"ოპოზიციის ნაწილს აშკარად ატყუებს ივანიშვილის გარეგნული უბრალოება და რიტორიკის ხალხურობა, ის გაცილებით უფრო სერიოზული მოთამაშეა" - კვირის პალიტრა

"ოპოზიციის ნაწილს აშკარად ატყუებს ივანიშვილის გარეგნული უბრალოება და რიტორიკის ხალხურობა, ის გაცილებით უფრო სერიოზული მოთამაშეა"

"ოპოზიციის ნაწილს აშკარად ატყუებს ივანიშვილის გარეგნული უბრალოება და რიტორიკის ხალხურობა, ის გაცილებით უფრო სერიოზული მოთამაშეა"

არჩევნების შემდეგ ქვეყანაში ჩამოყალიბებულ რეალობაზე, საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე და 2020 წლის შედეგებზე "ინტერპრესნიუსი" ფილოსოფოსს, ზაზა ფირალიშვილს ესაუბრა.

- ბატონო ზაზა, როგორ შეაფასებდით 2020 წლის არჩევნების შემდეგ ქვეყანაში შექმნილ ვითარებას, რომლის უმთავრესი მახასიათებელი ერთპარტიული პარლამენტი და მრავალპარტიული ოპოზიციაა, რომელიც პარლამენტში შესვლას არ აპირებს?

- საპარლამენტო არჩევნების შემედეგ ქვეყანაში საკმაოდ რთული სიტუაციაა. აშკარაა, რომ ამ ეტაპზე ოპოზიციისა და ხელისუფლების მოლაპარაკებები ჩიხშია შესული. ბატალიებმა უკანა პლანზე გადაიტანა ისეთი უმნიშვნელოვანესი რეგიონალური მოვლენა, როგორიცაა ყარაბახის მეორე ომი და მისი შედეგები. ორასწლიანი რუსული დომინაციის შემდეგ თურქები კვლავ აღმოჩნდნენ ჩვენს რეგიონში, რაც საგრძნობლად საეჭვოს ხდის რუსების წარმატებას.

ჯერ კიდევ უნდა ველოდეთ ყარაბაღში განვითარებული მოვლენების გამოძახილს ჩრდილო კავკასიაში. რუსული მასმედია უკვე აღნიშნავს თურქების ეკონომიკური გააქტიურების ნიშნებს ამ რეგიონში. ამ სიტუაციაში ჩვენი თანამშრომლობა ევროატლანტიკურ სივრცესთან განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.

ოპოზიციას - მის პასუხისმგებლიან ნაწილს ვგულიხმობ - ბეწვის ხიდზე უწევს გავლა. ცხადია, ამომრჩეველთა ხმები უნდა დავიცვათ. მაგრამ, ამ დაცვას არანაკლებ და ქვეყნის მომავლისათვის, შესაძლოა, უფრო მნიშვნელოვანი რამ არ უნდა შეეწიროს. სწორედ დღეს წყდება, თუ როგორ დალაგდება სამხრეთ კავკასიის გეოპოლიტიკური რუქა და დასავლეთის წარმომადგენელთა მოწოდებები, არჩევნების გაყალბებით უკმაყოფილო ოპოზიცია პარლამენტში შესულიყო, ვფიქრობ, ამასთან იყო დაკავშირებული.

სამწუხაროდ, ოპოზიციის რიტორიკაში რადიკალურმა განწყობებმა იძალა. ერთობლივი კომისიის შექმნაზე უარის თქმას, ჩემი აზრით, არავითარი გამართლება არა აქვს. ამომრჩეველთა ხმების დაცვის კონკრეტული სამართლებრივი პროცედურები არსებობს და სამიტინგო-რევოლუციური დისკურსი სრულიადაც არ არის ყოველდღიური პოლიტიკური ცხოვრების ნორმალური ნაწილი.

არ არის გამორიცხული, ოპოზიციის ბევრ წარმომადგენელს იმდენად არაადექვატური წარმოდგენა ჰქონდა თავის საარჩევნო პერსპექტივაზე, რომ მიღებული შედეგი დიდი ტყუილი ან ცუდი სიზმარი ჰგონია.

არც წინასაარჩევნო გამოკითხვები და არც ეგზიტპოლები არ მეტყველებენ იმაზე, რომ სამართლიანი არჩევნების შემთხვევაში რადიკალურად განსხვავებულ სურათს მივიღებდით.

ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ საარჩევნო დარღვევებს შევეგუოთ. ერთობლივი კომისიის შექმნა და დამნაშავეთა დასჯა ნამდვილად შექმნიდა წინაპირობას, რათა ჩვენი საარჩევნო სისტემა მეთოდურად და თანამიმდევრულად დახვეწილიყო და არც რეგიონალური პროცესებიდან ამოვარდნილიყავით.

სიტყვამ მოიტანა და ოპოზიის ზოგ წარმომადგენელს აშკარად ატყუებს ივანიშვილის გარეგნული უბრალოება და რიტორიკის ხალხურობა. არადა, საქმე აქვთ კაცთან, რომელმაც მთლიანად თავად შექმნა საკუთარი თავი - გავლენიანი მშობლებისა და ნათესავების გარეშე. ის იმ კატეგორიის ადამიანებს განეკუთვნება, ვინც 90-იანების რუსეთში გადარჩა და მეტიც, იმ სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქონება დააგროვა. მოკლედ, ის გაცილებით უფრო სერიოზული მოთამაშეა, ვიდრე ეს სურთ წარმოიდგინონ.

მიიჩნიეს, რომ ერთი "კარგი მიწოლა" საკმარისი იქნება მისი თავიდან მოსაშორებლად. ივანიშვილიც ხანგამოშვებით უქმნის უმწეობის შთაბეჭდილებას და კიდევ და კიდევ აშვებინებს შეცდომებს. არადა, ყველაზე ცუდი ხდება მაშინ, როდესაც არ აფასებ პოლიტიკურ მეტოქეს.

შედეგად კი ის მივიღეთ, რომ დასავლელი პარტნიორებისათვის ხელისუფლების პოზიცია უფრო გასაგებია, ვიდრე ოპოზიციისა. არც ისაა გამორიცხული, რომ ვიღაცეებს იმედი გაუჩნდათ, საქართველოში ბელორუსის არჩევნების შემდგომ სცენარი განიმეორდებოდა. არაფერი ასეთი ბრძოლისათვის ჩვენი საზოგადოების მზაობაზე არ მიუთითებდა.

მთელი საზოგადოებრივი ყურადღება კორონას მეორე ტალღაზე იყო გადართული და ყოველი მცდელობა, ჯანდაცვის სისტემის მიმართ უკმაყოფილება აღეძრათ, საპირისპირო შედეგის მომტანი აღმოჩნდა. გააგრძელეთ კითხვა