კახი კალაძე:"ვისურვებდი ქართული პოლიტიკა ჰგავდეს არა ქაოსს, არამედ ქართულ პოლიფონიას" - კვირის პალიტრა

კახი კალაძე:"ვისურვებდი ქართული პოლიტიკა ჰგავდეს არა ქაოსს, არამედ ქართულ პოლიფონიას"

ვისურვებდი, ქართული პოლიტიკა ჰგავდეს არა ქაოსს, არამედ ქართულ პოლიფონიას, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის საკრებულოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლება და ოპოზიცია ერთად უნდა იდგნენ ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებთან, დესტრუქციაზე ორიენტირებული ნაბიჯები კი ამ ერთსულოვნებას საფრთხეს უქმნის.

"გვერდს ვერ ავუვლით იმ ვითარებას რომელიც პოლიტიკურ სპექტრში არსებობს. სამწუხაროდ, ეს არის დაპირისპირებაზე აგებული პოლიტიკური სპექტრი, რადიკალური ძალებით სავსე ოპოზიცია, რაც ძალიან ცუდია და სახელმწიფოსთვის არ არის სასარგებლო. გასული თვეების განმავლობაში ოპოზიციის მხრიდან მოდელირებული გაყალბების ქრონიკა და აბსოლუტურად უპასუხისმგებლო ნაბიჯები ვიხილეთ, რომელიც ჩვენს სახელმწიფოს და არა რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას აზიანებს.

"ქართულმა ოცნებამ" განვაცხადეთ, რომ მზად ვიყავით შემხვედრი ნაბიჯები გადაგვედგა და ოპოზიციის მოთხოვნებზე რეაგირება მოგვეხდინა, თუმცა მათი მხრიდან ისევ უარი, დესტრუქცია და შეურაცხყოფა მივიღეთ.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ყველამ აღიარა გარდა ქართული ოპოზიციისა. ისინი ეწინააღმდეგებიან საქართველოს მოქალაქეებს, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს, ავტორიტეტულ ორგანიზაციებს და ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებს. ჩვენ ერთად უნდა ვიდგეთ ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებთან, დესტრუქციაზე ორიენტირებული ნაბიჯები კი ამ ერთსულოვნებას საფრთხეს უქმნის. ვისურვებდი, რომ ახალი 2021 წელი ყოფილიყოს მშვიდობის ჯანმრთელობის ერთმანეთის სიყვარულისა და გაერთიანების წელი. ვისურვებდი ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის გაერთიანება შეგვძლებოდეს მიუხედავად იმისა, თუ როგორი განსხვავებული პოზიციებიც არ უნდა გვქონდეს. ქართულ კულტურაში განსხვავებულობის ერთობით საერთო ჰარმონიის შექმნის უდიდესი ტრადიცია ათასწლეულებია არსებობს - ვისურვებდი, რომ ქართული პოლიფონიის, მრავალჟამიერის მსგავსად პოლიტიკაშიც შეგვეძლოს განსხვავებული აზრების მიუხედავად საერთო საქმის კეთება. ვისურვებდი ქართული პოლიტიკა ჰგავდეს არა ქაოსს, არამედ ქართულ პოლიფონიას", - აღნიშნა კახა კალაძემ.

"ინტერპრესნიუსი"