"დედა სულ იმეორებდა, ზურას მოკლავენო. ვამშვიდებდი, ზურა ახლა სჭირდებათ და ვინ მოკლავს-მეთქი, მაგრამ მაინც მოხდა ის, რისიც გვეშინოდა"
"მაღიზიანებდა წრე, რომელთანაც ზურას ურთიერთობა უწევდა. ვხედავდი, რომ ისინი მხოლოდ თავიანთ მდგომარეობასა და ფულზე იყვნენ დახარბებული. გარდა ამისა, ათასი სიბინძურე და ჭორი ვრცელდებოდა ზურას შესახებ, რაც ოჯახისთვის მძიმე დარტყმა იყო..."
2020 წლის 4 დეკემბერს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას დედა, რემა ჟვანია გარდაიცვალა. ის არასდროს საუბრობდა ჟურნალისტებთან, მით უფრო, შვილის სიკვდილის გამოუძიებელ საქმეზე, მოუშუშებელ ტკივილსა და შეუხორცებელ ჭრილობაზე. თუმცა წუთითაც არ ეპარებოდა ეჭვი, რომ ზურაბ ჟვანია მოკლეს. შეიძლება ითქვას, ერთადერთი ინტერვიუ (რომელიც 6 საათს გაგრძელდა) "კვირის პალიტრის" ჟურნალისტს, მე, ეკა ასათიანს მომცა, თუმცა მისივე თხოვნით სრულად არასდროს დაბეჭდილა - ნაწილი გაზეთში გამოქვეყნდა, ნაწილი კი წიგნში "წერილები ზურაზე". დიდი დარდი გაიყოლა ქალბატონმა რემამ, რომელიც ისეთი არაჩვეულებრივი ადამიანი იყო, იმდენად სათნო, ყურადღებიანი, სხვების სულსა, ფიქრსა თუ გონებაში ჩამწვდომი, რომ მსგავსი იშვიათია... ამას ყველა აღიარებს, ვინც ქალბატონ რემას იცნობდა და ისიც მუდამ სალაპარაკო და საარაკოა, თუ როგორ უყვარდა მას საქართველო, ოჯახი, მეუღლე და რა ღირებულებებით აღზარდა შვილები.
კიდევ ერთხელ ვეწვიე შარტავას ქუჩის 18ა-ს, სადაც ქალბატონი რემა ცხოვრობდა და დაკეტილი ბინა მისმა უმცროსმა ვაჟმა, გოგლა ჟვანიამ გაგვიხსნა და ისევ ვისაუბრეთ ქალბატონ რემაზე.
გოგლა ჟვანია: - ამ ბინაში გაატარა დედაჩემმა მთელი ცხოვრება. ეს არის ეზო, სადაც დედაჩემის დაბადებიდან ორ წელიწადში, 1935 წელს, სამი სახლი აშენდა. აქ ცხოვრობდნენ ექიმები, მეცნიერები, ხელოვანები.... შესანიშნავი გარემო იყო ურთიერთობებისთვის, რაც მოგეხსენებათ, აყალიბებს ადამიანს. დედაჩემი 1933 წელს დაიბადა და ასე დაიწყო მისი რთული და საინტერესო ცხოვრება. ერთი წლისა იყო, როცა მამა გარდაეცვალა. რემა ერთადერთი შვილი იყო. შეიძლება ითქვას, ემიგრანტების ოჯახში დაიბადა, დედ-მამა თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე, ყარსის მიდამოებში იყვნენ დაბადებული და ნიკოლოზის დროს გადმოსახლდნენ საქართველოში, მე-20 საუკუნის დასაწყისში. სკოლაც რუსული დაამთავრა დედაჩემმა, მაგრამ აბსოლუტურად ქართული ცნობიერება ჩამოუყალიბდა.
- ვიცით, რომ ამაში განსაკუთრებული წვლილი მამათქვენს, ბუსა ჟვანიას მიუძღვის.
- კი, ნამდვილად, ბუსამ შეაყვარა და სისხლით ხორცამდე აგრძნობინა ქართველობა. მათ შორის დიდი პატივისცემა, მეგობრობა იყო. სხვათა შორის, ძალიან საინტერესო სიტუაცია გვქონდა ოჯახში - ბებია, დედაჩემის დედა, რომელმაც რემა გაზარდა, ათეისტი იყო. ამავე დროს გახლდათ ძალიან წესიერი კომუნისტი, რომელსაც გულწრფელად სჯეროდა საბჭოთა იდეოლოგიის და მთელი ცხოვრება ემსახურებოდა ამ რწმენას. მამას კი სძაგდა ბოლშევიზმი, რის გამოც ხშირად კამათს შევსწრებივართ. მამის მხრიდან ჩემი ერთადერთი ბიძა 1924 წლის აჯანყების მონაწილე იყო, ბოლშევიკებმა გადაწვეს ჩვენი სახლი ლეჩხუმში და კომუნისტებისადმი მამის დამოკიდებულება, ჩვენთვის, ბავშვებისთვის, სრულიად გასაგები იყო.
მე ბებიას გაზრდილი ვარ, ყველაზე მეტი დრო სწორედ ჩემს ებრაელ ბებიასთან მაქვს გატარებული, რომელიც როგორც მოგახსენეთ, ათეისტი იყო. თავის დროზე არც დედაჩემი იყო მორწმუნე. მას ღვთის რწმენა ცხოვრების გარდამტეხ პერიოდში გაუჩნდა, ძალიან დრამატულ ვითარებაში. ზურა ათი წლის იყო, როცა ბარძაყის ძვლის დაშლა დაეწყო. ეს სიმსივნე იყო! მაშინ 5 წლისა ვიყავი და ვერ ვაცნობიერებდი, რატომ იყო დედაჩემი ხშირად თვალცრემლიანი. ეს ძალიან დიდხანს გრძელდებოდა. ბოლოს ლოკალური დაზიანება დაუდგინდა და ზურას ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრებოდა. ოთხი ოპერაცია დასჭირდა და დიდხანს ფეხი თაბაშირში ჰქონდა. ზურა გადარჩა და მაშინ იწამა დედამ ღმერთი. როგორც წესი, გასაჭირის დროს მეტად უახლოვდები უფალს...
მაშინ შერეულ ოჯახებს ბავშვები რუსულ სკოლაში შეჰყავდათ, რემამ, რასაკვირველია, ქართულში შეგვიყვანა. მიაჩნდა, რომ ეს საქართველოა და არა საბჭოთა კავშირი. ზურას ოცნება ბავშვობიდან საქართველოს დამოუკიდებლობა იყო და მეც მის გავლენას განვიცდიდი, იმავეზე ვოცნებობდი. შემდეგ ზურას პოლიტიკური საქმიანობა ამ მთავარ ოცნებას უკავშირდებოდა, რომ გვეცხოვრა დამოუკიდებელ, ნორმალურ ქვეყანაში, სადაც შევძლებდით საკუთარი ადგილის პოვნას.
- თქვენ და ზურა მაინც განსხვავებული ძმები იყავით, დედასთან დამოკიდებულებაც განსხვავებული გქონდათ?
- ზურა ჩემზე ბევრად ემოციური იყო, თუმცა საზოგადოების წინაშე გაწონასწორებული ჩანდა. არადა, ფეთქებადი ხასიათიც ჰქონდა. მე პირიქით, უფრო გაწონასწორებული ვარ, ნელ-ნელა და თანდათან ვბრაზდები...
- ქალბატონი რემაც ამბობდა, ზურა გაბრაზდებოდა რაღაცაზე, აფეთქდებოდა და ხუთ წუთში ბოდიშს მიხდიდაო.
- კი, ასეთი იყო ზურა. ჩვენი საუბრებიც მწვავე გახდა, როცა პოლიტიკაში წავიდა, დღევანდელი გადასახედიდან კი სწორად აკეთებდა ყველაფერს. ხშირად ცხარე კამათი გვქონია.
- რაზე კამათობდით?
- მე მაღიზიანებდა წრე, რომელთანაც მას ურთიერთობა უწევდა. ვხედავდი, რომ ისინი მხოლოდ თავიანთ მდგომარეობასა და ფულზე იყვნენ დახარბებული და ჩემთვის ძნელი ასატანი იყო. ამას დედაც განიცდიდა. გარდა ამისა, ათასი სიბინძურე და ჭორი ვრცელდებოდა ზურას შესახებ, რაც ოჯახსთვის მძიმე დარტყმა იყო.
- ესე იგი, ოჯახში ნანობდით, რომ ზურამ პოლიტიკაში ჩართვა გადაწყვიტა? - პოლიტიკა ძალიან ბინძურია და ის საქართველოში დღესაც ასეთია. ამისთვის გვენანებოდა ადამიანური ღირებულებებით და სულ სხვა ფასეულობებით აღზრდილი ზურა, რომელსაც ბავშვობის ოცნების ასრულება სურდა. თუმცა გვიხაროდა მისი წარმატება, დედას კი გამუდმებით ეშინოდა, რომ ზურა არ მოეკლათ... იყო ანონიმური ზარი, გაფრთხილება, რომ ზურას მოკლავდნენ. ზურა მაინც დიდ საქმეებს აკეთებდა და გამარჯვებული გამოდიოდა სიტუაციებიდან. ქვეყანა, პრაქტიკულად, წუმპიდან ამოჰყავდა, რაშიც ბევრი ხელის შემშლელი ჰყავდა. საბოლოოდ შეუშალეს კიდეც ხელი და სულ სხვა გზით წავიდა ქვეყანა. ახლა ის ნამდვილად არ ჰგავს იმას, რაზეც ბავშვობაში ვოცნებობდით. აი, აქედან გამომდინარეობდა დედაჩემის შიშიც. თუმცა ეამაყებოდა, რომ ზურა იყო პერსონა, ვინც ძლიერ პარლამენტს ჩაუყარა საფუძველი.
რეალურად 1995 წლიდან დაიწყო პარლამენტის შექმნა და საქართველო მოწინავე გახდა ამ საქმეში. ამას აღიარებს მსოფლიო და ამიტომაც გაუხსნეს ზურას სტრასბურგში ვარსკვლავი, რაც ღირსშესანიშნავი მოვლენაა ჩვენისთანა ქვეყნისთვისაც და მისი შვილისთვისაც. როცა ევროპარლამენტში ჩასვლა მომიხდა, იქ პირად საუბრებში ევროპარლამენტარები დიდ პატივისცემას და ყურადღებას იჩენდნენ, რადგან ზურაბ ჟვანიას ძმა ვიყავი, მიყვებოდნენ მასზე ამბებს. ეს ძალიან სასიამოვნო იყო.
"ვარდების რევოლუცია" და შემდეგი ერთი წელი უცნაური პერიოდი იყო. ზურა პრემიერ-მინისტრი გახდა და ჩაიბარა ქვეყნის ეკონომიკა, რომელიც მაშინ არ არსებობდა. იმ მოკლე პერიოდმა დაგვანახა, რამდენი რამის გაკეთება შეიძლება ერთ წელიწადში. ყველაზე საოცარი ის იყო, რომ ხალხმა დაიწყო პენსიების და ხელფასების აღება. ხელისუფლებამ დაიწყო ვალების გასტუმრება და პენსიების გაზრდაც გახდა შესაძლებელი... მაგრამ შიში, რომ ზურას რაღაცას მოუწყობდნენ და არ დააცლიდნენ, მაინც გვქონდა. მით უმეტეს, დედაჩემს. სულ იმეორებდა, ზურას მოკლავენ, ზურას მოკლავენო. ვამშვიდებდი, ზურა ახლა სჭირდებათ და ვინ მოკლავს-მეთქი, მაგრამ მაინც მოხდა ის, რისიც გვეშინოდა. ამან სრულიად შეცვალა ჩვენი ცხოვრება. ჩვენს ცხოვრებას ვინ ჩივის, მთელი ქვეყნის ცხოვრებაც. საოცარი რამ გააკეთეს ეკლესიის წარმომადგენლებმა იმ პერიოდში, როცა სულიერად ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვიყავით. განსაკუთრებით ზურას მოძღვარმა მეუფე დანიელმა, მონაზვნებმა და სხვა სასულიერო პირებმა გამოგვიყვანეს იმ ურთულესი პერიოდიდან. დაგვატარებდნენ სხვადასხვა მონასტერში და აღასრულებდნენ წირვებს, პანაშვიდებს ზურას სახელზე. დედა კიდევ უფრო მორწმუნე გახდა და მისმა რწმენამ ამჯერად უფრო კანონიკური სახე მიიღო.
- ქალბატონ რემას წუთითაც არ შეჰპარვია ეჭვი, რომ ზურა მოკლეს, თუმცა ამაზე საჯაროდ არასდროს საუბრობდა. რატომ?
- იმიტომ, რომ დედას მე ვყავდი, ის არ იყო მარტო, როგორც ირინა ენუქიძე. მე თავიდანვე ჩავერთე პროცესში, გავეცანი გამოძიების მასალებს, თავადაც დავიწყე კვლევა და ყოველი ახალი ინფორმაციის მიღებისას დედას ვაცნობდი. გარდა ამისა, დედა ბუნებით სხვა ადამიანი იყო, პროფესიით ფიზიკოსი, პრაგმატული პერსონა და სიზუსტე უყვარდა. მისთვის ძალიან რთული იქნებოდა საჯარო სივრცეში ლაპარაკი. ეს ჭრილობის განახლებისა და გამუდმებით ჩიჩქნის ტოლფასი იყო.
ჟურნალისტებთან განუწყვეტლივ ურთიერთობა ჩემთვისაც რთული აღმოჩნდა და როგორი შეიძლებოდა ის ყოფილიყო დედისთვის?!
- ვიცი, ამბობდა, ზურას საქმე 20-30 წლის განმავლობაში არ გაიხსნება და შესაძლოა მეტიც დასჭირდესო. რომელიმე ეტაპზე საქმის გახსნის იმედი თუ მიეცა?
- კი, როცა ხელისუფლება შეიცვალა, 2012 წელს. მაშინ არჩილ კბილაშვილი იყო მთავარი პროკურორი, რომელმაც საქმეს კარგი გამომძიებელი დაუნიშნა. მერე რაღაცები შეიცვალა - ჯერ კბილაშვილი მოხსნეს, მერე ის გამომძიებელი თანდათან ჩააჩოჩეს. უცნაური პროცესები დაიწყო პროკურატურაში და საქმეც გაჩერდა.
- რატომ, რა მოხდა?
- ჰკითხეთ მათ, ვინც დღეს ხელისუფლებაში არიან, მე ამაზე საუბარი არ მინდა. აზრი არა აქვს. ხელისუფლება არ არის დაინტერესებული ამ საქმის გამოძიებით.
- ქალბატონი რემა რით გარდაიცვალა?
- დედა 17 წელი იყო დიალიზზე დამოკიდებული და ექიმებს უკვირდათ, ამდენ ხანს რომ იცოცხლა. ბოლოს მოწადინებული იყო, რომ საქართველოდან წავსულიყავით და წავედით კიდეც ზაფხულში. როცა მივდიოდი, ვგრძნობდი, უკანასკნელად ვხედავდი, თუმცა ჩამოვუსწარი... რომ ჩამოვედი, სამ დღეში გარდაიცვალა, უკვე ძალიან დასუსტებული იყო. დედა სრულიად მომზადებული შეხვდა სიკვდილს, ეკლესიურად... ეზიარა კიდეც. გრძნობდა, რომ წინ იყო მთავარი ფინალი და ასე წავიდა ზურასთან.
დეკემბერი, ცოტა არ იყოს, საკრალური თვეა ჩვენთვის. მამა, ბუსა ჟვანია, 1-ლ დეკემბერს გარდაიცვალა. 4 დეკემბერს - დედა, 9 დეკემბერს კი ზურას დაბადების დღე იყო...
ფეხდაფეხ შემოვლილი საქართველო
ქალბატონი რემა წიგნში "წერილები ზურაზე" იგონებდა: "ზურას სიყვარულს სამშობლოსადმი, ალბათ, ისიც განაპირობებდა, რომ საქართველოს ყველა კუთხე ფეხით ჰქონდა შემოვლილი, რასაც საფუძველი მამამისმა ჩაუყარა. მე თბილისში გავიზარდე, სოფელი თვალით არ მენახა. ეტყობა, ბუსამ გადაწყვიტა ამ ხარვეზის"გამოსწორება და ულამაზესი ადგილები სულ ფეხით შემომატარა. ჩვენი ცხოვრების წესად იქცა, ყოველ შაბათს ან კვირას ქალაქგარეთ გასვლა... მახსოვს, შატილში ყოფნისას ერთი უზარმაზარი ქვა მოგვეწონა. საოცრად ლამაზი იყო, ბუსამ ზურგით ატარა, თბილისშიც ჩამოვიტანეთ და დღემდე სახლში გვაქვს. შატილიდან მუცოში წასვლა გადავწყვიტეთ, რაც არც ისე იოლი აღმოჩნდა. იქამდე გზად მრავალი წვრილი ბილიკი და ბევრი ხიდია გადასასვლელი. ზურგჩანთები, საძილე ტომრები... იმდენი ბარგი გვქონდა, ფეხით სიარული ძალიან გვიჭირდა, თან პატარა ძაღლიც მიგვყავდა. ბუსამ ვირის დაქირავება გადაწყვიტა. შატილში ერთი ოჯახი სიამოვნებით დაგვეხმარა და, თანაც უანგაროდ, ოღონდ ვირი თავისი ჩოჩრით გამოგვაყოლა. ცხადია, ვირი ჩოჩორს არ დატოვებდა და გზიდან მაინც უკან დაბრუნდებოდა. ბავშვებს კი ჩოჩრის წამოყვანა უფრო გაუხარდათ, ეფერებოდნენ, ხტოდნენ, ყირაზე გადადიოდნენ. ამ დროს დაიწყო კოკისპირული წვიმა, ჩვენ კი ფიცრებიან ხიდზე გადავდიოდით. ფეხი საშინლად გვისრიალებდა, უეცრად ჩოჩორი წინ გავარდა, სახედარი მას დაედევნა, ფეხი აუცურდა და ვხედავთ, წყალში ტვირთიანად ვარდება... მივცვივდით და ვექაჩებით, მაგრამ ვერ ვქაჩავთ. ამ დროს "ჭკუის კოლოფმა" გოგლამ მოიფიქრა, საიდანღაც დიდი კეტი მოიტანა და ვირს ქვემოთ ბერკეტივით შეუცურა. ძლივს გამოვათრიეთ საცოდავი ცხოველი. იმ დროს ბუსა, მე და ზურა ერთად ვექაჩებოდით სახედარს. ალბათ, ძალიან სახალისო სანახავები ვიყავით. ვირი რომ დაღუპულიყო, რა პასუხი უნდა გაგვეცა მისი პატრონისთვის"