"ოპოზიციის არყოფნა დარბაზში, პრობლემაა - ეს მე კი არ მიქმნის დისკომფორტს, ეს ქვეყნის პრობლემაა" - რას აცხადებს გიორგი გახარია? - კვირის პალიტრა

"ოპოზიციის არყოფნა დარბაზში, პრობლემაა - ეს მე კი არ მიქმნის დისკომფორტს, ეს ქვეყნის პრობლემაა" - რას აცხადებს გიორგი გახარია?

ოპოზიციის არყოფნა დარბაზში, პრობლემაა. ეს ჩემი პრობლემა კი არ არის, მე კი არ მიქმნის დისკომფორტს, ეს ქვეყნის პრობლემაა,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

გიორგი გახარიას თქმით, რთული იქნება კონსენსუსური გადაწყვეტილების მიღება, თუნდაც „არაჯანსაღი ოპონირების გარეშე“.

"რა თქმა უნდა, ოპოზიციის არყოფნა დღეს დარბაზში პრობლემაა. ეს ჩემი პრობლემა კი არ არის, მე კი არ მიქმნის დისკომფორტს ეს ქვეყნის პრობლემაა, რომელიც საშუალოვადიან პერსპექტივაში რეალურად უქმნის ქვეყანას და გადაწყვეტილების მიღების პროცესს პრობლემას. თუნდაც არაჯანსაღი ოპონირების გარეშე, რა თქმა უნდა, რთული იქნება კონსენსუსური გადაწყვეტილების მიღება. ეს არის დემოკრატიული პროცესის ელემენტარული ჭეშმარიტება.

გასული წლის განმავლობაში ოპოზიციამ, მათ შორის, ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა, მმართველმა ძალამ, ძალიან ბევრი მოლაპარაკებები გამოვიარეთ იმისთვის, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა შემდგარიყო, როგორც ფაქტი. შევთანხმდეთ, რომ „ქართულმა ოცნებამ" პირველად საქართველოს პოლიტიკურ ისტორიაში გადადგა ეს ნაბიჯი, ჩაატარა მეტად პროპორციული და კონსტიტუციაში დამაგრებულია, რომ 2024 წელს პროპორციული არჩევნები იქნება.

ამის შედეგად, ტარდება არჩევნები, რომელსაც ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია ერთხმად აღიარებს ძირითადად დემოკრატიულ არჩევნებად. ამის შემდგომ, როდესაც ჩვენი მოქალაქეები პანდემიის პირობებში მივიდნენ საარჩევნო უბანზე და ხმა მისცეს 8 ოპოზიციურ პარტიას, პირველად საქართველოს ისტორიაში ოპოზიციისა 60 მანდატი.

მე არ ვიცი ამ დემოკრატიზაციის მიღწევაზე უარის თქმის არცერთი გონივრული მიზეზი, ამავდროულად, სახელმწიფოს ინსტიტუტის დელეგიტიმაციისკენ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯი ჩემთვის გაუგებარია. პარალელურად ფრთხილი მოწოდებები საკმაოდ სუსტად დასაბუთებული რევოლუციისკენ, მაშინ როდესაც ქვეყანა გლობალური კრიზისული პროცესების წინააღმდეგ იბრძვის მოქალაქეებთან ერთად ",-განაცხადა პრემიერმა.

"ინტერპრესნიუსი"