ლადო და ანიკო "თვალის თვალში გაყრიდან" მალევე დაქორწინებულან - სიცოცხლეზე შეყვარებული დიდი პოეტი და მისი ცხოვრების სიყვარული - კვირის პალიტრა

ლადო და ანიკო "თვალის თვალში გაყრიდან" მალევე დაქორწინებულან - სიცოცხლეზე შეყვარებული დიდი პოეტი და მისი ცხოვრების სიყვარული

"გაუმარჯოს ზღვას, სიცოცხლეს, პოეზიას და სიყვარულს. გაუმარჯოს ულამაზეს ქვეყანას - საქართველოს. ნახვამდის". - 26 წლისა გარდაიცვალა და თავისი ხანმოკლე ცხოვრებით და შემოქმედებით, ვინ იცის, რამდენჯერ 26 წელიწადი დაიტია... მაინც ყველას დააკლდა. მას კი - განსაკუთრებულად, მას და მათ ერთადერთ ქალიშვილს. და მაინც, ორივეს მუდამ ყველა ეცილებოდა მის სიყვარულში. და ასე იქნება ყოველთვის, რადგან მან თუნდაც იმ 26 წლით სამუდამო ცხოვრება მიიღო. დღეს სამშობლოზე, მეუღლეზე, ქალიშვილზე, მეგობრებზე და... სიცოცხლეზე შეყვარებულ დიდ პოეტს - ლადო ასათიანს გავიხსენებთ.

"...ჰეი, ბავშვობის დღეებო,/ დაბრუნდებოდეთ ნეტავი!"...

ლადო ასათიანის დედ-მამა პედაგოგები იყვნენ, ქუთაისში ჰქონდათ გიმნაზია დამთავრებული. მამა - მელქისედექი (მექი) რუსულის მასწავლებელი იყო, დედა - ლიდა ცქიტიშვილი-ასათიანი ქართულსა და გეოგრაფიას ასწავლიდა. განათლებული ადამიანები იყვნენ და შვილებსაც კარგი განათლება მისცეს - ლადომ საშუალო სკოლა სოფელ ბარდნალაში დაამთავრა და შემდეგ ჯერ ცაგერის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმში ისწავლა, შემდეგ - ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში. მექი ასათიანი პოეტური კაცი ყოფილა. ძალიან უყვარდა გრიგოლ ორბელიანი, შვილებსაც ხშირად უკითხავდა მის ლექსებს და, ალბათ, ამანაც დიდი ზეგავლენა იქონია ლადოზე. დედა - ლიდა კი ძალიან კარგად ქსოვდა და ქარგავდა, თურმე და მისი ნიჭი ლადოს დას - მედიკოს და ქალიშვილს - მანანას გამოჰყვა. ლადო ფიცხი ყოფილა, მისი და-ძმა - გოგიტა (გიორგი) და მედიკო - შედარებით მშვიდები. ლადოს დედა - ლიდა 1937 წელს გადაასახლეს ციმბირში და მალე იქვე გარდაცვლილა, მამაც დაუპატიმრებიათ, მაგრამ გამოუშვიათ. ძმაც ადრე გარდაცვლილა, 19 წლის იყო - ფეხი უტკენია, ძალიან გართულებია და ვერ გადაარჩინეს. ლადოს ქალიშვილს - მანანას არც მამა დაამახსოვრდა და არც ბიძა, რადგან მამის გარდაცვალებისას 3 წლისაც არ იყო, დიდხანს არც ბიძას უცოცხლია. გოგიტა ბიძიას სამახსოვროდ მანანას მხოლოდ წიგნი დარჩენია - "სიმღერა როლანდზე", რომელზეც გოგიტას წაუწერია: "ჩემს მანანას! დაასაფლავეს შენი მამა, ჩემო მანანიკო. რომ გაიზრდები დიდი ქალი, არ დაივიწყო შენი მამიკო. შენი ბიძია გიორგი ასათიანი. 1943 წელი. 26 ივნისი. შაბათი. დილის 10 საათი. თბილისი". მაგრამ გარდაცვალებამდე იყო სიყვარულით, სიხარულით და, ამავე დროს, ტანჯვითა და ტკივილით სავსე სიცოცხლე...

"ლადოს ჭადარი"

ლადოს და მის მეუღლეს - ულამაზეს ანიკო ვაჩნაძეს საოცარი სიყვარული ჰქონიათ. იცით, როგორ გაუცნიათ ერთმანეთი? ეს ამბავი ქალბატონმა მანანა ასათიანმა დედისგან იცოდა და ერთხელ მეც მიამბო: "დედა მწერალთა კავშირში მუშაობდა, მამა კი, თურმე, ახალი ჩამოსული იყო ქუთაისიდან თბილისში და ოპერის პირდაპირ, გაზეთ "ნორჩი ლენინელის" რედაქციაში მუშაობდა. ერთხელაც დედა სამსახურიდან შინ ბრუნდებოდა და რუსთაველზე, მწერალთა თავშეყრის ადგილას - ჭადართან, რომელსაც მერე "ლადოს ჭადარი" უწოდეს, ლადო დაუნახავს. დედამ მითხრა, ერთმანეთს თვალი თვალში გავუყარეთ და რაღაც მნიშვნელოვანი ვიგრძენითო. მეორე დღეს ამხანაგთან ერთად კვლავ იმ გზით წამოსულს, - ჭავჭავაძის ქუჩის ზემოთ ცხოვრობდა და რუსთაველიდან უნდა აეხვია, - იმავე ჭადართან ნიკა აგიაშვილი და ლადო შეუნიშნავს. ნიკა დედას იცნობდა, მისალმებია და, - ანიკო, გაიცანი, ეს ქუთაისიდან ჩამოსული ჩემი მეგობარი, პოეტი ლადო ასათიანიაო, - წარუდგენია. დედას კი საპასუხოდ ლადო თავისი ამხანაგისთვის წარუდგენია: გაიცანი, ეს ქუთაისიდან ჩამოსული ახალგაზრდა პოეტი ლადო ასათიანი ყოფილაო. შინ დაბრუნებულისთვის დედამისს ანუ ჩემს ბებიას უთქვამს, - ერთი, შენი თავი გამათხოვებინაო. თუ გინდა, ხვალვე მოგიყვან სასიძოს. თუ მოგეწონება, ცოლადაც გავყვებიო, - სიცილით უპასუხია დედას. იმ დღეს, ბებიასთან საუბრამდე, თურმე, დედას ლადოსგან სასიყვარულო ბარათიც მიუღია და დაუხევია. არადა, ძალიან ლამაზი წერილი ყოფილა და დედა სიკვდილამდე ნანობდა თავის საქციელს".

ლადო ასათიანი და ანიკო ვაჩნაძე "თვალის თვალში გაყრიდან" მალევე დაქორწინებულან. ხელი თბილისის ერთ-ერთ მმაჩის ბიუროში მოუწერიათ. ბუნებრივია, ჯვარს ვერ დაიწერდნენ. ვერც ქორწილი გადაუხდიათ - გაჭირვებული ცხოვრება იყო და ანიკო ვაჩნაძის დედას შინ პატარა სუფრა გაუშლია. ხელისმოწერა ასე, მოკრძალებულად აღუნიშნავთ. მარცხნიდან მეორე ლადო ასათიანი და ანიკო ვაჩნაძე, ალექსანდრეს ბაღი, 1939 წელი

წყვილი ერთხანს ანიკოს მშობლებთან ცხოვრობდა, შემდეგ მწერალთა კავშირმა ბინა იმჟამინდელ ლენინის მოედანზე (ახლა - თავისუფლების მოედანი) მისცა. ლადოს თავისი წიგნები სასწრაფოდ გადაუტანია იქ, თუმცა მეორე დღეს უთქვამთ, ეს ბინა სასწრაფოდ უნდა დაცალოო. ბინაში მისულს წიგნები აღარ დახვედრია. ბამბუკის თაროზე შემოდებული მხოლოდ 40-მდე წიგნი დარჩენილა, მათ შორის აღმოჩნდა "როლანდის სიმღერაც", წიგნი, რომელიც მანანა ასათიანს მოგვიანებით გოგიტა ბიძიამ უსახსოვრა წარწერით. ლენინის მოედნიდან წყვილი ძერჟინსკის ქუჩაზე გადასულა, პატარა უფანჯრო ოთახში, რომლის ფართობი მხოლოდ 14 კვადრატული მეტრი იყო. დღის სინათლე რომ შესულიყო, ოთახს კარზე მინა ჰქონია ჩასმული.

"ისე გავიდა ეს გაზაფხული.../ მე ერთი სიტყვაც არ მახსოვს შენი./ მე - სიყვარულით ვარ დაზაფრული,/ კიდეც რომ გსურდეს, ვეღარ მიშველი..."

იმხანად ჭლექი ძალიან მოდებულიც იყო და თითქმის განუკურნებელ სენად მიიჩნეოდა. ეს სენი ლადო ასათიანს საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში შეჰყრია. თურმე, ცუდად რომ ხდებოდა, მაშინვე აბასთუმანში მიდიოდა, ცოტათი რომ მოკეთდებდა, მყისვე თბილისში ბრუნდებოდა. იმდენად დიდი სიყვარული ჰქონიათ ანიკოს და ლადოს, რომ უერთმანეთოდ ვერ ჩერდებოდნენ - ან ანიკო იყო აბასთუმანში, ან ლადო გამორბოდა აბასთუმნიდან თბილისში. აბასთუმანში მყოფ ექიმს, წლების შემდეგ - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს ოთარ ბათიაშვილს მოგვიანებით უთქვამს მანანა ასათიანისთვის, - ლადო ავად იყო თბილისით და არა - ჭლექით. ჩვენ აქ წლობით ვცხოვრობდით, ის კი წამდაუწუმ დარბოდა თბილისშიო. იქნებ, ხანგრძლივად და საფუძვლიანად რომ ემკურნალა, დღეს ცოცხალიც ყოფილიყო... საოცარი ადამიანი აღმოჩნდა - სიკვდილი უახლოვდებოდა და, თურმე, ერთხელაც არ დაუწუწუნია...

ანიკო ვაჩნაძე ქალიშვილთან ერთად

"რა დამავიწყებს შენს ლამაზ თვალებს,/ რამ დამავიწყოს ეს ალუბლები!/ იცოდე, როცა სხვას შევიყვარებ,/ ამ სიყვარულზე ვესაუბრები..."

აღმართზე ლადოს სიარული არ შეიძლებოდა, ამიტომ მეუღლემ ამჟამინდელი პარლამენტის პირდაპირ, სასტუმრო "ორიენტში" იქირავა ოთახი. მათი ფანჯარა ლადო გუდიაშვილის სახლს უყურებდა. ერთხელ ლადოს ანიკოსთვის უთქვამს, როგორ მინდა, ჩემი წიგნი ლადომ გააფორმოსო. ანიკოს ეს ამბავი ლადო გუდიაშვილის მეუღლისთვის უთქვამს. პოეტს ოცნება აუსრულდა, მაგრამ მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ. ლადო გუდიაშვილმა ლადო ასათიანის პორტრეტი სურათიდან დახატა და მის წიგნს წაუმძღვარა, მოგვიანებით კი პოეტის ერთტომეულიც გააფორმა. სხვათა შორის, ლადო გუდიაშვილის სწორედ იმ ერთტომეულით შევიყვარე მეც ლადო ასათიანი, ოდესღაც, ბავშვობაში ჩემთვის ძვირფასმა დეიდამ მაჩუქა წარწერით, დეიდა გარდაიცვალა და მისგან ჩემი "ლადო ასათიანი" დამრჩა.

"მე დაჭრილი ვარ უიარაღოდ,/ მე შენს სიყვარულს გამოვექეცი,/ ვერ იტყვი, ჩემზე გული არ აქვსო,/ მე გული მქონდა და შენ მოგეცი..."

ლადო ასათიანმა და ანიკო ვაჩნაძემ 5 წელიწადს იცხოვრეს ერთად. პოეტი 26 წლისა გარდაიცვალა, მისი მუზა - მასავით ახალგაზრდა და ულამაზესი ანიკო ვაჩნაძე-ასათიანი კი დაქვრივდა და 2 წლის გოგონათი ხანგრძლივად იცოცხლა.

ბევრი მთხოვნელიც ჰყავდა და, ალბათ, ბევრსაც უყვარდა, მაგრამ აღარ გათხოვდა... სიცოცხლის ბოლომდე "თვალის თვალში გაყრით" სიყვარულის ერთგული დარჩა.

ანიკო ვაჩნაძე

"...დაუკარით! და იმღერეთ ისე მაგრად,/ რომ ფილტვები გვეტკინოს და დაგვებეროს!/ დაუკარით, რომ ჭაბუკნი ვიყოთ მარად,/ რომ ცხოვრებამ ვერასდროს ვერ დაგვაბეროს!"...

ლადო ასათიანი 1943 წლის 23 ივნისს გარდაიცვალა. იგი მწერალთა კავშირის შენობიდან გამოასვენეს და ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს, 1968 წლის 24 აპრილს კი ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში გადაასვენეს. იმ დღის შესახებაც ქალბატონი მანანას მონათხრობით ვიცი: მაშინ 28 წლის ვიყავი და ის განცდა არასდროს დამავიწყდება - გადმოსვენების ამბავი არ გაგვიხმაურებია და მას მე, დედა, ბიძა - ზაქარია ვაჩნაძე და მამიდა მედიკო დავესწარით. დედას და მამიდას თითქოს თავიდან გაეხსნათ იარა, თითქოს ყველაფერი თავიდან განიცადეს. ჩემთვისაც ძალიან მტკივნეული იყო... და ძალიან ამაღლებულიც. დაკრძალვის შემდეგ შინ გაჩერება ვერ შევძელი და ჩემს მეუღლეს, აწ გარდაცვლილ გივი ჯანიკაშვილს, ნიკა აგიაშვილს, ლადო სულაბერიძესა და მამია ასათიანს "თეთრ დუქანში" წავყევი. ჩვენი პატარა მაგიდის გვერდით დიდი სუფრა იყო გაშლილი და ოცამდე კაცი ქეიფობდა. ბევრი მათგანი შევიცანით კიდეც. მამიას ლადოს გახსენებაზე ცრემლები წამოუვიდა და იმ სუფრის თამადას მისწერა: დღეს ლადო ასათიანი დიდუბის პანთეონში გადავასვენეთო. ადგა ის თამადა და ხმამაღლა გამოაცხადა: დღეს ჩვენი სუფრის თამადა ლადო ასათიანიაო. და ამას მოჰყვა ლადოს პოეზიის საღამო. გავოგნდი, ერთ-ერთმა "ბასიანის ბრძოლა" თავიდან ბოლომდე ზეპირად რომ წაიკითხა... და იმ დღეს პირისპირ პირველად შევხვდი მამას! რომ იცოდეთ, რა ბედნიერი ვიქნებოდი, მას რომ ეცოცხლა და ჩემ გვერდით ყოფილიყოო!

(სპეციალურად საიტისთვის)