"ცუდი არ იქნება, თუ ქუჩის მწვრთნელების პროგრამა ამოქმედდება" - კახიშვილი ქუჩის სპორტის პოპულარიზაციაზე - კვირის პალიტრა

"ცუდი არ იქნება, თუ ქუჩის მწვრთნელების პროგრამა ამოქმედდება" - კახიშვილი ქუჩის სპორტის პოპულარიზაციაზე

პარლამენტის წევრი, კახა კახიშვილი სოციალურ სფეროში არსებულ პრობლემებს შეეხო და გიორგი გახარიას მიმართა, ხომ არ არსებობს სამართალდამცავთა სისტემის თანამშრომლების სოციალური გარანტიების პაკეტი.

მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანია სამართალდამცავი სისტემის დაღუპული თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური გარანტიები.

"გმირი უნდა იყოს მაგალითი და გმირის ოჯახი უნდა იყოს დაფასებული, რომ ადამიანებმა ნახონ, სახელმწიფო ზრუნავს იმ ადამიანებზე, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიცვეს ქვეყნის ინტერესები", - განაცხადა დეპუტატმა.

კახა კახიშვილი ასევე შეეხო ქუჩის სპორტის პოპულარიზაციას და განაცხადა, რომ ცუდი არ იქნება, თუ ქუჩის მწვრთნელების პროგრამა ამოქმედდება.

"მინდა გთხოვოთ, იქნებ რამე გეგმა გვქონდეს ქუჩის სპორტის პოპულარიზაციასთან დაკავშირებით. ვხედავთ, რომ მერია ძალიან ბევრ სკვერსა და სტადიონს აშენებს თბილისის უბნებში, მაგრამ ამავდროულად, ცუდი არ იქნება, თუ ქუჩის მწვრთნელების პროგრამა ამოქმედდება. მაგალითად, არ არსებობს, სადაც არის სკვერი და სტადიონი, იმ კორპუსში მწვრთნელი არ ცხოვრობდეს და სიმბოლურ თანხად ამეცადინებდეს ბავშვებს საღამოობით, ეს კარგი იქნება და ვფიქრობ, უფრო მეტ ტალანტს აღმოვაჩენთ",-განაცხადა მან.

დეპუტატმა ასევე ვეტერანების დახმარებაზე ისაუბრა.

"სამწუხაროდ ვეტერანები გაყვეს "ჩემს ვეტერანებად" და "სხვის ვეტერანებად". არ არის გათანაბრებული მათი დახმარება, რაც უბრალოდ უხერხულია. ამ კუხით ხომ არ ვიფიქროთ, რომ ვეტერანების დასახმარებლად ერთიანი, სტაბილური სისტემა შევქმნათ",-განაცხადა კახიშვილმა.

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც დეპუტატმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს მიმართა, შშმ პირების დახმარებას შეეხება:

"დღევანდელი მოქმედი რეგულაციით, ისინი 18 წლამდე იღებენ დახმარებას, 18 წლის შემდეგ კი, დახმარება აღარ ეძლევათ. სასამართლოთი უნდა დაამტკიცოს მშობელმა რომ არის მზრუნველი და ა.შ., რაც რა თქმა უნდა, ურთულესი პროცედურებია და ამაზეც ხომ არ ვიფიქროთ. რაც უფრო იზრდება ადამიანი, მითუმეტეს, შეზღუდული შესაძლებლობის პირი, ოჯახს ხარჯი ემატება. ვფიქრობ, არალოგიკურია, რომ დახმარება მხოლოდ 18 წლამდეა",-განაცხადა კახიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"