შსს დაკარგული სამხედრო მოსამსახურის შესახებ განცხადებას ავრცელებს - კვირის პალიტრა

შსს დაკარგული სამხედრო მოსამსახურის შესახებ განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო დაკარგული სამხედრო მოსამსახურის პოვნის შესახებ განცხადებას ავრცელებს

როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე თ.გ. თბილისში იპოვეს.

მათივე ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციასთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული ინტენსიური სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად თავდაცვის სამინისტროს საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე თ.გ. თბილისში იპოვნეს.

სამხედრო მოსამსახურე თ.გ. 21 დეკემბერს 09:00 სთ-მდე იმყოფებოდა განწესში და ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას, ხოლო განწესის შეცვლის შემდეგ ისარგებლა კონტრაქტით გათვალისწინებული დათხოვნის უფლებით და დატოვა სამხედრო ნაწილის ტერიტორია. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს. სამხედრო მოსამსახურე თავს კარგად გრძნობს და გამოკითხვის მიზნით პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფაქტთან დაკავშირებით, მოგვიანებით განცხადება თავდაცვის სამინისტრომაც გაავრცელა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მე-4 მექანიზებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურე, თეიმურაზ გიუნაშვილი, რომელსაც რამდენიმე დღე ეძებდნენ, თავს კარგად გრძნობს.

როგორც უწყების ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, სამხედრო პოლიციამ გამოძიება სამხედრო ნაწილში საპატიო მიზეზის გარეშე დროულად გამოუცხადებლობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 388-ე მუხლის პირველ ნაწილით დაიწყო.

„თავდაცვის სამინისტროს მე-4 მექანიზებული ბრიგადის გაუჩინარებული სამხედრო მოსამსახურე თეიმურაზ გიუნაშვილი, შსს-სა და თავდაცვის სამინისტროს მჭიდროდ კოორდინირებული მუშაობის შედეგად აღმოჩენილ იქნა და ის თავს კარგად გრძნობს. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის მიერ დაიწყო გამოძიება აღნიშნული პირის სამხედრო ნაწილში საპატიო მიზეზის გარეშე დროულად გამოუცხადებლობის ფაქტზე. დანაშაული შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 388-ე მუხლის პირველ ნაწილს, რომელიც გულისხმობს სამხედრო სამსახურში მყოფის მიერ სამხედრო ნაწილის ან სამსახურის სხვა ადგილის თვითნებურად დატოვებას, აგრეთვე სამსახურში (ნაწილში) საპატიო მიზეზის გარეშე დროულად გამოუცხადებლობა ორ დღე-ღამეზე მეტი ხანგრძლივობით.

შეგახსენებთ, რომ 22 დეკემბერს, სამხედრო ნაწილში დროულად გამოუცხადებლობის შემდგომ თავდაცვის სამინისტროს შესაბამისმა სამსახურებმა მყისიერად დაიწყეს ზომების გატარება შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქტიური კოორდინაციით“, - ნათქვამია განცხადებაში.