"გრიგოლმა ყველაფერი ჩადო პარტიაში, მაგრამ უკან არაფერი წაუღია, გარდა იმისა, რომ ზოგიერთმა უმადურმა ზურგში წიხლი მიაყოლა" - კვირის პალიტრა

"გრიგოლმა ყველაფერი ჩადო პარტიაში, მაგრამ უკან არაფერი წაუღია, გარდა იმისა, რომ ზოგიერთმა უმადურმა ზურგში წიხლი მიაყოლა"

"ნაციონალური მოძრაობის" ახალი თავმჯდომარის ვინაობა დღეს გახდება ცნობილი. პარტიის გადაწყვეტილებით, თავმჯდომარის არჩევა რამდენიმე დღის განმავლობაში ელექტრონული კენჭისყრით მიმდინარეობს, რომელში მონაწილეობაც ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია.

პარტიის თავმჯდომარედ წარდგენილია ორი კანდიდატი - ლევან ვარშალომიძე და ნიკა მელია. მოქალაქეები არჩევანს სწორედ ამ ორ კანდიდატს შორის აკეთებენ.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, "ნაციონალური მოძრაობის" პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე, ელექტრონულ კენჭისყრაში მონაწილეთა უმეტესობა ნიკა მელიას დანიშვნას უჭერს მხარს.

კენჭისყრა 21 დეკემბერს დაიწყო და დღეს, 21.00 საათამდე გაგრძელდება. გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ კი პარტიის თავმჯდომარეს უახლოეს მომავალში გამართულ ყრილობაზე დაამტკიცებენ. პარტიაში არსებულ ვითარებაზე "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს, რომან გოცირიძეს ბვესაუბრეთ:

რომან გოცირიძე:

- რა არის პოლიტიკა?! ეკონომიკის კონცენტრირებული გამოხატულება. პოლიტიკაში, საბოლოოდ, ის პროცესები ვითარდება, რაც სოციალურ და ეკონომიკურ სფეროში. კრიზისულ ვითარებაში ჩავარდნილი ქვეყნის ხელისუფლებას ხალხი არ ენდობა. "ქართული ოცნება", გაყალბებული არჩევნების ფონზეც კი, უმცირესობაში აღმოჩნდა. ხოლო არჩევნების შემდეგ, როდესაც ბევრ რამეს ფარდა აეხადა, "ოცნებამ" კიდევ ბევრი მხარდამჭერი დაკარგა. ადამიანები უკვე ნანობენ, ორი თვის წინ მმართველ გუნდს რომ დაუჭირეს მხარი.

- კრიზისს ქმნის ისიც, რომ ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები ვერ შედგა და პოლიტიკური კრიზისი ქუჩიდან საკანონმდებლო ორგანოში ვერ გადავიდა. თქვენ, როგორც ყველაზე ძლიერი ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, გამოსავალს რაში ხედავთ?

- გამოსავალი არ იქნება, თუ ხელისუფლება პოზიციებს არ დათმობს. ოპოზიციამ უკვე დათმო, სერიოზულ კომპრომისზე წავიდა. ეს კომპრომისი არის პლებისციტი. მთავრობა ამას რომ დათანხმებულიყო, ოპოზიცია შევიდოდა პარლამენტში, დაიწყებდა მუშაობას საარჩევნო კანონმდებლობაზე, ცესკოს ახალი ადმინისტრაციის ჩამოყალიბებაზე, მაისში დანიშნავდა პლებისციტს და დაელოდებოდა შედეგებს. პლებისციტში გამარჯვების შემთხვევაში, ოქტომბრამდე დაელოდებოდა რიგგარეშე არჩევნებს. ე.ი. ოპოზიცია ოქტომბრამდე იქნებოდა პარლამენტში. ეს ძალიან სერიოზული კომპრომისია ოპოზიციის მხრიდან. ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ ხალხს პლებისციტში ეთქვა, არ ვარ ხელახალი არჩევნების მომხრეო. ოპოზიციას ხომ ყველაფერი წყალში ჩაეყრებოდა?! პლებისციტი ოპოზიციისთვის სერიოზული რისკია. ამიტომ არ არის სწორი იმაზე ლაპარაკი, რომ, თითქოს, ორივე მხარე გაჯიუტდა. ოპოზიცია - არა, მაგრამ ხელისუფლება ნამდვილად გაჯიუტდა.

- იქნებ იმიტომ, რომ ოპოზიციურ ერთობაში ბზარის შეტანას ელოდება? მაგალითად, კობახიძემ ხელისუფლების მუშაობის შედეგად მიიჩნია ბზარის შეტანა რიგ ოპოზიციურ პარტიებში - იგულისხმება "გირჩის" გაყოფა და "ნაციონალური მოძრაობიდან" პარტიის თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის წასვლა. - მე არ ვიცი, რა მოხდა "გირჩში", მაგრამ სასაცილოა იმის თქმა, რომ გრიგოლ ვაშაძემ ხელისუფლების მუშაობის შედეგად დატოვა პარტია. ვაშაძემ თავისი ცხოვრების სამი წელი დაახარჯა "ნაციონალურ მოძრაობას". 50 ათასი კილომეტრიც ფეხით გაიარა, 4 თვეს ქუთაისში იცხოვრა, ბევრი ფინანსური რესურსიც დახარჯა. მას სულაც არ უნდოდა პარტიის თავმჯდომარეობა, მაგრამ ჩვენ ვთხოვეთ, იმიტომ, რომ სამაგალითო ადამიანია. მეუღლეც განსაკუთრებული ჰყავს, ნინო ანანიაშვილის მსგავსი პროფესიონალი საუკუნეში მხოლოდ ოთხი-ხუთი თუ იბადება. სხვათა შორის, ბალეტის დიდი მოყვარული ვარ. სტუდენტობის ნახევარი ოპერისა და ბალეტის თეატრში მაქვს გატარებული. ამიტომ, ზუსტად ვიცი, რასაც ვამბობ. გროგოლმა ყველაფერი ჩადო პარტიაში, მაგრამ უკან არაფერი წაუღია, გარდა იმისა, რომ ზოგიერთმა უმადურმა ზურგში წიხლი მიაყოლა.

- ვის გულისხმობთ, ვინ მიაყოლა ვაშაძეს ზურგში წიხლი?

- "ნაციონალური მოძრაობის" ვითომ გულშემატკივრებმა, - რა დროს პარტიიდან წასვლა იყოო?! გრიგოლ ვაშაძის გადასაწყვეტი იყო, რა დროს და რა ფორმით წავიდოდა.

- მხოლოდ გულშემატკივრები? თავად ვაშაძე პარტიაში ოდიოზურ ადამიანებთან შეუგუებლობაზე ლაპარაკობდა.

- არა, ლაპარაკია რიგით აქტივისტებზე და არა - ლიდერებზე.

- მალე, პარტიის ახალი თავმჯდომარის ვინაობა გაირკვევა. თქვენი პოზიცია როგორია ამ საკითხთან დაკავშირებით, მხარს ვის უჭერთ?

- ჩემს პოზიციას ხმამაღლა ვერ დავაფიქსირებ, არ მინდა, გავლენა მოვახდინო სხვებზე. ხმის მიცემა ელექტრონულად ძალიან საინტერესო პროცესია. ვნახოთ, რა შედეგს მივიღებთ.

- მიხეილ სააკაშვილის პოზიცია როგორია ამ საკითხთან დაკავშირებით?

- არ ვიცი, ბოლო დროს მასთან არ მისაუბრია. თავად დაურეკეთ და ჰკითხეთ.

ხათუნა ბახტურიძე (სპეციალურად საიტისთვის)