"ჩვენ ყოველდღიურად ვაძლიერებთ პრაქტიკულ თანამშრომლობას ნატო-სთან, ყველა რეგიონში რეკრუტირების ცენტრებს შევქმნით" - კვირის პალიტრა

"ჩვენ ყოველდღიურად ვაძლიერებთ პრაქტიკულ თანამშრომლობას ნატო-სთან, ყველა რეგიონში რეკრუტირების ცენტრებს შევქმნით"

თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველო ევროატლანტიკური სივრცის წევრობისკენ მიისწრაფვის.

მან თავდაცვის სამინისტროს 2020 წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე მადლობა გადაუხადა სამხედროებს სხვადასხვა მისიებში შეტანილი წვლილისთვის.

"ჩვენი ქვეყანა, როგორც ევროპული ღირებულებების ერთგული საზოგადოება, მიისწრაფვის ჩვენი გაცხადებული მიზნის მისაღწევად. კერძოდ, ევროატლანტიკური სივრცის წევრობისკენ. ჩვენს სამხედროებს თავიანთი პროფესიონალიზმითა და თავგანწირვით დიდი წვლილი შეაქვთ სამშვიდობო ოპერაციებში, იქნება ეს ავღანეთში "ნატო-ს მტკიცე მხარდაჭრის მისია", თუ ევროკავშირის მისიები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს სამხედროებს საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეტანილი განსაკუთრებული კონტრიბუციისა და თავდადებისთვის", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

თავდაცვის მინისტრმა ნატო-სთან ურთიერთობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან პრაქტიკული თანამშრომლობა ყოველდღიურად ძლიერდება.

"ნატო-სთან ურთიერთობას რაც შეეხება, ჩვენი პოლიტიკა ეფუძნება პრინციპს- "მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატო-ში". ამ კუთხით ჩვენ ყოველდღიურად ვაძლიერებთ ჩვენს პრაქტიკულ თანამშრომლობას ნატო-სთან. წარმატებით მიმდინარეობს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის შესრულება. მოგეხსენებათ, წელს განახლდა აღნიშნული პაკეტი და უფრო გაფართოვდა ის საშუალებები, რომელიც კიდევ უფრო დაგვეხმარება ნატო-სთან თავსებადობის ამაღლებაში. განსაკუთრებით აღსანიშნავია ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი, რომელმაც სულ ახლახან ხელშეკრულება გააფორმა ნატო-ს გაერთიანებული ძალების სასწავლო ცენტრთან და ჩამოყალიბდა ნატო-სთან აფილირებულ ცენტრად", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ჩვენ ვგეგმავთ, ყველა რეგიონში რეკრუტირების ცენტრების შექმნას და მშენებლობას,- ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია საზოგადოებას ჰქონდეს ინფორმაცია ჯარში მიმდინარე პროცესებზე.

"სამხედრო პატრიოტული სულისკვეთების ამაღლება და ყველა სამხედრო სერვისის დროული და ეფექტური მიწოდება მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისთვის, ასევე ინფორმაციაზე წვდომა თუ რა ხდება ჯარში, რა პროცესები მიმდინარეობს.

ჩვენ ვგეგმავთ, ყველა რეგიონში რეკრუტირების ცენტრების შექმნას და მშენებლობას. პანდემიის გამო, სამწუხაროდ, წელს აღნიშნული პროექტის გადადება მოგვიწია, ეს რა თქმა უნდა, დაკავშირებულია სამხედრო სავალდებულო სამსახურთან და იმ მნიშვნელოვან მრავალწლიან გეგმასთან, რომელიც ჩვენ შევიმუშავეთ",-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

"ინტეპრესნიუსი"