"არ მინდა, ვინმეს თითის ქნევით ველაპარაკო, მაგრამ პროცესი გამოაჩენს, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი პარლამენტში შევა" - კვირის პალიტრა

"არ მინდა, ვინმეს თითის ქნევით ველაპარაკო, მაგრამ პროცესი გამოაჩენს, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი პარლამენტში შევა"

პარტია "მოქალაქეების" ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, პოლიტიკური პროცესი გამოაჩენს, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი პარლამენტში შევა. ამის შესახებ ელისაშვილმა ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" განაცხადა.

მისივე თქმით, სანამ ოპოზიცია პარლამენტში შევა, მანამდე "ქართულმა ოცნებამ" ცუდად ჩატარებული არჩევნების გამო, პოლიტიკური ფასი უნდა გადაიხადოს.

მანვე აღნიშნა, რომ 30 წლის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები პატიოსნად ჩატარდება და ეს ამბავი, არავის უნდა "ეპატარავებოდეს".

"არ მინდა, ვინმეს თითის ქნევით ველაპარაკო, მაგრამ პროცესი გამოაჩენს, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი პარლამენტში შევა. უნდა შევიდეთ, ხალხმა ხმა იმისთვის მოგვცა, რომ პარლამენტში ვიმუშაოთ. მაგრამ სანამ შევალთ, იმ ცუდად ჩატარებული არჩევნების გამო "ქართულმა ოცნებამ" პოლიტიკური ფასი უნდა გადაიხადოს. ორი თვე მაგიტომ ვიბრძვით. უკან დავახევინეთ "ქართულ ოცნებას", მოდით, ნუ ჩავყრით წყალში! გუშინ იცი რა გვითხრა კელი დეგნანმა?! ცოტა დაფიქრდითო... ამ ქვეყნის მთავარი პრობლემაა, რომ სულ ყალბდება არჩევნები, ბოლოს და ბოლოს, ყველა აზრი, ყველა ფიქრი, რამაც შეიძლება გააჯანსაღოს საარჩევნო სივრცე, რომ ეს - „გადადგეს“, „გადადგეს“ აღარ ისმოდეს, მაგიდაზე დავაწყეთ. ელჩების ძალისხმევით და მძვინვარე აქციებით "ქართულმა ოცნებამ" ნაბიჯები უკან გადადგა და თქვა: "კი ბატონო, ამ საარჩევნო წესებზე მოვდივარ!" ეს ცოტა ამბავია?! ამით რომ ქვეყანა ამოისუნქავს, ვის ეპატარავება ეს ამბავი?! 30 წლის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები პატიოსნად ტარდებოდეს", - განაცხადა ელისაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"