ცოლად შერთვის მიზნით, არასრულწლოვანი გოგონას გატაცების ფაქტზე 3 პირი დააკავეს - კვირის პალიტრა

ცოლად შერთვის მიზნით, არასრულწლოვანი გოგონას გატაცების ფაქტზე 3 პირი დააკავეს

ცოლად შერთვის მიზნით, არასრულწლოვანი გოგონას გატაცების ფაქტზე 3 პირი დააკავეს. შსს-ის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 21 დეკემბერს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში ა.ა.-მ ცოლად შერთვის მიზნით, თანმხლებ პირებთან ერთად, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა ამავე სოფელში მცხოვრებ არასრულწლოვან გოგონას 2004 წელს დაბადებულ ფ.ა.-ს.

მათივე ინფორმაციით, რამდენიმედღიანი ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად პოლიციამ გატაცებული არასრულწლოვანის ადგილსამყოფელი დაადგინა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად არასრულწლოვანი გოგონას თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე 3 პირი: 1999 წელს დაბადებული ა.ა. 1991 წელს დაბადებული რ.ო. და 1995 წელს დაბადებული ა.ა. დააკავეს.

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არასრულწლოვნის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" და "დ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს ",-აცხადებენ უწყებაში.

"ინტერპრესნიუსი"