"პროფესი­ით ქირურგი ვარ, 7 წელი ვისწავლე, ოპერაციებზეც ვიდექი ქირურგის ასისტენტად, მაგრამ ერთ დღეს მივხვდი, რომ..." - კვირის პალიტრა

"პროფესი­ით ქირურგი ვარ, 7 წელი ვისწავლე, ოპერაციებზეც ვიდექი ქირურგის ასისტენტად, მაგრამ ერთ დღეს მივხვდი, რომ..."

"მეც ვიყავი მარიხუანას მომხმარებელი, როცა მეცალა გართობისთვის"

ახალ წელს "გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე იუბილარია. უყვარს ეს დღე, იმიტომ, რომ ორ დღესასწაულს ერთად აღნიშნავს და მთელ დროს ოჯახის წევრებს უთმობს. ამბობს, რომ მის ცხოვრებაში ბევრი მნიშვნელოვანი მომენტია და ყველა ოჯახს უკავშირდება. სიამოვნებით იგონებს იმ დროს, როცა შეყვარებული იყო და გოგონა, რომელიც ახლა მისი მეუღლეა, მისი ცხოვრების განუყრელი ნაწილი გახდა. ყველაზე ლამაზად ის დღე ახსენდება, როცა ამ გოგონას პირველად შეხვდა. ფიქრობს, რომ შვილებისთვის, ერთი ქალიშვილისა და ერთი ვაჟისთვის, მეგობრული და მზრუნველი მამაა. 2021 წელს ძველებური ხალისითა და განწყობით ვერ ხვდება, ცოლ-შვილისთვის ჯერ საჩუქრების ყიდვაც ვერ მოახერხა, მაგრამ იმედოვნებს, რომ მოახერხებს და ოჯახს გაახარებს.

- დიდი ოპტიმიზმითა და იმედით ვერ ვხვდები ახალ წელს. რთული წელი გველოდება როგორც ეკონომიკურად, ისე პოლიტიკურად. თუმცა მთავარია, იმედი და ბრძოლის უნარი არ დავკარგოთ, არაფერია, ვიბრძოლებთ უკეთესი მომავლისთვის!

- მამაკაცებს სჩვევიათ საახალწლო სამზადისში ჩართვა. თქვენ თუ ეხმარებით მეუღლეს რომელიმე კერძის მომზადებაში? - არა. ბავშვობაში ვცდილობდი რაღაცებს და დედას და ბებიას უხაროდათ. ზოგჯერ ნაძვის მორთვაში ვმონაწილეობ.

- გია ხუხაშვილმა თქვა, ორი "გირჩის" ბლოკი საბოლოოდ ნაძვის ხე გამოვაო. შეიძლება ძველ თანამებრძოლებს შეურიგდეთ? - არა. გამორიცხულია!

- ძალიან ხართ ნაწყენი? - არა, უბრალოდ, ჩვენი გზები გაიყო.

- იდეოლოგიაც შეიცვალა? - იდეოლოგია ორივეს იგივე დაგვრჩა. ახლა კონკურენცია გადაწყვეტს ყველაფერს.

- მართალია, ძველი "გირჩი" ძველ თანამებრძოლებს დაუთმეთ და ახლის შექმნა დაიწყეთ, მაგრამ ეს პარტია თქვენ დააფუძნეთ ზურა ხაჩიძესთან ერთად. "გირჩი" რატომ დაარქვით? - თავის დროზე, როცა მე და ზურა ხაჩიძე პარტიის სახელზე ვფიქრობდით, არჩევნის წინაშე დავდექით - ან უნდა დაგვერქმია რომელიმე კლასიკური სახელი ყველა სხვა პოლიტიკური პარტიის მსგავსად, ან რაიმე ორიგინალური მოგვეფიქრებინა, რაც სწრაფად გახდებოდა პოპულარული. 2015 წლის დასაწყისი იყო, უკვე 240 პარტია იყო რეგისტრირებული და ყველა საინტერესო სლოგანი ათვისებული ჰქონდათ. გარდა ამისა, ჩვეულებრივი სახელი რომ დაგვერქმია, შემდეგ რეკლამისთვის ბევრი ფული დაგვჭირდებოდა. "გირჩის" იდეა გოგა ხაჩიძეს ეკუთვნის. როცა პარტიისთვის სახელის დარქმევაზე ვმსჯელობდით, გოგა ხელში პატარა გირჩს ათამაშებდა და უცებ თქვა, მოდი, "გირჩი" დავარქვათო. მერე ერთი თვე კიდევ ვიფიქრეთ სხვა სახელზე და უკეთესი რომ ვერაფერი მოვიფიქრეთ, ეს დავტოვეთ.

- თითქოს თავიდან უფრო ეპატაჟური იყავით, ახლა კი დასერიოზულდით. - სულაც არა. უბრალოდ, ახლა პოლიტიკური პროცესი ისეთია, ჩემი ეპატაჟურობა უადგილო იქნება. როგორც კი სიტუაცია საშუალებას მომცემს, ისევ ეპატაჟური გავხდები.

- იქნებ ნანობთ რაიმეს? - მიუხედავად იმისა, ბევრ რამეზე ვთქვი, ჯობდა სხვაგვარად გამეკეთებინა-მეთქი, ვფიქრობ, ყველაფერი გამოცდილება იყო. მომავალში გადაწყვეტილებებს ძველი შეცდომების გათვალისწინებით მივიღებ.

- სოფელ ატოცში საოკუპაციო ხაზთან თქვენ ერთგვარი პერფორმანსი გამართეთ. რაც გააკეთეთ, ამან რა გამოცდილება მოგცათ? - პოლიტიკური პიარისთვის ეს მართლა შეცდომა იყო, თუმცა რუსი ოკუპანტები იქიდან დურბინდებით იყურებოდნენ. ნამდვილად იყვნენ ამის ღირსი.

- იმიჯიც შეიცვალეთ... - თმა გამცვივდა და ამიტომ გადავწყვიტე იმიჯის შეცვლა - თავი გადავიპარსე, წვერი მოვუშვი და ჩემი თავი ასე უფრო მომეწონა. თმა რომ შემრჩენოდა, შეიძლება სხვა ვერსიაც მომესინჯა, მაგრამ ახლა ამას ვჯერდები.

- ზაფხულში ტელეეთერში შორტით რატომ დადიოდით? - ზაფხულში ცხელა. ქუჩაში თუ დავდივარ შორტით, ტელეეთერში რატომ არ უნდა მივიდე?

- გასაბერი ეკლესიის გაკეთება რატომ მოინდომეთ? - მოვინდომეთ, მაგრამ გადავიფიქრეთ.

- ეს კი გადაიფიქრეთ, მაგრამ რელიგიაზე დაფუძნებული ახალი ორგანიზაცია შექმენით, რომლის საშუალებითაც ახალგაზრდების ჯარიდან "დახსნას" ცდილობდით. - იმიტომ, რომ ქართული ჯარი ჩვეულებრივი ერთწლიანი მონობაა და არანაირი კავშირი არა აქვს ქვეყნის თავდაცვასთან. არაეფექტური და ხარჯიანია. ჩვენ გვჭირდება ნამდვილი თავდაცვა, თანამედროვე ტექნოლოგიებითა და კარგად მომზადებული ჯარისკაცებით. ერთი წელი რომ ახალგაზრდას "ვიშკაზე" დააყენებ, მისგან ბრძოლისუნარიან ჯარისკაცს ვერ ჩამოაყალიბებ.

- მართლა ფიქრობთ, რომ ახალგაზრდებს მარიხუანაზე ან სხვა ნარკოტიკულ საშუალებაზე ხელი უნდა მიუწვდებოდეთ? თუ ესეც პოპულარობის მოპოვების მიზნით დასახული სტრატეგია იყო? - არა, მართლა ვფიქრობ. ჩვენს ქვეყანაში არაადამიანური ნარკოპოლიტიკაა. პოლიციელების საქმე არ არის ადამიანების დევნა იმისთვის, რომ მარიხუანა არ მოიხმარონ. არყის, ღვინის ან სიგარეტის მოხმარების გამო პოლიცია ხომ არავის დასდევს? ადამიანი თავისუფალი უნდა იყოს და სახელმწიფო არ უნდა უწესებდეს, როგორ მოექცევა თავს. თუ უნდა მოსწიოს, თუ უნდა დალიოს. მისი თავისუფლება მხოლოდ იქ უნდა იზღუდებოდეს, სადაც სხვისი უფლებების შელახვა იწყება.

- თქვენი ოჯახის წევრებმა რომ მოიხმარონ მარიხუანა, მაშინაც იტყვით, როგორც უნდათ, ისე მოიქცნენო? - არა, ეს ნამდვილად არ გამიხარდება, მაგრამ არც პოლიციაში დავასმენ. ვეცდები საუბრით ავუხსნა ყველაფერი.

- სოციალურ ქსელში ნასვამი ადამიანების ფოტოებს ხშირად სტატუსად უწერენ, რომ "გირჩის" ამომრჩეველია. ეს არ გწყინთ? - სულ არ ვდარდობ ამაზე. უამრავი პარტიის ამომრჩეველი კი არა, თავად წარმომადგენელი მინახავს ნასვამი ბევრ სიტუაციაში, მათ შორის ტელეეთერშიც.

- თავად თუ ხართ მარიხუანას მომხმარებელი? - კი, ვიყავი მომხმარებელი, როცა გართობისთვის მეცალა. ახლა მაგისთვის აღარ მცალია.

- პოლიტიკოს კოლეგებთან ერთად თუ მოგიწევიათ? - უჰ, ძალიან ბევრთან ერთად (იცინის). ახლა მათი სახელები არ მკითხოთ.

- თავის დროზე "ნაციონალურ მოძრაობაში" როგორ მოხვდით? - "ტაბულაში" ვწერდი სტატიებს. მერე ტელევიზიებში მიწვევდნენ, ექსპერტს თუ ანალიტიკოსს მეძახდნენ. ეკონომიკურ თემებზე ვლაპარაკობდი. მერე კახა ბენდუქიძემ მითხრა, რომ შეიძლება პოლიტიკა ჩემთვის საინტერესო სფერო ყოფილიყო. დავინტერესდი და ასე აღმოვჩნდი "ნაცმოძრაობაში", თუმცა ის არ დამხვდა, რაც მინდოდა, მაგრამ ტრამპლინი კი აღმოჩნდა...

- ამბობთ, ეკონომიკურ თემებზე ვლაპარაკობდიო. ეს თქვენი პროფესია არ არის? - არა, უბრალოდ, ეკონომიკა მაინტერესებს და ბევრს ვკითხულობ. პროფესიით ქირურგი ვარ. 7 წელი ვისწავლე, ოპერაციებზეც ვიდექი ქირურგის ასისტენტად, მაგრამ ერთ დღეს მივხვდი, რომ ეს პროფესია აღარ მაინტერესებდა.

- ბოლოდროინდელ პოლიტიკურ მოვლენებზე უკვე არაერთხელ ვისაუბრეთ. ბოლოს მითხარით, თუ ხელისუფლებისა და ოპოზიციის დიალოგი ვერ შედგება, საპროტესტო აქციების სხვადასხვა ფორმას მოვიფიქრებო. ისევ ეპატაჟურ ვერსიებს უნდა ველოდოთ? - თუ მოლაპარაკება ვერ შედგა და პარლამენტს გარეთ დავრჩებით, აბა, რას ვიზამთ.

ხათუნა ბახტურიძე