთავაზობ ორ გახსენებას, ერთი ნოდარ დუმბაძის სტუდენტობის დროს უკავშირდება, მეორე კი ახლახან დაიწერა ჩოხატაურის რაიონში სპეციალურად "გზის" მკითხველისთვის, 15 დეკემბერს...

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

ნოდარ დუმბაძე იხსენებდა:

"გაგიკვირდებათ, მაგრამ პირველი სიტყვა, რომელიც ანას მისამართით გავიგონე, ბოროტი და გამქირდავი იყო. უნივერსიტეტის წინ, ჭადრის ჩრდილში, ერთ ვიღაცას გაზეთი "ლიტერატურა და ხელოვნება" გაეშალა და მეორეს უკითხავდა:

- ნახე, რას წერს! "ყაყაჩოს ღვინო სალხინოვო". ყაყაჩოს ღვინო თუ გაგიგია შენ?

- არ გამიგია, - ეუბნებოდა მეორე და იცინოდა..."

"პროფესორი ნიკოლოზ ქოიავა შემოვიდა, მაგიდას მიუჯდა, ერთხანს ჩუმად იჯდა, მერე დაფასთან გამომიძახა, გაზეთი "ლიტერატურა და ხელოვნება" გამომიწოდა და მითხრა: "წაიკითხე, დუმბაძე, ხმამაღლა წაიკითხე".

ვკითხულობდი:

"და რა ქალი?! ხელის გულით სატარები,

რა თვალები? ელვის ცეცხლის დამჭერი,

ბოშა ქალი, ვარსკვლავების სადარები,

შეხედეს და, შეუკურთხეს გამჩენი".

რომ დავამთავრე, არავის უკითხავს, შეიძლებოდა თუ არა ხელისგულით ქალის ტარება, თვალებით ელვის ცეცხლის დაჭერა, ქალისათვის გამჩენის შეკურთხება... ყველა მე მიცქეროდა და მე კი - ყველას, ასეთი საყოველთაო განცვიფრება და დუმილი პირველად მოვისმინე. და ანიკოს ოჯახს ააშენებს ღმერთი. პროფესორმა გაზეთი სათუთად დაკეცა, ჯიბეში ჩაიდო, ადგა და წავიდა. იმ დღეს ჩათვლა ყველამ მიიღო..."

ნანა კალანდაძე (პედაგოგი ჩოხატაურიდან):

" მოსწავლეთა სასახლე მელოდებოდა, სადაც პირველად შევხვდი "ლექსების დედოფალს". ჩემი თემით დაინტერესდნენ და დიპლომის გადმოსაცემად თბილისში მიმიწვიეს, სადაც წამაკითხეს აღნიშნული თემა. მოწვეული ჰყავდათ ქალბატონი ანა, რომელსაც ატმისა და ტყემლის აყვავილებული რტოები ჩავუტანე საკუთარი ეზო-კარიდან. ანა ხიდისთავში იშვიათად ჩამოდიოდა. წარმოიდგინეთ, ჩემთვის რამხელა ბედნიერება იყო, როცა ანამ გულში ჩამიკრა და სახე დამინამა მისმა სიხარულისაგან დადენილმა ცრემლებმა. მეც და რტოებსაც მთელი გრძნობით, ერთნაირად გვეფერებოდა ჩვეული სიფაქიზით. ჩვენ იმ დღიდან ერთმანეთისთვის ახლო ადამიანები გავხდით..."

"თავისი უზარმაზარი წითელი ვარდების თაიგულიდან ერთი ვარდი ამოაძრო და გამომიწოდა, - ეს შენ, ჩემო პატარა მეგობარო, ჩვენი სიყვარულის სიმბოლოო (ის ვარდი წლების მანძილზე ინახებოდა ანას კრებულში, რომელიც მეორე შეხვედრისას მაჩუქა. ჩემი სტუდენტობისას, სამწუხაროდ, ჩემმა პატარა ძმისშვილმა ის ვარდიც და წიგნიც გამინადგურა. როცა გავიგე, მთელი დღე ვტიროდი. ბებიამ, რომელიც 80 წელს იყო გადაცილებული, ბოდიში მომიხადა და მითხრა, მე ვეტყვი ანას, ხელახლა გაჩუქოს წიგნიო, მაგრამ როგორ ვეტყოდი ან როგორ ვათქმევინებდი, რომ ამ უძვირფასეს საჩუქარს ვერ გავუფრთხილდი...)"

ინტერვიუს სრულად ჟურნალ "გზის" 24 დეკემბრის ნომერში წაიკითხავთ.

როლანდ ხოჯანაშვილი